ანტარქტიდის ნაპირებზე 300-ზე მეტი წყალქვეშა კანიონი აღმოაჩინეს
ფოტო: ShuttersStudioStock/Shutterstock.com
ბარსელონის უნივერსიტეტისა (ესპანეთი) და კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) მკვლევრებმა ანტარქტიდის ნაპირებზე ფარული წყალქვეშა კანიონები აღმოაჩინეს. საამისოდ მათ მაღალი რეზოლუციის ბათიმეტრიული მონაცემები გამოიყენეს. მეცნიერებმა ჯამში 332 უზარმაზარი წყალქვეშა ღრმული იპოვეს. ეს ხუთჯერ მეტია, ვიდრე ადრე ჩატარებული კვლევებით იყო აღმოჩენილი.
ცნობისთვის: ბათიმეტრია წყლის სიღრმის გაზომვას ნიშნავს.
"ჩვენ მიერ შესწავლილი კანიონებიდან რამდენიმეს სიღრმე 4 000 მეტრსაც კი აღემატება", — ამბობს დავიდ ამბლასი, ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევარი — "ყველაზე საოცარი ღრმულები ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილში ვიპოვეთ. აქ კანიონთა დატოტვილი სისტემები შეგვხვდა".
როგორც წესი, ეს სისტემები კანიონთა რამდენიმე სათავიდან იქმნება, რომლებიც კონტინენტური შელფის კიდეზე მდებარეობს. ეს სათავეები ერთმანეთს ერთვის და ძირითად არხს წარმოქმნის, არხი კი ციცაბო კონტინენტურ კალთას კვეთს და ოკეანეში ჩადის.
ანტარქტიდის აღმოსავლეთში მდებარე კანიონები უფრო ჩახლართულია და U-ს ფორმა აქვს. მეორე მხრივ, დასავლეთის კანიონები უფრო მოკლე და დამრეცია — ისინი V-ს ფორმას მოგაგონებთ. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს შემთხვევითი არ არის. სავარაუდოდ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი ფარი უფრო ადრე წარმოიშვა.
ანტარქტიდა უბრალოდ ყინულის უზარმაზარი კუბი არ არის, რომელიც სამხრეთ პოლუსის გარშემო ტივტივებს. ეს კონტინენტი უამრავ გეოლოგიურ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის მთებს ან წყალქვეშა კანიონთა სისტემებს. ამ კანიონების უკეთ გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ზღვის დინებებში დიდი როლი უჭირავს. გარდა ამისა, ისინი ზღვის ცხოველებისა და მცენარეების ჰაბიტატის შექმნაში იღებს მონაწილეობს.
ასევე იხილეთ: "დაკარგული მთები" — მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულებში ჩაფლული მწვერვალები შეისწავლეს
აქამდე მეცნიერებს დედამიწის 10 ათასი წყალქვეშა კანიონი ჰქონდათ აღმოჩენილი. სავარაუდოა, რომ ასეთი კიდევ ათიათასობით კანიონი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ოკეანის ფსკერი საკმარისად კარგად არ გვაქვს შესწავლილი.
ასევე იხილეთ: ახალი კვლევის მიხედვით, კაცობრიობას ოკეანეების ფსკერის მხოლოდ 0.001% აქვს შესწავლილი
კვლევა გამოცემაში Marine Geology გამოქვეყნდა.

კომენტარები