რატომაა მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში და როგორ განვავითაროთ ის
ავტომატიზაციის ეპოქაში კომპანიის წარმატების საიდუმლო უკვე ნაკლებადაა დაკავშირებული დასაქმებულთა მაღალ IQ-სთან. სანაცვლოდ, სულ უფრო მეტი ღირებულება მომუშავეთა მაღალ ემოციურ ინტელექტს ენიჭება.
ეს ტენდენცია ყველა სამუშაო სექტორში შეინიშნება: ერთნაირი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანები ყველგან მსგავს დაბრკოლებებს აწყდებიან. მათ შორის წარმატებას კი ისინი აღწევენ, ვინც ზეწოლის ქვეშ მოდრეკის ნაცვლად ემოციებს მართავენ. სწორედ ეს უკანასკნელები აღწევენ განსაკუთრებულ შედეგებს, რის უკანაც ემოციური ინტელექტის განვითარების მაღალი დონე დგას.
უფრო მეტიც — იმ უნარებისა და შესაძლებლობების 80%-ზე მეტი, რომლებიც ყველაზე წარმატებულ პროფესიონალებს გამოარჩევს, ემოციური ინტელექტით განპირობებულ თვისებებთანაა დაკავშირებული.
ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სამუშაო სივრცეში
ემოციური ინტელექტის განვითარება არა მხოლოდ უშუალოდ თანამშრომლებს აძლევს პირად და პროფესიულ სარგებელს, არამედ ამით დამსაქმებლებიც მოგებულნი რჩებიან.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე თანამშრომელს შეუძლია:
- ამოიცნოს სამუშაო სივრცეში ის პირადი გამღიზიანებლები, რომლებიც მასში სტრესს იწვევს;
- აკონტროლოს ემოციები პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად;
- ამოიცნოს სოციალური სიგნალები და შეიგრძნოს გუნდის წევრებისა და კლიენტების ემოციური მდგომარეობა;
- დაამყაროს და შეინარჩუნოს პოზიტიური სამუშაო ურთიერთობები.
ცნობილმა ფსიქოლოგმა და პოპულარული წიგნების ავტორმა, დანიელ გოულმანმა ჩამოთვლილი ოთხი უნარი ემოციური ინტელექტის ძირითად კომპონენტებად დაასახელა. მისი მტკიცებით, სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს კარიერული წარმატების მქონე პროფესიონალს იმ ადამიანისგან, რომელიც თავის საქმეს მხოლოდ ადეკვატურად ართმევს თავს.
ხშირად, როდესაც კომპანიათა ხელმძღვანელები შუალედური და წლიური მიზნების მიღწევის გზებზე სამსჯელოდ იკრიბებიან, ისინი ნაკლებად განიხილავენ იმ გავლენას, რომელიც ორგანიზაციაზე ემოციურ ინტელექტს აქვს. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გაყიდვებზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა თუ დასაქმებულთა კომპანიაში შენარჩუნების მაჩვენებელზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ დაკარგული კლიენტების 70% და წარუმატებელი კარიერის შემთხვევების 75% ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ ფაქტორებს შეიძლება მიეწეროს. აღნიშნული სტატისტიკა ჯანმრთელობისა და ადამიანური პოტენციალის კვლევითმა ინსტიტუტმა იმ კონკრეტული შემთხვევების განხილვასთან ერთად გამოაქვეყნა, რომლებიც ემოციური ინტელექტის გამოსამუშავებელი ტრენინგების დადებით გავლენას ააშკარავებს.
მაგალითად, Motorola-ში იმ თანამშრომლების 93%-ს, რომლებმაც გაიარეს ემოციური ინტელექტისა და სტრესის მართვის ტრენინგი, პროდუქტიულობის მაჩვენებელი გაეზარდათ. ასევე, აშშ-ის საჰაერო ძალებმა მხოლოდ ერთ წელიწადში პერსონალის შევსებისთვის განკუთვნილი ხარჯი $2,760,000-ით შეამცირა, რადგან ემოციური კომპეტენციის ტესტირებაში დააბანდა ფული ($10,000-ზე ნაკლები).
როგორ გავაუმჯობესოთ ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში
წარმატებული ორგანიზაციები უკვე ხშირად იყენებენ თანამშრომელთა ემოციური ინტელექტის გაზრდის შესაძლებლობებს. დასაქმებულთა შორის ამ უნარის განვითარება ისეთი მასშტაბური ცვლილებებითაა შესაძლებელი, როგორებიცაა თანაგრძნობის კულტურის ჩამოყალიბება და უშუალოდ თანამშრომლებზე მორგებული ინდივიდუალური ტრენინგების ორგანიზება. თანამშრომლებში ემოციური ინტელექტი იზრდება მაშინ, როდესაც ორგანიზაცია ემპათიურია მათი საჭიროებების მიმართ — უნარჩუნებს მათ ავტონომიასა და ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ქვემოთ სწორედ ამ მიზნების მისაღწევად შემუშავებულ მეთოდებს წარმოგიდგენთ.
ლიდერთა უნარების გამოყენება
გუნდის ლიდერებს, რომლებიც არა მხოლოდ მენეჯერები არიან, არამედ ადამიანებთან სიღრმისეული კონტაქტის დამყარების უნარითაც გამოირჩევიან, შეუძლიათ წვლილი შეიტანონ თავიანთი თანამშრომლების პროფესიულ ზრდაში. ასეთი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გამჭვირვალობაა — ისინი თანამშრომლების ნდობას მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გაზიარებით და გუნდის მოსაზრებების, შეშფოთებისა და იდეების გათვალისწინებით მოიპოვებენ.
თანაგრძნობის კულტურის განვითარება
მომსახურებაზე ორიენტირებული და ემპათიური ლიდერები ორგანიზაციაში ისეთ გარემოს ქმნიან, რომელშიც თანაგრძნობის კულტურა ვითარდება. ასეთ დროს თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათი ესმით და მათ აფასებენ. პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის გარდა, ამ ტიპის ლიდერი ითვალისწინებს თანამშრომლების ემოციურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. პრობლემების გაჩენისას ისინი ბიზნესის მოთხოვნილებებს და თანამშრომელთა საჭიროებებს მაქსიმალურად აბალანსებენ.
ჯვარედინი თანამშრომლობა
იმისათვის, რომ დასაქმებულთა შორის ურთიერთობა გაღრმავდეს, დეპარტამენტებს შორის ბარიერების მოხსნა და ჯგუფური მუშაობის წახალისება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთი გარემო თანამშრომლებს ემოციური ინტელექტის განვითარებაში უწყობს ხელს. ამასთანავე, ეს მეთოდი ეხმარება გუნდებს, გაავრცელონ თავიანთი გამოცდილება მთელი ორგანიზაციის მასშტაბით.
მიზნობრივი წვრთნები
ემოციური ინტელექტის კომპანიის მასშტაბით განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ კონკრეტულ პოზიციებზე მყოფი თანამშრომლებისა და გუნდებისათვის მიზნობრივი წვრთნებიც დაგეგმოს. ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებები ემოციური ინტელექტის იმ ოთხ კომპონენტში ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებაზეა ფოკუსირებული, რომლებიცაა: თვითშეგნება, თვითმართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. თვითშეგნება
ტრენინგი უნდა დაეხმაროს თანამშრომლებს, უკეთ გააცნობიერონ როგორც საკუთარი ემოციური გამოწვევები, ასევე თავიანთი ემოციების გავლენა სხვებზე. მაგალითად, წვრთნის პროცესი შეიძლება შეიცავდეს სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარება გაბრაზებისკენ მიდრეკილ თანამშრომელს, გამოავლინოს გამღიზიანებლები. ეს შეიძლება იყოს უთანხმოება, დაუკმაყოფილებელი მოლოდინები, დაგვიანებული პროექტები. გამომწვევი მიზეზების მოკვლევის შემდეგ თანამშრომელი შეძლებს შეიმუშაოს ისეთი რისკების შემამცირებელი პირადი მეთოდები, როგორებიცაა სტრესი, შფოთვა, ინტერპერსონალური კონფლიქტები და ა.შ.
2. თვითმართვა
ამასთანავე, თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ, როგორ დაარეგულირონ ხელისშემშლელი ემოციები, რათა შეძლონ სიმშვიდის შენარჩუნება სტრესულ და რთულ სიტუაციებში. ამ მიზნით გამოიყენება მეთოდი, რომელსაც S.T.A.R. მოდელს უწოდებენ. როდესაც თანამშრომელი იგრძნობს, რომ გარე ფაქტორმა გააღიზიანა, გრძნობების განსამუხტად და აზრების მოსაკრებად მას შეუძლია გაიღიმოს, ღრმად ჩაისუნთქოს და მოეშვას. გარდა იმისა, რომ თვითმართვა ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უმჯობესებს, ის, ამასთან, კომპანიის უფროსებსა და მენეჯერებს პროექტების წარმატებით შესრულებაში ეხმარება.
3. სოციალური ცნობიერება
სოციალური ცნობიერების ქონა გავლენას ახდენს ყველა სახის სამუშაო ურთიერთობაზე — კლიენტებიდან დაწყებული, თანამშრომლებით დამთავრებული. ის წარმატებული სოციალური ურთიერთობების ქონის წინაპირობაა. ეს უნარი ზოგს ბუნებრივად აქვს განვითარებული. მათთვის კი, ვისაც სოციალური ნიშნების ამოცნობა უჭირს, მსგავსი ცნობიერების გამომუშავება დამატებით წვრთნას მოითხოვს. მაგალითად, თანამშრომლებს შეუძლიათ ივარჯიშონ სხვისი ნათქვამის პერიფრაზირებაში, რათა შეამოწმონ, რამდენად კარგად აღიქვამენ ნათქვამს, ან იმუშაონ სახის გამომეტყველებისა და ვოკალური ტონების სწორად ამოცნობასა და ინტერპრეტაციაზე.
4. ურთიერთობის მართვა
ტრენინგი თანამშრომლებს ურთიერთობის მართვის უნარების გაუმჯობესებაშიც უნდა დაეხმაროს, რათა მათ პოზიტიური კავშირების დამყარება შეძლონ. როლური თამაშები დაეხმარება თანამშრომლებს, ისწავლონ, მენეჯერებს თავიანთი საზრუნავი მკაფიოდ და პატივისცემით როგორ მიაწოდონ; როგორ გაუზიარონ კონსტრუქციული უკუკავშირი თანამშრომლებს; და როგორ მოაგვარონ კონფლიქტები უკმაყოფილო მომხმარებლებთან.
როგორც წესი, გრძელვადიანი ცვლილებისათვის მხოლოდ ტრენინგი არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ სწავლის პროცესში მყოფი თანამშრომლები დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვოს. ზოგიერთი თანამშრომლისთვის, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ისეთი სპეციალური გზამკვლევების გამოყენება, რომლებშიც ემოციური ინტელექტის განმავითარებელი რჩევები თუ სავარჯიშოებია თავმოყრილი.
კარგი ამბავი ისაა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც თავიანთ თანამშრომლებში ემოციური ინტელექტის გაზრდა სურთ, ყველაფრის ნულიდან დაწყება ნამდვილად არ სჭირდებათ. სანაცვლოდ, არსებობს არაერთი ნაცადი გზა, რომელიც ამ მიზნის მიღწევას ამარტივებს.
არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელ მიდგომას თუ რესურს აირჩევს ორგანიზაცია — სამუშაო ადგილზე ემოციური ინტელექტის მაღალი დონე თანამშრომლებს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, წარმატებულ თანამშრომლობასა და მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების სწრაფად და წარმატებით მიღწევას.
კომენტარები