რომელია მსოფლიოს უახლესი ქვეყანა? — ის მხოლოდ 14 წელს ითვლის

ფოტო: Shutterstock.com
თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც დიდი ხნის წინ დაარსდა, მაგრამ საკმაოდ ახალი სახელმწიფოებიც არსებობს. მათ ნაწილს ერთი საუკუნე ჯერაც არ შესრულებია, ყველაზე "ახალგაზრდა" ქვეყანა კი ორ ათწლეულსაც კი არ ითვლის.
ეს სამხრეთ სუდანია, ოფიციალურად — სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა. მას მალე არსებობის სრული 14 წელი შეუსრულდება, მაგრამ, შესაძლოა, ცოტა ხანში მსოფლიოს უახლესი ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.
სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2011 წლის 9 ივლისს გამოცხადდა. დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი იმავე წლის იანვარში ჩატარდა და ამომრჩეველთა 99-მა პროცენტმა გამოხატა სურვილი, რომ ეს ტერიტორია სუდანისგან გამოყოფილიყო. ამის შედეგად დაარსდა ხმელეთით გარშემორტყმული რესპუბლიკა, რომლის ფართობი დაახლოებით 644 329 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
სამხრეთ სუდანს ჩრდილოეთით სუდანი ესაზღვრება (მათ შორის დავის საგანია აბიეის ტერიტორია), აღმოსავლეთით ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო დასავლეთით — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
სახელმწიფო ახალგაზრდაა მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებითაც. დღესდღეობით სამხრეთ სუდანში დაახლოებით 12 703 714 ადამიანი ცხოვრობს და მათი საშუალო ასაკი მხოლოდ 18.7 წელია. მოსახლეობის 42 პროცენტზე მეტი 14 წლამდეა, მაშინ როცა აშშ-ში ამავე ასაკობრივ ჯგუფში მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი შედის.
საინტერესოა, რამდენ ხანს შეინარჩუნებს სამხრეთ სუდანი მსოფლიოს უახლესი ქვეყნის სტატუსს?
შესაძლოა, მალე ეს ტიტული სხვა რეგიონს გადაეცეს — თითქმის 14 000 კილომეტრით დაშორებულ ბუგენვილს. ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი ჯერ კიდევ პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაშია, რომელიც თავადაც მხოლოდ 1975 წელს გახდა დამოუკიდებელი. ბუგენვილში დამოუკიდებლობის მოთხოვნები იმავე პერიოდში გაჩნდა, თუმცა საერთაშორისო აღიარების მიღება მაშინ ვერ მოხერხდა.
1980-იანი წლების ბოლოს ბუგენვილის რევოლუციურ არმიასა და პაპუა-ახალი გვინეის თავდაცვის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება წარმოიშვა, რომელიც პანგუნას სპილენძის მაღაროს უკავშირდებოდა. ეს, საბოლოოდ, ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა 15 000-დან 20 000-მდე იყო. დაპირისპირება 2001 წელს "ბუგენვილის სამშვიდობო შეთანხმებით" დასრულდა.
შეთანხმების ფარგლებში რეგიონს ავტონომიური მთავრობა უნდა ჩამოეყალიბებინა და მოგვიანებით დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაეტარებინა. აღნიშნული რეფერენდუმი 2019 წელს გაიმართა და დამოუკიდებლობას ბუგენვილის მოსახლეობის თითქმის 98-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ამის მიუხედავად, ბუგენვილს სახელმწიფოს სტატუსი ჯერ არ აქვს. შეთანხმების მიხედვით, დამოუკიდებლობის გამოცხადება შესაძლებელია ყველაზე ადრე მიმდინარე წელს, ხოლო ყველაზე გვიან — 2027 წელს. ზუსტი თარიღი და ფორმატი კი კვლავ განხილვის საგანია.
კომენტარები