წინა წლებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ქალთა მარში პოლიციის წინააღმდეგობის გარეშე ჩატარდა
განსხვავებით წინა წლებისგან, აზერბაიჯანის პოლიციამ ქალთა უფლებების აქტივისტების მიერ ბაქოში გამართულ მარშს ამჯერად ხელი არ შეუშალა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს აზერბაიჯანის ფემინისტურმა მოძრაობამ ბაქოს ცენტრში, შადრევნის მოედანზე დემონსტრაცია მოაწყო.
შადრევნის მოედანზე შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ქალთა მიმართ ძალადობაზე საჩივრები სამართალდამცავი ორგანოების მიერ სათანადოდ არ არის გამოძიებული — პოლიცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ხშირად ქმრებთან შერიგებას და სახლში დაბრუნებას ურჩევს.
მარში მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები ფრაზებით: "გამოიძიე", "ძალადობას უფლება არ აქვს", "ქალები ერთიანდებიან, არ არის დუმილი, არის აჯანყება" და სხვა.
პროტესტი სოციალურ მედიაში რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა, ადგილზე სამართალდამცავების ძალიან დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. თუმცა წინა წლების მსგავსად, დემონსტრაციაში არ ჩარეულან.
გასულ წელს, სულ მცირე, 25 ადამიანი მაინც დააკავეს, როცა პოლიციამ მარშის დაწყებისთანავე, ძალადობრივად სცადა ქალთა მცირე ჯგუფის დაშლა.
წელს მარშის ლიდერებმა ხმამაღლა წაიკითხეს განცხადება, სანამ ხელს შეუშლიდნენ.
განცხადებაში ეწერა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ ეფექტური ზომები უნდა გატარდეს.
"უნდა მიიღონ სტამბულის კონვენცია [...] ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს, მათი გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად".
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა დემონსტრაციის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "დედაქალაქის ცენტრში ქალთა ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში დასრულდა. არავინ დაუკავებიათ".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები