მეცნიერებმა მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის სიღრმეში არსებული სტალაგმიტი გამოიკვლიეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ამ რეგიონში ხშირი გვალვა იყო, მათ შორის ერთმა კი 13 წელს გასტანა. შესაძლოა, ამას მაიას ცივილიზაციის განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა.

წინა კვლევების მიხედვით, IX და X საუკუნეების ე.წ. ტერმინალური კლასიკური პერიოდის განმავლობაში სამხრეთ მექსიკაში რამდენიმეწლიანი გვალვები იყო. ამ პერიოდში იუკატანის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, ჩრდილოეთ რეგიონის მშრალ კლიმატში კი ზოგიერთი დასახლება არსებობას ისევ აგრძელებდა.

Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორებმა მინერალური წარმონაქმნის ფენები დეტალურად შეისწავლეს და სეზონური ნალექების შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია. ამ მეთოდმა მათ საშუალება მისცა, რომ კლიმატის მონაცემები არქეოლოგიურ მტკიცებულებებთან შეედარებინათ.

ფოტო: Sebastian Breitenbach

სპეციალისტებმა ტეკოჰის მუნიციპალიტეტის მახლობლად მდებარე გამოქვაბულის სტალაგმიტის წლიური ზრდის მაჩვენებელი ფენები გაანალიზეს. თითოეული ფენა წლის განმავლობაში გამოქვაბულის ჭერიდან ჩამოჟონილი წყლის მოცულობას ასახავს. ქიმიური შედგენილობის ცვლილებების დადგენით მეცნიერებმა თითოეული წლის ნალექიან სეზონზე — მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდზე— მოიპოვეს მონაცემები.

"ნალექიანი სეზონის განცალკევებით შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ზუსტად გავარკვიოთ, რამდენ ხანს გრძელდებოდა სეზონური გვალვა. სწორედ ეს განსაზღვრავდა, მოსავალი იქნებოდა თუ არა", — აცხადებს არქეოლოგი და ნაშრომის თანაავტორი, დენიელ ჯეიმსი.

კვლევამ აჩვენა, რომ 871-1021 წლებში ნალექიან სეზონებზე რვა გვალვა იყო, რომლებიც სამ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ასევე, ზოგჯერ მათ ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ნალექიანი წელი აშორებდა. ეს ხანგრძლივი გვალვები სოფლის მეურნეობას უქმნიდა საფრთხეს და, შესაძლოა, შიმშილობაც გამოეწვია.

მაიას მოსახლეობა წყალს რეზერვუარებში ინახავდა და რესურსს აკონტროლებდა. ამის მიუხედავად, გვალვები იმდენად ძლიერი იყო, რომ რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქალაქმა — უშმალმა — დესტაბილიზაცია განიცადა. სწორედ ამ პერიოდში შეწყდა იქ მონუმენტების აგება და მათზე თარიღების დატანა, ხოლო ყველაზე ძლიერი გვალვის შემდეგ ქალაქის პოლიტიკური სისტემა რამდენიმე წელიწადში ჩამოიშალა.

სხვა კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები, მაგალითად ახლომდებარე ჩიჩენ-იცა, კლიმატურ კრიზისს უკეთ გაუმკლავდა. გვალვის დროს მონუმენტებზე თარიღის დატანა აქაც შეწყდა, მაგრამ ქალაქმა აღდგენა შეძლო — სავარაუდოდ, ცენტრალური მექსიკიდან საკვების შემოტანის გზით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.