1-ელი ტიპის დიაბეტით დაავადებული კაცი გახდა პირველი პაციენტი, რომელმაც გენეტიკურად შეცვლილი ე.წ. კუნძულოვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ საკუთარი ინსულინის გამომუშავება შეძლო. ამ შემთხვევაში იმუნოსუპრესიული წამლებით მკურნალობა საჭირო არ გამხდარა, რაც მნიშვნელოვანია. ეს სამედიცინო შემთხვევა გამოცემა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი და მკვლევრები მას დიაბეტის მკურნალობაში პოტენციურ გარდატეხ მოვლენად მიიჩნევენ.

1-ელი ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა იმუნური სისტემა პანკრეასის კუნძულოვან უჯრედებს ანადგურებს. ისინი ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. დაავადების მართვა სინთეზური ინსულინითაა შესაძლებელი, მაგრამ არ იკურნება.

კუნძულოვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტს ბუნებრივი ინსულინის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. ამის მიუხედავად, იმუნური სისტემა ახალ უჯრედებს უცხო სხეულებად აღიქვამს და ანადგურებს. მსგავსი შედეგის ასარიდებლად პაციენტები იმუნოსუპრესიულ წამლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებენ, რაც მათ ინფექციების მიმართ დაუცველს ხდის.

შვედმა და ამერიკელმა მეცნიერებმა სხვა გზა აირჩიეს — მათ დონორის პანკრეასიდან აღებული უჯრედები CRISPR ტექნოლოგიით შეცვალეს. ასეთი გენმოდიფიცირება მიზნად არასასურველი იმუნური პასუხის თავიდან აცილებას ისახავდა და ეს მეთოდი ადამიანზე პირველად გამოცადეს.

ასევე, იხილეთ: რა არის CRISPR და როგორ ცვლის გენური ინჟინერია ჩვენს მომავალს

ტრანსპლანტაციიდან 12 კვირის შემდეგ პაციენტმა ინსულინის გამომუშავება ისე შეინარჩუნა, რომ იმუნური რეაქცია არ დაფიქსირებულა. გენეტიკური ცვლილებებით უჯრედების ზედაპირზე არსებული ორი სახის ცილის რაოდენობა შეამცირეს — ისინი იმუნურ უჯრედებს სიგნალის სახით ატყობინებს, რომ ორგანიზმში უცხო სხეულია. კიდევ ერთმა ცვლილებამ ცილა CD47-ის გამომუშავება უფრო მეტად გაააქტიურა — ის უჯრედების დაზიანებას ეწინააღმდეგება.

შეცვლილი უჯრედები პაციენტის წინამხარში გადაიტანეს. ორგანიზმმა ისინი უცხო სხეულებად არ აღიქვა და გადარჩენილმა უჯრედებმა ინსულინის გამომუშავებას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ პაციენტმა მცირე დოზა მიიღო და ყოველდღიურ ინსულინს კვლავ საჭიროებს, თუმცა პროცედურის უსაფრთხოება დადასტურდა. ახლა მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, შეძლებს თუ არა უჯრედები გრძელვადიანად ფუნქციონირებას. წარმატების შემთხვევაში დიაბეტის მართვა მნიშვნელოვნად გამარტივდება და განკურნების შანსიც გაჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.