რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამას უკვე ათობით სამხედრო ემსხვერპლა. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის, ერთი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, იარაღს მისცემენ.

ვლადიმერ პუტინის მიერ ომის დაწყებას უკრაინელები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ისინი ბრაზსა და აღშფოთებას გამოხატავენ, თუმცა პარალელურად, ერთმანეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უკრაინელები პირობას სდებენ, რომ რუსეთს ბოლომდე შეებრძოლებიან.

"მე ჩვენი მჯერა"

"ჩემი უმცროსი შვილი დღეს 1 წლის გახდა, მეორე ორ კვირაში ხდება 10 წლის. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მათ თავისუფალ სამყაროსა და უკრაინაში იცხოვრონ", — დაწერა ოლგა რეშეტილოვამ Facebook-ზე.

მისი თქმით, უკრაინელები წლების განმავლობაში გრძნობდნენ, რომ ომი დაიწყებოდა, თუმცა დღეს მზად არიან ისე, როგორც არასდროს. ის წერს, რომ შიში ნორმალურია:

"ეს გვეხმარება გადავრჩეთ. მაგრამ პანიკა მავნეა. ვეცადოთ საკუთარი თავები ხელში ავიყვანოთ და რაციონალურად ვიფიქროთ [...] მჯერა უკრაინის ჯარის, მჯერა ჩვენი, მჯერა უკრაინის, მჯერა ჩვენი შვილების მომავლის".

ფოტო: Brendan Hoffman for The New York Times.

"კატაკომბები მაინცაა დასამალად"

New York Times წერს, რომ მას შემდეგ, რაც დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს, საკუთარი სახლების დატოვება დაიწყეს. 32 წლის ირინა შევცოვა ამბობს, რომ თავის ორ შვილს ხელი დაავლო და ახლომდებარე მონასტერში შეაფარა თავი.

"კატაკომბები მაინც არის დასამალად", — თქვა მან.

ლილია სოლიაკი კი, რომელიც ადგილობრივ სასტუმროში მუშაობს, ადგილზე დარჩა, რადგან ფიქრობს, რომ ეს ძალადობა მათ ქალაქს მალე ჩაუვლის.

"ისინი კიევსა და დნიპროს შეუტევენ, მნიშვნელოვან ადგილებს აეროპორტებით. მათთან შედარებით, ჩვენი პატარა ქალაქი არაფერს მოუტანთ", — თქვა მან.

ლერა ალექსეევა კი აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს, თუმცა ყოველ შემთხვევაში, მისი კატა და პუდელი სამსახურში მიჰყავს.

"ისინი ბავშვებივით არიან. მათ გარეშე ვერსად დავდივარ".

ფოტო: Brendan Hoffman for The New York Times.

"არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ"

24 წლის ოლჰა ლვოვშია. ის NYT-სთან ამბობს, რომ დედამისი და მისი და ასობით მილის დაშორებით, კიევში იმყოფებიან.

"დილის 7 საათზე დავურეკე მათ. ჩემი და შეშინებული იყო, მაგრამ დედაჩემი არა [...] ვთხოვე, რომ თავშესაფარი ეპოვათ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. სადაც ვცხოვრობთ ცენტრი არ არის და ვუთხარი, რომ ცენტრში არ გასულიყვნენ. არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ძალიან რთულია — შეუძლებელია — პუტინს გაუგო".

მისი თქმით, ეშინია, რომ უკრაინა მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება.

"პანიკაა"

რამდენიმე მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც რუსული ჯარები უკრაინელებს ეომებიან, რიგები და ხალხმრავლობა არ წყდება. "პანიკაა, ვერ ხედავ?", — უთხრა NYT-ს იევგენი ბალაიმ და იმ მხარეს მიუთითა, სადაც უკრაინელები ნაღდი ფულის გამოსატანად ბანკის რიგში იდგნენ.

"ის მიიღეს, რაც უნდოდათ. მათ, მეორე მხარეს, პანიკა და დესტაბილიზაცია", — თქვა მან და უარი განაცხადა ვლადიმერ პუტინის სახელის ხსენებაზე.

"ვუთხარი, რომ სახლში დარჩნენ"

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საცობები არ წყდება. მოქალაქეები კიევის დატოვებას ცდილობენ, ნაწილი კიევში მიდის, მათ ოჯახებთან.

"მათ ეშინიათ ოჯახების გამო, მეგობრების გამო", — თქვა 36 წლის დენის დერჩაჩევმა ლვოვიდან.

ფოტო: Brendan Hoffman for The New York Times

ნაწილს აღმოსავლეთით გამგზავრება აშინებს, მათ შორის, 47 წლის ბიზნესმენს, რომელიც ლვოვში ერთი კვირით ადრე ოჯახთან ერთად ჩავიდა.

"აქ კიდევ ერთი კვირით დავრჩებით. [კომპანიიდან] მწერენ და მეკითხებიან, სად წავიდნენ, რომელია ადგილია ყველაზე უსაფრთხო. რა შემიძლია, რომ ვუთხრა? ვუთხარი, რომ სახლში დარჩნენ და უსაფრთხო ადგილი იპოვონ", — თქვა მან.

გაიგეთ მეტი: