უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმების სერია განხორციელდა
ადგილობრივი დროით ხუთშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც უკრაინული სააგენტოები რამდენიმე კიბერშეტევასთან გამკლავებას ცდილობდნენ, უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ჯარების გადაადგილების ფონზე, სახელმწიფოს მთავრობის ვებგვერდები გაითიშა.
შეფერხებები შეინიშნებოდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა სამინისტროების ვებგვერდებზე.
კიბერუსაფრთხოების მკვლევრების თქმით, განცალკევებული და, პოტენციურად, უფრო სერიოზული კიბერშეტევა დაფიქსირდა რამდენიმე საათით ადრე, როდესაც უკრაინის ასობით კომპიუტერზე მონაცემთა წაშლის ინსტრუმენტი დააფიქსირეს. ალბათ, დამთხვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დესტრუქციული კიბერშეტევები რუსეთის სამხედრო ესკალაციის ფონზე მოხდა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ინციდენტები უკრაინაზე კიბერშეტევების ესკალაციას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ , აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინა რუსეთის გარდაუვალი შეჭრის შესახებ გააფრთხილეს, რუსეთს კი სანქციები დაუწესეს. სატელევიზიო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხუთშაბათს დილით დონბასში სამხედრო მოქმედებების შესახებ განაცხადა და უკრაინის სამხედრო ძალებს მოუწოდა, იარაღი დაეტოვებინათ და სახლში წასულიყვნენ.
"უკრაინის რამდენიმე სამთავრობო და კომერციულმა ორგანიზაციამ დღეს დესტრუქციული მავნე პროგრამებით დაზარალდა", — ამბობს ჩარლზ კარმაკალი, კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ტექ დირექტორი.
ჰაკერული თავდასხმები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა რუსეთს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"თუ სამხედრო ოპერაცია მართლა მზადდება, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი მთელი გულით: პრეზიდენტო პუტინო, არ მისცე შენს ჯარებს უკრაინაზე თავდასხმის ნება. მიეცი მშვიდობას შანსი. ისედაც ბევრი ადამიანი დაიღუპა უკვე", — განაცხადა გუტიერესმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ოთხშაბათ საღამოს.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინაში, სამხედრო თავდასხმებთან ერთად, კიბეროპერაციებსაც განახორციელებდა. ასევე, ბაიდენის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დამატებითი კიბერშეტევები დაფიქსირდება, ისინი ქვეყანას კიბეროპერაციებით უპასუხებენ.
კიბერშეტევები დაფიქსირდა ოთხშაბათ შუადღესაც, რამაც უკრაინის პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდების დროებითი გათიშვა გამოიწვია.
უკრაინის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დაფიქსირებული ჰაკერული ინციდენტები 15 თებერვალს ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევების გაგრძელებაა. თეთრმა სახლმა ამაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო დაადანაშაულა. აღნიშნულ შეტევებს განაწილებული შეტევა მომსახურების დაბლოკვის მიზნით (DDoS) ეწოდება, რადგან ისინი კომპიუტერის სერვერებს ყალბი ტრაფიკით ავსებენ და ვებგვერდის გათიშვას იწვევენ. რუსეთის საელჩომ აშშ-ში ეს ბრალდება უარყო.
მონაცემთა გასუფთავების დესტრუქციული ხელსაწყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მავნე პროგრამაა. იგი კომპიუტერიდან შლის მონაცემებს და მას ფუნქციას უკარგავს.
კიბერუსაფრთხოების კომპანია ESET-ის თანახმად, მავნე პროგრამა ორი თვის წინ შეიქმნა, თუმცა მხოლოდ იგი პირველად დღეს გამოიყენეს. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, აშშ-ის ოფიციალურ პირების აზრით, სატრანსპორტო ქსელები და სამაუწყებლო მედია, შესაძლოა, კინეტიკური კიბერშეტევების შედეგად გაითიშოს.
ამჟამად უკრაინის სამთავრობო უწყებების და კომპანიების მიზანია გამძლეობის შენარჩუნება ჰაკერული თავდასხმების მიმართ.
"უმაღლესი დონის კიბერ ძალაუფლებით, როგორიც რუსეთს აქვს, მათი შეფერხება ბოლომდე შეუძლებელია, ამიტომ მთავარი მიზანი ახლა მედეგობაა", — განუცხადა CNN-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა.
კითხვაზე, უნდა განახორციელოს თუ არა კიბეროპერაციები აშშ-მ რუსეთის აქტივობის საპასუხოდ, უორნერმა დაამატა, რომ ზოგადად აშშ თავს არიდებს "პანდორას ყუთის გახსნას კიბერ ესკალაციის თვალსაზრისით".
კომენტარები