ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში. მან მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა.

"ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს უკრაინა რაც შეიძლება მალე, 24-დან 48 საათის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, არ ვიცით რა მოხდება ზუსტად, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მოქმედება საკმაოდ მყისიერია. ეს არის ის, რაც მოითხოვს წინდახედულობას. თუ დარჩებით, თქვენ იღებთ რისკებს და არ გაქვთ გარანტია იმისა, რომ წასვლის სხვა შესაძლებლობა გექნებათ", — ამბობს ის.

სალივანის თქმით, შეჭრა შესაძლოა დაიწყოს ოლიმპიადის დროს და არა მისი დასრულების შემდეგ, როგორც ამას ვარაუდობდნენ. ასევე, აღნიშნავს, რომ ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის.

"ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს, როგორც კი ამის ბრძანებას ვლადიმერ პუტინი გასცემს. მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებზე, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს შეიძლება დაიწყოს ოლიმპიადის დროს, მიუხედავად მრავალი ვარაუდისა, რომ ეს მხოლოდ ოლიმპიადის შემდეგ მოხდებოდა. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სალივანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას, სავარაუდოდ, საჰაერო გზით დაიწყებს, რამაც შესაძლოა მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი გამოიწვიოს, მიუხედავად მათი ეროვნებისა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

გაიგე მეტი: