სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის პასუხად ამბობენ, რომ კადრებს გამოაქვეყნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და არ შეაფერხებს გამოძიებას. მათივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

"გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი", — ამბობენ პრესსამსახურში.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ლონდა თოლორაიამ გაასაჯაროოს კადრები. დღეს, 7 თებერვალს სააკაშვილმა კადრებთან ერთად შუალედური დასკვნის გამოქვეყნებისკენაც მოუწოდა ინსპექტორს.

"მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს - ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან", — წერს სააკაშვილი.

თოლორაიამ 22 იანვარს რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ თუ მიიღებენ გასაჯაროების გადაწყვეტილებას წინასწარ იქნება შეთანხმებული სააკაშვილის ადვოკატებთან. ხოლო არგასაჯაროების შემთხვევაში, თოლორაია ამბობს, რომ განუმარტავენ ამის მიზეზსაც.


2021 წლის 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყვანეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.

გადაყვანის კადრებამდე, პენიტენციურმა 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 38-ე დღეს, გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა.

7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის, "საკვების" მიღების და რუსთავის ციხის დატოვების კადრების გავრცელების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

2022 წლის 11 იანვარს კი სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.