ჩვენი წინაპრები უცნობ ჰომინინთან თანაცხოვრობდნენ — აღმოაჩინეს მისი კბილები
ფოტო: Dave Einsel/Getty Images
ადამიანის ევოლუციის ხე თანდათან ბუჩქს უფრო ემსგავსება. ცოტა ხნის წინ პალეონტოლოგებმა ეთიოპიის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში კბილები აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობის ორ უძველეს ადამიანს ეკუთვნოდა.
აღმოჩენა მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში ჩვენი გვარის პირველ წარმომადგენლებსა და ავსტრალოპითეკების ბოლო სახეობებს ერთმანეთისგან მოსალოდნელზე ნაკლები დრო აშორებდათ. სავარაუდოა, რომ ისინი თანაცხოვრობდნენ.
"ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მაიმუნის ნეანდერტალელამდე და ბოლოს თანამედროვე ადამიანამდე განვითარების ჩვენეული ხედვა არასწორია. ევოლუცია ასე არ მუშაობს", — ამბობს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოეკოლოგი კეი რიდი — "ადამიანის ევოლუცია სწორხაზოვანი არაა; იგი ბუჩქოვანი ხეა. ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმი უბრალოდ გადაშენდება ხოლმე".
ავსტრალოპითეკი ნეანდერტალელზე ან ჩვენს წინაპრებზე ბევრად ადრე ცხოვრობდა. ის ერთ-ერთი უძველესი ჰომინინი იყო, რომელიც ორფეხზე დადიოდა. ახალი აღმოჩენები მიანიშნებს, რომ ეს გენეალოგია აღმოსავლეთ აფრიკაში ზუსტად იმ დროს არსებობდა, როცა ჩვენი გვარი ვითარდებოდა — 2.5 მილიონ წელზე ადრე.
ასევე იხილეთ: რატომ დავდივართ ორფეხზე? — მეცნიერები ახალ ვერსიას გვთავაზობენ
შესაძლოა, ეს სახეობები მიწებს ვიზიარებდით ან რესურსებისთვის ვიბრძოდით. არავინ იცის, რამდენად ახლოს ვცხოვრობდით ან რამდენად ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ თაობათა ორივე ხაზი ერთმანეთის გვერდიგვერდ ასიათასობით წელი ვითარდებოდა.
წარსულში მეცნიერებმა Homo გვარის წარმომადგენლის ყველაზე ადრეული — 2.78 მილიონი წლის წინანდელი — ნაშთი, ყბა, აღმოაჩინეს ლედი-გერარუში. ახალი მიგნებაც სწორედ ამ ადგილიდანაა. პალეონტოლოგებმა ავსტრალოპითეკის 2.63 მილიონი წლისა და სხვა ჰომინინის 2.59 მილიონი წლის კბილები აღმოაჩინეს. ეს აღმოსავლეთ აფრიკაში მაიმუნისებრთა გვარის ცხოვრების ერთადერთი უტყუარი მტკიცებულებაა.
ავსტრალოპითეკი ლუსიც ეთიოპიაში აღმოაჩინეს. მისი სახეობა (Australopithecus afarensis) შეიძლება ის ხაზია, რომელსაც ჩვენი Homo გვარის წარმომადგენელი წინაპრები გამოეყვნენ. ახლად აღმოჩენილი კბილები აჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები ავსტრალოპითეკებთან დროსა და სივრცეში ახლოს იყვნენ.
მეცნიერებს ჯერ ზუსტად არ განუსაზღვრავთ, ზუსტად რომელი სახეობის კბილები იპოვეს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ისინი არც ლუსისას და არც მისი სახეობის სხვა წარმომადგენლებისას არ ემთხვევა.
"ვიცით, როგორ გამოიყურება ყველაზე ადრეული Homo-ს კბილები და ყბა. მხოლოდ ესაა, რაც ვიცით", — ამბობს პალეონტოლოგი ბრაიან უილმორი, კვლევის ავტორი ნევადის უნივერსიტეტიდან — "ეს სხვა ნამარხების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მხოლოდ ასე გავიგებთ ავსტრალოპითეკსა და Homo-ს შორის განსხვავებებს. პასუხებს გავცემთ ისეთ კითხვებს, რომლებიც მათ თანაცხოვრებასა და ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩენილ ნამარხებს ეხება".
წარსულში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს ორი ადრეული ადამიანი ერთ დროში ცხოვრობდა. მეორე მხრივ, ამის არქეოლოგიური მტკიცებულება აქამდე არ არსებობდა.
აღმოსავლეთ აფრიკაში სულ ოთხი ჰომინინია აღმოჩენილი: ავსტრალოპითეკის ორი განსხვავებული სახეობა, "მტკიცე ავსტრალოპითეკის" შტო (პარანთროპი) და ადრეული Homo.
კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები