უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, უკრაინა ქართველი მეგობრების სოლიდარობას აფასებს.

"უკრაინა გრძნობს და აფასებს ჩვენი ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა იცის, რომ თავისუფლება არ არის უფასო. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინამ და საქართველომ ერთმანეთს ზურგი გაუმაგრონ", — წერს ის Twitter-ზე.

დღეს, 16 თებერვალს ზალკალიანმა საელჩოში უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ რუსული აგრესია 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა, რასაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა მოჰყვა. ზალკალიანის თქმით, ახლა იმავე განსაცდელში იმყოფება უკრაინაც.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.

დღეს, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.