სოციალური ინკლუზია გურიაში — პროექტი, რომელიც ცხოვრებას ცვლის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, განსაკუთრებით, ბავშვების თანაბარი ჩართულობა განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი საჭიროებების გათვალისწინება და მხარდაჭერა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველია, არამედ საზოგადოების მომავალში ჩადებული ინვესტიციაც.
ინკლუზიური სოციალური სერვისების განვითარება მშობლებსა და ოჯახებს აძლევს საშუალებას მათი შვილები სრულად ჩართონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გურია 2025 წლის აპრილი
ეს ის თარიღია, როცა ასოციაცია ანიკამ დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია გურიის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
“ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობისა და განვითარების გზით შევძლებთ შევქმნათ ინკლუზიური, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული და ხარისხიანი სერვისები. ერთად ვქმნით ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანი ერთნაირად მნიშვნელოვანია.” — ამბობენ ასოციაცია ანიკაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების გაუმჯობესება?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განსაკუთრებით რეგიონებში, ხშირად უჭირთ წვდომა მათთვის საჭირო დახმარებაზე. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ შეიქმნას უფრო ინკლუზიური, ყველასთვის ხელმისაწვდომი სოციალური გარემო.
სოციალური სერვისები გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ დახმარებას, არამედ ცხოვრების ხარისხის ხელშეწყობას, სწავლების, სოციალური ჩართულობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და შეასრულოს ინკლუზიური სოციალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირთა ყველა საჭიროებას.
პროექტის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
პირველ ყოვლისა, მომზადდა მარტივი და გასაგები ენით დაწერილი ბროშურები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა სოციალური სერვისებია ხელმისაწვდომი ადგილობრივ დონეზე, ვის შეუძლია მათი მიღება და როგორ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა შესაბამის სამსახურს.
ბროშურები ფართოდ გავრცელდა მუნიციპალიტეტებში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ინფორმაციის მიღებას.
ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
სოციალური სერვისების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ქალები და შშმ ბავშვების მშობლები. კამპანიების ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლები, სადაც მოსახლეობისთვის ახსნილია სოციალური სერვისების გამოყენების მნიშვნელობა და ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობა.
თემთან მუშაობა და განათლება
მუნიციპალიტეტებში ჩატარდა სამი ვორქშოფი, თითოეულში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის: ადგილობრივი სოციალური მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები. მათ გაუზიარეს პრაქტიკული ცოდნა სოციალური პროგრამების ინკლუზიური დაგეგმვისა და შეფასების შესახებ.
პერსონალური ასისტენტების მომზადება
სპეციალური სასწავლო კურსის მიხედვით 17 ადამიანი გადამზადდა, მათ მიიღეს პერსონალური ასისტენტის სტატუსი და შესაბამისი სერტიფიკატი. ეს სერვისი ხელს უწყობს შშმ პირების ყოველდღიურ მხარდაჭერას, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და დამოუკიდებლობას ზრდის.
მუნიციპალური პროგრამების შეფასების სისტემის გაძლიერება
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს სოციალური პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებაში.
კონსულტანტის ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რის შემდეგაც თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩა სოციალური პროგრამა პილოტირებისთვის. მომზადდა სამი ანგარიში, რომლებიც წარედგინა დაინტერესებულ მხარეებს.
29 ივლისის შეხვედრა ჩოხატაურში: ბავშვთა უფლებები და პერსონალური ასისტენტების სერვისი
29 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ოდა ქეარის გუნდი და შშმ ბავშვების მშობლები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ბავშვთა უფლებების დაცვა, განსაკუთრებით აუტიზმის პროგრამის ფარგლებში. ასევე განიხილეს პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარება ადგილობრივ დონეზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები ამ სერვისის ხელშესაწყობად და ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
5 აგვისტოს შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს პერსონალური ასისტენტის სერვისი – მისი მნიშვნელობა და გამოწვევები მუნიციპალიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ოდა ქეარის“ გუნდის წევრები, სპეციალისტები და მშობლები.
მიმდინარე პროცესები ოზურგეთში — უკეთესი გარემო ბავშვებისთვის
ოზურგეთში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ბავშვების გარემო იყოს უსაფრთხო და სამართლიანი. ასოციაცია ანიკა აგრძელებს პროექტს ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით და აქტიურად ახორციელებს სიახლეებს.
როგორ დაეხმარა პროექტი თემსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს?
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სოციალური სერვისების ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღეს ახალი ცოდნა და ინსტრუმენტები სოციალური პროგრამების ინკლუზიური დაგეგმვისა და შეფასებისთვის. ასევე გაიზარდა შშმ პირებისა და მათი ოჯახების ჩართულობა სოციალურ პროცესებში.
პროექტმა გააუმჯობესა კომუნიკაცია და თანამშრომლობა ადგილობრივ უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რაც წინაპირობაა უფრო ძლიერი და თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შექმნისთვის.
რას ნიშნავს ეს შშმ პირებისთვის?
პროექტის საშუალებით შშმ პირებს უფრო მარტივად აქვთ წვდომა საჭირო სერვისებზე, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის უწყებებს ინფორმირებულ და კომფორტულ გარემო პირობებში. პერსონალური ასისტენტების დახმარებით გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა ყოველდღიურ საქმიანობაში.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შშმ პირების ცხოვრების ხარისხზე, ეხმარება მათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეიქმნას მათთვის თანასწორი პირობები.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ადგილი აქვს ამ სამყაროში, როდესაც ჩვენ ვეხმარებით, ვუსმენთ და შესაძლებლობებს ვაძლევთ ერთმანეთს, ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მარტო არავინ რჩება.
სწორედ ეს არის ის, რაც გურიაში ხდება და რაც სხვაგანაც უნდა გაგრძელდეს.
კომენტარები