სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

აფხაზეთმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის საქმიანობა, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზანდ, აკრძალა და მას საქართველოს მთავრობის მიზნების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ოთხშაბათს, 21 იანვარს, აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან შეხვედრისას ნდობის აღდგენისა ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) მიზანში ამოიღო.

COBERM მრავალმილიონიანი პროგრამაა, რომელიც აქტიურია 2010 წლიდან და მას ევროკავშირის დაფინანსებით UNDP ახორციელებს.

"ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს თქვენთვის და აღარ განახორციელოთ მსგავსი პროექტები. ჩვენ ამას გიკრძალავთ", — განაცხადა არძინბამ.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა OC Media-ს დაუდასტურა, რომ მათ COBERM აკრძალეს.

COBERM-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა, თავის განცხადებაში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა თანახმაა "თავიდან აიცილოს ასეთი პროექტების კვლავ განხორციელება".

COBERM-ის მხარდაჭერილ აქტივობებს შორის, პროგრამა აფინანსებს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეხვედრებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეგიონის გარეთ ტარდება. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს "ინიციატივებს, რომლებიც კონფლიქტით გაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს ისახავენ მიზნად.

21 იანვრის განცხადების თანახმად, არძინბამ თქვა, რომ "აფხაზებსა და ქართველებს შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირი დიალოგის დამყარებით", პროგრამის რეალური მიზანი იყო "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა".

არძინბამ ასევე გააკრიტიკა გაეროს განვითარების პროგრამა აფხაზეთში ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის გამო, "რომელმაც შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხები წამოჭრა და ასევე საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა შეისწავლა". მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევების ჩატარების კანონიერი უფლება მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.

არძინბამ შეაქო საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ხოლო სამინისტროს სპიკერი ამტკიცებდა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება UNDP-ის ყველა აქტივობაზე.

"აკვიატებული მოთხოვნა მოსკოვიდან"

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში პროგრამის აკრძალვის შესახებ ახალ ამბებს ძირითადად სოციალურ მედიაში აფასებენ, ზოგიერთისთვის ეს შეიცავს მსოფლიოსგან აფხაზეთის კიდევ უფრო იზოლირების საფრთხეს.

ინალ ხაშიგმა, ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა დამკვირვებელმა აფხაზეთიდან, რომელიც მონაწილეობდა არაფორმალური დიალოგის პროექტებში, თქვა, რომ გადაწყვეტილება "ახალგაზრდების ხარჯზე" მიიღება და შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში.

ხაშიგმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსკოვის ზეწოლის გათვალისწინებით ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

"რამდენიმე წელია მოსკოვის მხრიდან აკვიატებული მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აფხაზეთში რუსული მოდელის მიხედვით შეზღუდოს", — განაცხადა ხაშიგმა.

მან არგუმენტად მოიყვანა რუსეთის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც მკაცრად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს რუსეთში და თქვა, რომ "ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის".

"ვფიქრობ, საბოლოოდ ეს კანონი [აფხაზეთში] მიიღება, მაგრამ არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორიც რუსეთშია. ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ მოკავშირისკენ შემხვედრ ნაბიჯს ვდგამთ", — ამბობს ინალ ხაშიგი.

მან ასევე ისაუბრა აფხაზეთის "საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონზე", რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება.

"მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, ის ზღუდავს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთში. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გამო, რომელიც საქართველოს წინადადებით არსებობს, ეს კანონი აფხაზეთს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის", — განაცხადა ხაშიგმა.


2021 წელს OC Media-მ COBRAM-ისგან დაფინანსება მიიღო, რათა დამწყები ჟურნალისტებისთვის მთელს სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის აფხაზეთში ტრენინგები ჩაეტარებინა. ამ პროგრამის ფარგლებში On.ge თანამშრომლობს OC Media-სთან და სტატიებს ქართულ ენაზე თარგმნის.

სტატია თავდაპირველად OC Media-ზე გამოქვეყნდა.