3 გზა ბავშვებში ემოციური ინტელექტის გასავითარებლად
მას შემდეგ, რაც 1990 წელს პიტერ სალოვეიმ და ჯონ მეიერმა ემოციური ინტელექტის (EQ) მოდელი წარმოადგინეს, ამ უნარის გამომუშავებას მრავალ სფეროში მიექცა ყურადღება. EQ, ამასთან, კარგად ყოფნისა და წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ ფაქტორადაც აღიარეს. თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების გათვალისწინებით, დენიელ გოულმანის 1995 წლის ბესტსელერის, ემოციური ინტელექტის, ქვესათაური — რატომ შეიძლება, რომ ის IQ-ზე მნიშვნელოვანი იყოს — ერთდროულად მითითებადაც ჟღერს და გაფრთხილებადაც.
ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ისე არაფერი ახდენს გავლენას, როგორც მისი პირველი მასწავლებლები და მისაბაძი ფიგურები — მშობლები. შემეცნების ყველაზე ძლიერი ფორმა კი ის გამოცდილებებია, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიური ცხოვრებისეული ურთიერთობებისა და რუტინისაგან იღებენ. გვერდით დგომა, ნდობა და მიღება-გაცემაზე დაფუძნებული კავშირები ბავშვის სოციალურ-ემოციურ ზრდას უზრუნველყოფს. მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ბავშვის განვითარებაზე ქცევებს სიტყვებზე გაცილებით დიდი გავლენა აქვთ. მოზარდის EQ ოჯახში არსებული გარემოს ფონზე ვითარდება; ამ გარემოს კი, თავის მხრივ, უფროსების მიერ გამოვლენილი თვისებები, ხასიათის სტაბილურობა და ყოველდღიური ცხოვრებისეული მიღწევებისა და მარცხებისგან გაკვეთილის გამოტანის უნარი ქმნის.
მსგავსი გამოცდილებები, რომლებშიც მარცხი ისევე დაფასებულია, როგორც მიღწევები, ბავშვებში ემოციური გამძლეობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს და ეხმარება მათ, გაუმკლავდნენ ღრმა გრძნობებს, იმედგაცრუებებსა და იმ გარდაუვალ შემთხვევებს, როდესაც ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ასეთ დროს ბავშვები სწავლობენ, რომ ემოციები მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებენ და მათ თავი არ უნდა აარიდონ. ამის შედეგად მათ უკეთ გამოსდით ღრმა გრძნობებთან გამკლავება მანამ, სანამ ვითარება მოგვარდება ან ურთიერთობები აღდგება.
ამ საკითხების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ აღმზრდელისათვის საჭირო სამ უნარს, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ, ხელი შეუწყოთ ბავშვში ემოციური ინტელექტისა და გამძლეობის განვითარებას.
1. შეგრძნებების გათავისება
ემოციური ინტელექტის აღმოცენება გაცნობიერებიდან იწყება. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ იარლიყების მიწებებასა და კატეგორიზაციას, მაგრამ გათვითცნობიერებაში მთავარ როლს გამოცდილების გამოხატვა თამაშობს. პროცესი პირველადი ემოციების შეგრძნებიდან იწყება — სხეულში განცდილი მოძრაობისგან, რომელიც მდგომარეობის შეცვლისას წარმოიშობა. შეიძლება ითქვას, რომ ემოციები გამოცდილებას აღქმად ფორმას სძენს. იმის სწავლა, თუ როგორ გამოიხატება გრძნობა, ბავშვებს სამყაროს გააზრებაში ეხმარება. ამ რეფლექტური პროცესიდან კი ემპათია იწყებს განვითარებას და მათთვის უკვე სხვების სამყაროც გასაგები ხდება.
ყოველი ჩვენგანი ემოციური ქმნილებაა, თუმცა ბავშვები გამორჩეულად მგრძნობიარენი არიან. ზრდასრულები, რადგან ისინი კოგნიტური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებიან, როგორც წესი, მომართულები არიან პრობლემების გადაჭრისაკენ და ენასა და შინაარსზე ამახვილებენ ყურადღებას. მართალია, მსგავსი ქცევა ზრდასრულთა შორის გაბმული კავშირების ქვაკუთხედი ხშირად არის ხოლმე, მაგრამ შვილისა და მშობლის ურთიერთობაში ამ უკანასკნელმა ბავშვისთვის სარკის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რათა მას გამოცდილების ინტერნალიზაცია ასწავლოს. მაგალითად, მშობლის მიერ ნათქვამი სიტყვები, "ვხედავ, გაღიზიანებული ხარ", ბავშვში თვითგაცნობიერებისა და EQ-ს განვითარებაში ბევრად დიდ როლს ითამაშებს, ვიდრე მაშინვე რჩევა-დარიგებების მიცემის რეჟიმზე გადასვლა ან პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება.
ბავშვებს ხშირად ჩვევად აქვთ, გაიმეორონ ისეთი მზა ფრაზები, რომლითაც ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ამ დროს კი, შესაძლოა, ეს ფრაზები რეალურ პრობლემასთან ან გრძნობასთან სულაც არ იყოს დაკავშირებული. ასეთ დროს მათი სახე, ტონი, ჟესტიკულაცია და სხეულის პოზა იმას აჩვენებს, რასაც ისინი რეალურად გრძნობენ. შესაძლოა, ბავშვმა მშობელს უთხრას, "ბოროტი ხარ!" იმ მომენტში, როდესაც მას რაიმეს უკრძალავენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს თავისი ემოციის — ამ შემთხვევაში, გაღიზიანების — ანარეკლი დავანახოთ, რათა მან გრძნობისა და გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირება შეძლოს. შეპასუხება, რომ თქვენ არ ხართ ბოროტი, იმგვარი დავის ფორმას მიიღებდა, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს შორის წარმოიქმნება ხოლმე. მაგრამ ამ კონტექსტში მოგებული არც ერთი მხარე არ დარჩებოდა: ბრალდების უარყოფა იმას გაუსვამს ხაზს, რომ ფრაზა ბავშვის მიერ გააზრებულად ითქვა და ეს არ იყო უბრალო სიტყვების თამაში. ამგვარი ვერბალური შერკინება კი ემოციებზე ნავთს ასხამს.
გრძნობებთან დარჩენა გამოცდილებაზე დამყარებული ემოციების ბუნებრივ ზრდასა და ვარდნას უწყობს ხელს. იმ მომენტში ბავშვი ემოციას განიცდის და დროის გასვლისა და სათანადო წვრთნის მერე მას შეეძლება, შინაგანი გზავნილი გარეგან მოვლენას დაუკავშიროს: რაღაც მოხდა (დედამ/მამამ რაღაც ამიკრძალა); მე ემოცია განვიცადე (გავღიზიანდი); ეს გრძნობა რაღაც შეტყობინებას შეიცავდა (მე შექმნილი სიტუაცია არ მომეწონა); გრძნობა გამძვინვარდა და მერე დაშოშმინდა (გაღიზიანების გრძნობას არაფერი უშავს, მაგრამ მაინც უნდა შევწყვიტო ის, რასაც ვაკეთებ).
შეგრძნებების გათავისება, ყველა სხვა უნარის მსგავსად, წვრთნას, დროსა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. პატარებისათვის ეს პროცესი შინაგანი მუშა მოდელის ჩამოყალიბებითა და თვითრეგულირებით ისწავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკულ მომენტებში მშობლებმა განგაშის ამტეხი ისეთი კითხვების დასმისაგან თავი უნდა შეიკავონ, რომლებიც იწყება სიტყვით, "რატომ... ?"
2. გამოწვევის დაფასება
მოვლენები ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ არ ვითარდება, რადგან ცხოვრებაში ყოველდღიურ მიღწევებსა და მარცხებს ვერ გავექცევით. პრობლემები, რომლებიც სასურველი ნამდვილად არ არის ხოლმე, შეგვიძლია, ნეგატიური შეგრძნებების ჩარჩოს მიღმა წარმოქმნილი ემოციებით დავახასიათოთ, რადგან მძიმე ვითარებას ზოგჯერ ნათელი მხარეც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მიზანმიმართულად ძიების არანაირი საჭიროება არ არსებობს, ჩვენ იმის უნარი უნდა გამოვიმუშაოთ, რომ გამოწვევებს ისე შევხედოთ, როგორც შანსს, გავხდეთ მეტად გონიერები და ძლიერები. ჩვენ მხოლოდ ამ გზით გამოვიტანთ გამოცდილებიდან გაკვეთილს. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული ზრდა სწორედ პრობლემების გაჩენით იწყება, ამიტომ გამოწვევა ყოველთვის შეიცავს განვითარების პოტენციალს. და თუ ასეა, რატომ უნდა მოვუსპოთ შვილებს შეცდომებზე სწავლის შანსი?
პირველ რიგში, შეიმეცნეთ პრობლემა, გრძნობა და მისი გზავნილი. ბავშვებში (ასევე ზრდასრულებშიც) გრძნობა, უბრალოდ, ამბობს, "მე ეს არ მომწონს. ეს ის არ არის, რაც მინდოდა / რასაც ველოდი".
შემდეგ საფეხურზე ჩართეთ შემოქმედებითობა და ფოკუსირდით გამოსავლის ძიებაზე. ოღონდ ძალიანაც ნუ იჩქარებთ სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვის დაწყებას. თავიდან მეგობრული ტონით ჰკითხეთ, "როგორ გგონია, ეს იმუშავებს?". ამის შემდეგ კი დასახული ქმედება რეალობაში განახორციელეთ. როდესაც საკითხს მოაგვარებთ, მათთან ერთად მიმოიხილეთ პროცესი. ასეთ დროს მარტივი რეპლიკით — "გამოგივიდა!" — თქვენ ბავშვს დადებითად განაწყობთ ახალი გამოწვევისადმი (რომელიც სულაც არ წარმოადგენს შორ პერსპექტივას).
დაიმახსოვრეთ, ემოციური გამძლეობა გამოწვევებთან გამკლავებით გამოიწრთობა.
3. გვერდით დგომის მნიშვნელობა
გვერდით ყოფნა ძლიერი იარაღია, რადგან ამ გზით ბავშვს ვეუბნებით, რომ ის ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მსგავსი სიახლოვე ბავშვს თვითაღქმისა და ემპათიის საწყის ფაზებს უვითარებს. გვერდით ყოფნა მეტწილად უსიტყვოდ გამოიხატება და ბავშვები მაგალითზე დაყრდნობით, მიბაძვის, იმიტაციისა და ორმხრივად გაზიარებული ყურადღების ხარჯზე სწავლობენ. სარკისებრი ნეირონები საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთის შინაგანი მდგომარეობები გამოვცადოთ. ამ უნარის გამოსამუშავებლად აუცილებელია, ბავშვთან გამუდმებით ვატაროთ ხოლმე დრო, რომელიც თავისუფალი იქნება გარე ჩარევებისა და ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისგან. ყურადღების ცენტრში კავშირის დამყარების მოქცევა გამოცდილების შეძენის საფუძველია.
გვერდში ყოფნის მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ გამომუშავდება იმგვარი ორმხრივობა, რომელიც აუცილებელია ურთიერთობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. ყურადღების გამოვლენა და გულშემატკივრობა ბავშვს მიანიშნებს, რომ მასთან ურთიერთობა თქვენთვის ბევრს ნიშნავს. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ურთიერთობებში იმას ვიღებთ, რასაც გავცემთ. EQ თვითშეგნებიდან აღმოცენდება და სხვების მდგომარეობაში შესვლის უნარით ვითარდება. მშობლებსა და შვილებს შორის ამგვარი მჭიდრო კავშირის გამომვლენელი მომენტები ბავშვებში ჯანსაღი ურთიერთობების მენტალური მოდელების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტატიაში განხილული სამივე უნარი ბავშვებში ემოციური ინტელექტისა და გამძლეობის განვითარებისათვის მთავარ ბირთვს წარმოადგენს. გვერდით ყოფნა ამ უნართაგან თითოეულის საფუძველია და, არსებითად, სწორედ ისაა ჩვენი ცხოვრებისთვის მთავარი ღირებულების მიმნიჭებელი.
კომენტარები