პუტინის სისხლიანი კაპრიზი უკრაინაში
რუსეთის ლიდერის სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმამ მის წინააღმდეგ არა მხოლოდ დასავლეთი გააერთიანა, არამედ თავად უკრაინაც — წერს The New Yorker.
ომის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა კრემლიდან მწვავე და ილუზიებით სავსე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ უკრაინა არ არის ერი და რომ უკრაინელები არ არიან ხალხი. ამას მალევე მოჰყვა ბრძანება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ. ოპერაციის მთავარ მიზნად ორმოცმილიონიანი "არარეალური" ხალხის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოცხადდა — იმ ხალხის, რომლის მთავრობა იმდენად "პრონაცისტურია", რომ მას ებრაელი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ხმების 70%-ით აირჩიეს.
პუტინი — როგორც სხვა დიქტატორები, რომლებიც ქვეყანას ავტორიტარულ რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში მართავენ — დროის სვლასთან ერთად მეტად სიძულვილით სავსე, იზოლირებული, შემზღუდავი, დაუნდობელი გახდა. ის უჰაერო პოლიტიკურ გარემოში მოქმედებს და სრულიად თავისუფალია თავისი მოსაზრებების საწინააღმდეგო რჩევებისგან. მისი თეატრალური დადგმა — ექვსმეტრიან მაგიდასთან უცხოელი სტუმრების დასმა, უშიშროების საბჭოს წევრების კამერების წინ სახალხოდ დაცინვა — ნების ტრიუმფისა და დიდი დიქტატორის შერწყმაა.
თუმცა კრემლის კედლებში გათამაშებულ ამ სპექტაკლში კომიკური არაფერია. პუტინი უკრაინაში სისხლს ღვრის და ევროპას დესტაბილიზაციით ემუქრება — ამ დროს თავად რუსებიც აღუწერელი დანაკლისის წინაშე დგანან. რუბლი და რუსული საფონდო ბირჟის ინდექსი უფსკრულშია. მაგრამ პუტინს ეს არ აინტერესებს. მისი ყურადღება იმ საკითხებზეა მიმართული, რომლებიც მისი ხალხის კეთილდღეობაზე გაცილებით "დიდებულია". მის განკარგულებაში ევროპაში ყველაზე დიდი არმია და — როგორც სამყაროს უკვე შეახსენა — ატომური იარაღის მთელი არსენალია. მის წარმოდგენებში, ეს მისი დროა, მისი ტრიუმფალური ისტორიული დრამაა და ამ "დიად მიზანთან" შედარებით, წყალსაც წაუღია დანაკარგები.
პუტინის ოფიციალური მედიასაშუალებები ექოსავით იმეორებენ მის მტკიცებას, თითქოს რუსული არმიის მისია უკრაინაში უკრაინელების მიერ რუსულენოვანი ხალხის წინააღმდეგ მიმართული "გენოციდის" შეჩერებაა. ტყუილებისა და რეალობის გადაკეთების ტაქტიკების იარაღად ქცევა მსოფლიოს ისტორიისთვის სიახლე სრულიადაც არ არის.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმა შერცხვენილმა გერმანელმა რეაქციონერმა და სამხედრო ლიდერმა გამოაცხადა, რომ ბრძოლის ველზე კი არ დამარცხებულან, არამედ ორგულმა მემარცხენეებმა, ინტრიგების მხლართავმა პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით ებრაელებმა იარაღის საწარმოებში მუშათა აჯანყებები გამოიწვიეს, რამაც ომის ბედი შემოატრიალა. ამ ლეგენდას Dolchstoss im Rücken ჰქვია — ზურგში დანის ჩარტყმის ისტორია — რომელიც ჰიტლერმა ვაიმარის რესპუბლიკის გასაკრიტიკებლად და ებრაელების დასადანაშაულებლად გამოიყენა მაშინ, როცა ფაშისტური მოძრაობის და კიდევ ერთი ომისათვის მხარდამჭერების პოვნას ცდილობდა.
ისტორია არასდროსაა ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებული. მწვავე არგუმენტები წარსულზე არც დემოკრატიული სახელმწიფოებისთვისაა უცხო. მაგრამ როცა ნაციონალური არქივის ერთადერთი გამგებელი ავტოკრატი არის, ისტორია პოლიტიკისა და კონტროლის სურვილის დაქვემდებარებაში ხვდება. რუსეთში ეს დიდი ხანია, ასეა. 1825 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დეკაბრისტთა აჯანყება ჩაახშო, შემდეგ კი ოფიციალური ისტორიული წიგნებიდან ამის შესახებ ყველა ცნობის გაქრობა მოინდომა იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს ამბოხი კიდევ მოუვიდოდა თავში. კომუნისტური პარტიის მმართველობისას კი მეცნიერებს რა ცოტა თავისუფლებაც ჰქონდათ შერჩენილი, 1928 წელს ისიც გაქრა, როცა მარქსისტ ისტორიკოსთა საერთო კონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის მთავარი ისტორიკოსი მისი დიქტატორი, იოსებ სტალინი გახლდათ. ის იყო ავტორი მოკლე კურსის, რომელიც აღწერდა, თუ როგორ განვითარდა კაცობრიობის ისტორია და მივიდა კომუნისტური პარტიის "დიდებულ რევოლუციამდე". ტექსტში ყველა მისი ბოლშევიკი მოწინააღმდეგე დახასიათებული იყო როგორც "თეთრგვარდიელი პიგმეები, რომელთა ძალაც მწერისას არ აღემატება". მოკლე კურსის ალტერნატივები არ დაიშვებოდა.
1956 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ისტორიის განახლებისკენ ნაბიჯი გადადგა. კომუნისტური პარტიის ლიდერთა მიმართ წარმოთქმულ საიდუმლო სიტყვაში ის სტალინს პარტიის წევრთა წმენდისთვის, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომისთვის არაადეკვატურად მომზადებისათვის და ეთნიკური უმცირესობების გადასახლებებისა და შევიწროებისათვის აკრიტიკებდა. ხრუშჩოვის გამოსვლამ, რომელიც საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ, მცირეხნიანი დათბობის პერიოდი და ათასობით პოლიტიკური პატიმრის რეაბილიტაცია გამოიწვია.
თუმცა წარსულზე ღია მსჯელობა მხოლოდ მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის მერე გახდა შესაძლებელი. "ახლაც ვაწყდებით ჩვენი ისტორიის შესახებ უხერხული კითხვებისადმი თავის არიდების, მათი მიჩქმალვის მცდელობებს", — განაცხადა გორბაჩოვმა 1987 წელს, ოქტომბრის რევოლუციის სამოცდამეათე წლისთავის აღსანიშნავ სიტყვაში, — "ჩვენ ამას მხარს ვერ დავუჭერთ. ეს ისტორიული ჭეშმარიტების უარყოფა, [რეპრესირებულთა] ხსოვნის უპატივცემულობა იქნებოდა".
მისი ეს გამოსვლა ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. გორბაჩოვის სიტყვა ნიშნავდა, რომ დრო მოვიდა, საბჭოთა კავშირის ისტორიისთვის გადაეხედათ — მათ შორის, თვალი გაესწორებინათ სტალინისა და ჰიტლერის საიდუმლო პაქტისთვის, რომელმაც ბალტიის ქვეყნების ანექსირებისა და პოლონეთის დაუნდობელი დამორჩილებისთვის გზა გაკვალა. თითქმის ერთ ღამეში საბჭოეთის მოქალაქეებმა გაიგეს, თუ როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები 1956 წელს — ბუდაპეშტში, 1968 წელს — პრაღაში, 1979 წელს კი ქაბულში შესაჭრელად.
გორბაჩოვის პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 1989 წელს მემორიალის შექმნა იყო — ორგანიზაციის, რომელსაც ევალებოდა საბჭოთა ისტორიის, მისი არქივების გამოკვლევა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა. პუტინის რეჟიმმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების წინააღმდეგაა მიმართული, მემორიალი "უცხოურ აგენტად" შერაცხა და გააუქმა.
პუტინი, რომელიც გორბაჩოვს — საბჭოთა კავშირის დაშლასა და მისი რეპუტაციის შელახვაში, ხოლო ბორის ელცინს დასავლეთისთვის მუშაობასა და NATO-ს გაფართოების ვერშეჩერებაში ადანაშაულებს, ყველაზე მეტად ძალას აფასებს. თუ ისტორიის დამახინჯება მის ინტერესებშია, ის ასეც მოიქცევა. როგორც ადამიანი, რომელიც ძალაუფლებაში KGB-ის აგენტობიდან მოვიდა, ის ყველა ამბოხში უცხოურ შეთქმულებას ხედავს. მან ბოლო წლებში კიევსა და მოსკოვში გამართული პროდემოკრატიული გამოსვლები აშშ-ისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ნამოქმედარად გამოაცხადა და, შესაბამისად, მათი ჩახშობა მოითხოვა.
უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ეს უაზრო და სასტიკი ომიც აღნიშნული პოზიციის გაგრძელებაა. თუმცა სუვერენულ ქვეყანაზე პუტინის თავდასხმამ მის წინააღმდეგ არა მხოლოდ დასავლეთი გააერთიანა, არამედ თავად უკრაინაც. პუტინს უკრაინელთა იარაღზე მეტად, უკრაინული თავისუფლება აშინებს. რუსეთის ლიდერის უკრაინაში შეჭრა ნიშნავს იმას, რომ მას არ სურს, თავისი რეპრესიული მმართველობის მეზობლად ლიბერალური დემოკრატიის მოსურნე ერმა იარსებოს.
ამ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტს, თავი ღირსეულად უჭირავს — იმის მიუხედავად, რომ იცის, პუტინის სამიზნეა. ზელენსკი, რომელმაც კარგად იცოდა იმ ტყუილების შესახებ, რომლებიც რუსულ ოფიციალურ მედიაში ვრცელდებოდა, ტელევიზიით გამოვიდა და რუსულ ენაზე რიგით რუს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სიმართლისთვის ებრძოლათ.
ზოგი ამისთვის უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების გარეშეც მზად იყო. 24 თებერვალს დმიტრი მურატოვმა, დამოუკიდებელი გაზეთის, Novaya Gazeta, რედაქტორმა და ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელმა, გამოაცხადა, რომ შემდეგ ნომერს რუსულსა და უკრაინულ ენებზე გამოაქვეყნებდა. "სირცხვილსა და მწუხარებას განვიცდით", — თქვა მურატოვმა, — "ამ პლანეტაზე სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ რუსების ომის საწინააღმდეგო მოძრაობას შეუძლია". თითქოს ამის საპასუხოდ, პუტინის ომის წინააღმდეგ რუსეთის მრავალ ქალაქში აქციები გაიმართა. ისმოდა რეჟიმის მიერ გაუქმებული მემორიალის ლიდერების ხმაც: უკრაინის ომი, თქვეს მათ, დარჩება როგორც "სამარცხვინო თავი რუსეთის ისტორიაში".
კომენტარები