აქვთ თუ არა თევზებს ენა?
ფოტო: Georgette Douwma via Getty Images
განმარტებათა უმრავლესობის თანახმად, ენა კუნთოვანი ორგანოა, რომელიც დამოუკიდებლად მოძრაობს. სწორედ ის აძლევს ადამიანებს გამართულად საუბრის საშუალებას. თუ ამ აღწერას დავუჯერებთ, მაშინ თევზებს ენა არ აქვთ, თუმცა მათ გააჩნიათ ორგანო, რომელიც მას ჰგავს როგორც ფორმის, ასევე ფუნქციის თვალსაზრისით.
თევზებში ენის მსგავს ორგანო ძვლიანია, კუნთოვანი არ არის, გემოს რეცეპტორები არ აქვს და თითქმის საერთოდ ვერ მოძრაობს, თუმცა ვიზუალურად ძალიან ჰგავს ენას. მიიჩნევა, რომ ეს სტრუქტურა ვენტრალური აორტის (მთავარი სისხლძარღვი) დასაცავად განვითარდა, რომელიც თევზის პირთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მათ "ენა" რომ არ ჰქონდეთ, ცოცხალმა და მოძრავმა მსხვერპლმა შეიძლება აორტა დააზიანოს.
თევზებში "ენას" კვების დროსაც აქვს დანიშნულება. ძუძუმწოვრები ენის კუნთებს ღეჭვის დროს პირის ღრუში საკვების მოსათავსებლად იყენებენ, ხოლო თევზები თავიანთი ძვლოვანი სტრუქტურით საკვებს ხორხის მიმართულებით გადაადგილებისკენ უბიძგებენ.
"ენის" ზომა და ფორმა თევზების სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულია, ზოგ მათგანს კი კბილებიც ახლავს. მაგალითად, ერთ-ერთ სახეობას, Archosargus probatocephalus-ს, კბილები პირდაპირ "ენაზე" აქვს მიმაგრებული, რაც კიბორჩხალებისა და ხამანწკების დასაღეჭად იდეალურია.
თევზების სახეობებს შორის "ენის" ფუნქციებიც განსხვავდება. მაგალითად, Toxotes jaculatrix ამ ორგანოთი მწერებს წყლის ნაკადებს აშხეფებს, ტოტებიდან ყრის და ჭამს. მეორე მხრივ, Lampetra fluviatilis კბილებით მსხვერპლის ხორცს "ხრავს".
როგორც ვახსენეთ, თევზებში "ენა" გრძნობის ორგანო არ არის. იმის გამო, რომ ეს ცხოველები მუდმივად სველ მდგომარეობაში არიან, მათ გემოს რეცეპტორები ტუჩებზე, ფარფლებსა და კანზეც კი აქვთ. მაგალითად, ლოქოებს გემოს შეგრძნება მთელი სხეულით შეუძლიათ — მათ დაახლოებით 680 000 გემოს რეცეპტორი აქვთ. შედარებისთვის, ადამიანებში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5 000-ს აღწევს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ თევზებისთვის "ენას" გარკვეული რისკიც მოაქვს, კონკრეტულად კი, პარაზიტული იზოპოდებისგან, რომლებსაც "ენის მკბენელებსაც" უწოდებენ. ისინი თევზებს "ენაზე" ეკვრიან და სისხლის მარაგს აცლიან, საბოლოოდ კი "ენა" ლპება და მის ადგილს პარაზიტი იკავებს.

კომენტარები