"ცეცხლის შეწყვეტას ვერ მივაღწიეთ" — რა თქვეს კულებამ და ლავროვმა შეხვედრის შემდეგ
ომის მე-15 დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდნენ. მომლაპარაკებლად ანუ მესამე მხარედ თურქეთი ჩაერთო, რომლის ინიციატივითაც ორი ქვეყნის მინისტრი ანტალიაში ჩავიდა. ლავროვმა და კულებამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციები გამართეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკაშირებით. მისივე თქმით, კოლეგასთან ასევე განიხილა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის საკითხიც, თუმცა შეთანხმება ვერც ამ შემთხვევაში შედგა.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ არსებობს ორი ამოცანა, რომელიც პრიორიტეტული უნდა იყოს — მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება და 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ის იმედოვნებს, რომ სერგეი ლავროვი დაუკავშირდება კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს.
"მე აქ მოვედი იმ მიზნით, რომ შეხვედრიდან გამოვსულიყავი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის გადაწყვეტილებით, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. [...] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი არ ყოფილა. როგორც ჩანს, რუსეთში ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები არიან", — თქვა მან.
უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ლავროვს მარტივი წინადადებით მიმართა და ჰკითხა შეძლებდა თუ არა რუს კოლეგებთან დარეკვას და ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოების გარანტიაზე დალაპარაკებას ახლავე, თუ ამას თავად კულებაც გააკეთებდა, თუმცა ლავროვმა ამ კითხვას არ უპასუხა.
კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ არც უკრაინა დანებდება. მისი თქმით, მზადაა ეძებოს დიპლომატიური გზა ომის დასასრულებლად, მაგრამ უკრაინა არ დანებდება.
"ჩემი შეხედულებით რუსეთი ამ დროისთვის არაა იმ მდგომარეობაში, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაგვთანხმდეს. ისინი ელოდებიან დანებებას უკრაინისგან, მაგრამ ამას ისინი ვერ მიიღებენ. უკრაინა ძლიერია, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ რუსეთს თავდაპირველი გეგმები ჩაუშალა. ჩვენ მზად ვართ ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გზა და დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით", — ამბობს ის.
დმიტრო კულებამ თქვა ისიც, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ომის შეჩერებას თუ თავად აგრესორ ქვეყანას არ ექნება ამის გაკეთების სურვილი.
"ჩვენ არ შეგვიძლია გავაჩეროთ ომი თუ ქვეყნას, რომელმაც ჩაიდინა აგრესია და თავდასხმა, არ ექნება ამის გაკეთების სურვილი", — აღნიშნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას იქამდე, სანამ უკრაინა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
"ისინი გააგრძელებენ აგრესიას მანამ, სანამ უკრაინა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა დანებება", — თქვა მან.
კულებას თქმით, მოლაპარაკებების დროს გაიგო, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მხრიდან დაკავშირებული იყო პუტინის მიერ უკრაინის წინაშე წაყენებული მოთხოვნების შესრულებასთან.
"ამ კუთხით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ უკრაინა არ დანებდა, არ ნებდება და არ დანებდება. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვაგრძელებთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებას, მაგრამ სანამ ეს არ არის, ჩვენ თავდაუზოგავად ვიქნებით. გავწირავთთ თავს, დავიცვათ ჩვენ მიწას, ჩვენ ხალხს რუსული აგრესიისგან", — განაცხადა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის გზების საპოვნელად. მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზარალებულებისადმი ადამიანური მოსაზრებებისა და თანაგრძნობიდან გამომდინარე დაუშვებს ჰუმანიტარული დერეფნის ფუნქციონირებას.
როგორც დმიტრო კულებამ თქვა, მან ლავროვს ერთი კონკრეტული შემთხვევა გაუზიარა, როდესაც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეს რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის იმედოვნებს, რომ მისი რუსი კოლეგა ამ ფაქტს კონსტრუქციულად უპასუხებს და რუსეთში ჩაიტანს იმ ათასობით უკრაინელი მოქალაქის ვედრებას, რომელთა სახელითაც კულება მას ესაუბრა.
"მე მინისტრ ლავროვს ერთი ეპიზოდი გავუზიარე და ვიმედოვნებ, ის ამას ადამიანურ ღირებულებებზე დაყრდნობით და ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემით კონსტრუქციულად უპასუხებს. მე მას მოვუყევი იმ მოქალაქის მკვლელობაზე, რომელიც მანქანას მართავდა და შეცდომით სხვა შესახვევში შევიდა. მას რუსმა ჯარისკაცმა მყისიერად ცეცხლი გაუხსნა. ასეთი ფაქტები უნდა შეწყდეს. ეს ომის დანაშაულია და მათში ყველა მონაწილეს დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა დაეკისრება.
გულწრფელად მაქვს იმედი, რომ მინისტრი ლავროვი გაუზიარებს დღევანდელ საუბარს თავის კოლეგებს რუსეთის ხელისუფლებასა და ჯარში, ისინი მოისმენენ იმ ათასობით მოქალაქის ვედრებას, რომელთა სახელითაც მე მას დღეს ვესაუბრე და დაგვეხმარებიან მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გზის მოწყობაში, განსაკუთრებით მარიუპოლიდან მათი გამოყვანისთვის, ასევე მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანისთვის", — თქვა მან.
კულებას ამბობს, რომ ომის დამთავრების გზების განსახილველად ის მზადაა მომავალში ლავროვს კვლავ შეხვდეს.
"იმედი მაქვს, რომ ის ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, გაგრძელდება. მე მზად ვარ ამისთვის, თუ რუსული მხარე მზად იქნება სერიოზული, არსებითი საუბრისთვის და არა უკრაინის შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული კლიშეებისა და ნარატივების გამეორებისთვის. როცა რუსული მხარე მზად იქნება ასეთი საუბრისთვის, მეც მზად ვიქნები გავაგრძელო მოლაპარაკებები. ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისთვის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის მთავარი ღირებულება", — თქვა მან.
პრესკონფერენცია გამართა ლავროვმაც. მისი განცხადებით, შეთნახმდნენ რომ დღეს ამ საუბრით არ უნდა "ჩაანაცვლონ ან გააუფასურონ" ბალარუსის პლატფორმა. მისივე თქმით, ძირითადად ისაუბრეს ჰუმანიტარული ინიციატივების შესახებ. ლავროვის ეს გამოსვლაც სავსე იყო კრემლის პროპაგანდის ელემენტებითა და უკრაინული მხარისადმი პრეტენზიებით.
"ძირითადად ვისაუბრეთ ჩვენი თურქი მეგობრების ინიციატივაზე ჰუმანიტარული საკითხების შესახებ. განვმარტეთ, რა ზომებს იღებენ ჩვენი სახმელეთო ჯარები იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ სამოქალაქო პირების ბედის შემსუბუქებას, რომლებიც ტყვეებად იქცნენ. მათ ცოცხალ ფარად იყენებენ ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები და ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის ძალები", — განაცხადა მან.
ამის შემდეგ ლავროვმა შედარებით ვრცლად ისაუბრა ბელარუსის პლატფორმაზეც და განაცხადა, რომ წინა შეხვედრისას უკრაინულ მხარეს გადასცეს დოკუმენტი, რომელზეც პასუხს ელოდებიან. ტრადიციულად, ამას მოაყოლა ნარატივი იმაზე, თითქოს რუსეთი კონფლიქტის რეგულირებისთვის ყველაფერს აკეთებს.
"შევახსენებთ ჩვენს კოლეგებს, რომ ბელარუსში მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე რუსულმა მხარემ წარადგინა კონკრეტული, იურიდიული ფორმის დოკუმენტის მოსაზრებები, რომელიც უკრაინულმა მხარემ განსახილველად წაიღო და დაგვარწმუნა, რომ მოკლე დროში მოგვცემს კონკრეტულ პასუხს. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ბელარუსის პლატფორმაზე საუბარი სერიოზულად წარვმართოთ და არ გამოვძვრეთ არაფორმალური ფურცლების გაცვლით, არამედ შევათანხმოთ ის საკითხები, რომლებიც საერთო აღიარებით უნდა გადაწყდეს უკრაინის კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების კონტექსტში", — განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღე გახსნის შეთანხმება ძალაში დარჩა. მისივე თქმით, დერეფნების მარშრუტს და გასვლის დროს წყდება იმ პირების მიერ, ვინც ხმელეთზე აკონტროლებს სიტუაციას.
კითხვების პასუხად ლავროვმა თქვა, რომ ე.წ. სამხედრო ოპერაცია, ანუ ომი, რომელსაც რუსეთი თავის სახელს არ არქმევს, გეგმის მიხედვით მიდის. ამის თქმისას ის თავდაცვის სამინისტროსა და პუტინის განცხადებებს დაეყრდნო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლავროვმა დრო დაუთმო დასავლეთის კრიტიკასაც და თურქული სააგენტოსთვის პასუხის გაცემისას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება "საფრთხისშემცველ" ქმედებად შეაფასა. იქვე გაიმეორა კრემლის ის ნარატივიც, რომ უკრაინა წლებია აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც "საფრთხეს უქმნის" რუსეთს.
"რაც შეეხება უკრაინისთვის საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ, რამდენად საფრთხისშემცველად მოქმედებენ ახლა ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ევროკავშირი, რომელმაც თავისი ყველა პრინციპის და ე.წ. ღირებულის დარღვევით ხელი შეუწყო მკვლელი იარაღების შეტანას უკრაინაში, მათ შორის, ათასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემის", — განაცხადა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი თავდასხმას სხვა ქვეყნებზე, ლავროვმა უარყოფითად უპასუხა და იმის მტკიცება დაიწყო, თითქოს არც უკრაინას დასხმიან თავს. ასევე, ამტკიცებდა, თითქოს უკრაინაში "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" აღმოაჩინეს ახალი დასტური იმისა, რო უკრაინა აპირებდა დასხმოდა თავს საკუთარ ტერიტორიას, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს.
"სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვაპირებთ. ჩვენ არც უკრაინს დავხსმივართ თავს. უკრაინაზე ჩვენ ბევრჯერ განვმარტეთ, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც ქმნის პირდაპირ საფრთხეებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, მოწოდებების და წინადადებების მიუხედავად, ჩვენ არავინ მოგვისმინა", — განაცხადა მან.
CNBC-ის ჟურნალისტმა ლავროვს უთხრა, რომ რუსეთმა გამოიყენა უამრავი სიტყვა იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა და ამბობდა, თითქოს ეს უკრაინელი ხალხისთვისაა. ჟურნალისტმა მას კითხა, რითი შეიძლება სამშობიაროს და ბავშვთა სახლის დაბომბვის გამართლება და ეთანხმება თუ არა ზელენსკის, რომ ბავშვებისა და დედების მიზანში ამოღება არაადამიანური საქციელია . ლავროვმა მას ასე უპასუხა:
"ნუ, სამშობიარო სახლი... ჩვენ პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ წამოყვირებებს ე.წ. არაადამიანობაზე, რომელსაც რუსი შეიარაღებული ძალები აკეთებენ. 7 მარტს, 3 დღის წინ, 6 ან 7 მარტს ზუსტად არ მახსოვს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენი დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი ფაქტები, რომ ეს ბავშვთა სახლი დიდი ხანი აქვს აღებული ბატალიონ აზოვს და სხვა რადიკალებს, საიდანაც გამოყარეს ყველა მშობიარე, მედდა და მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალების, აზოვის ბატალიონის ბაზა. ეს მონაცემები წარდგენილი იყო 3 დღით ადრე. ამიტომ დაკსვნები თავად გამოიტანეთ, რანაირად ცდილობენ მთელს მსოფლიოში აზრის მანიპულირებას", — განაცხადა მან.
ლავროვმა ისაუბრა დასავლეთის სანქციებისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზეც. მისი თქმით, ყველა ეკონომიკურ პრობლემას გაუმკლავდებიან და ამ კრიზისიდან "სრულიად გამოჯანმრთელებული ფსიქოლოგიით და ცნობიერებით" გამოვლენ.
"რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს, ჩვენ მათ გავუმკლავდებით. ვუმკლავდებოდით ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე, როდესაც ეს სირთულეები ჩნდებოდა, მაგრამ ახლა გარწმუნებთ, გამოვალთ ამ კრიზისიდან სრულიად გამოჯანმრთელებული ფსიქოლოგიით და ცნობიერებით. არ გვექნება არანაირი ილუზია, რომ დასავლეთი შეიძლება იყოს სანდო პარტნიორი", — თქვა ლავროვმა, რის შემდეგაც დასავლეთი აკრიტიკა და დაამატა:
"გავუმკლავდებით, აუცილებლად გავუმკლავდებით და ყელაფერს გავაკეთებთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დასავლეთზე იმ სფეროებში, რომელიც გადამწყვეტ მნიშნველობას ატარებს ჩვენი ხალხისთვის".
კომენტარები