როდის ვხედავთ ლუციდურ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში

ფოტო: Getty Images
ოდესმე გინახავთ სიზმარი, რომელშიც ხვდებით, რომ სიზმარში ხართ?
ასეთი ფაქტის გაცნობიერებას თავისი სარგებელი აქვს — სიზმარში შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. დიახ, ლუციდურ სიზმარში შეგიძლიათ იფრინოთ, კედლებზე იაროთ და ბევრი სხვა რამ.
ლუციდური სიზმრების სახელით ცნობილი მდგომარეობა უდავოდ სიურრეალისტურია და ახალი კვლევის მიხედვით, ის კიდევ უფრო უცნაურიცაა. ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლუციდური სიზმრების დროს ცნობიერება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია. განსხვავება აშკარაა როგორც სიფხიზლესთან, ისე REM ძილთან (მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ სიზმრებთან ასოცირდება) შედარებით.
კვლევის ავტორის, ჩაგატაი დემირელის თქმით, ეს ასოცირდება ტვინის აქტივობის საკუთარ უნიკალურ ტიპთან.
"კვლევა კარს გვიხსნის ლუციდური სიზმრების, როგორც ცნობიერების რთული მდგომარეობის, უფრო ღრმა გაგებისკენ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ცნობიერი გამოცდილება თავად ძილიდან შეიძლება წარმოიშვას", — განაცხადა დემირელმა პრესრელიზში.
იმის დასადგენად, თუ რა განასხვავებს გაცნობიერებულ სიზმრებს ძილის სხვა ეტაპებისგან, დემირელმა და მისმა გუნდმა წინა კვლევები შეაჯამეს — რომლებშიც ტვინის აქტივობა იზომებოდა ელექტროენცეფალოგრამის სენსორებით — და შექმნეს ძილის კვლევის ამ სფეროში ამჟამად ყველაზე ვრცელი მონაცემთა კრებული.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ტვინის აქტივობის ნიმუშები სიფხიზლის, სწრაფი თვალის მოძრაობის (REM) ფაზის ძილისა და ლუციდური სიზმრების მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ლუციდური სიზმრების დროს განცდილი უცნაური თვითშეგნება დაკავშირებულია ნეირონებში არსებულ ელექტრულ რითმებთან, ანუ ტვინის ტალღებთან.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
აღქმა და მეხსიერების დამუშავება გაცნობიერებული (ლუციდური) სიზმრის მდგომარეობაში განსხვავდებოდა არაგაცნობიერებული REM ძილისგან. სიზმარში არსებობის გააზრება დაკავშირებული იყო ბეტა ტალღებთან მარჯვენა ცენტრალურ წილში (რომელიც აკონტროლებს სივრცით აღქმას და არავერბალურ მეხსიერებას) და პარიეტალურ წილთან (რომელიც აკონტროლებს შეხების შეგრძნებასა და სივრცით აღქმას). რაც შეეხება ბეტა ტალღებს, ისინი ტვინში მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური აქტივობაა, რომელიც ჩართულია ცნობიერი აზროვნების პროცესებში, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს ცნობიერებაში ბეტა ტალღები დომინირებს, როდესაც ფხიზლად ვართ.
შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას, თუ რატომ არის ამდენი კოგნიტიური კონტროლი ლუციდურ სიზმრებში. REM ძილის ღრმა ფაზაში მყოფ ადამიანს არ აქვს ცნობიერი კონტროლი ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა აზრები, გრძნობები და ქცევები. ლუციდური სიზმრების შემთხვევაში ეს ყველაფერი ფიგურირებს.
დემირელმა გამა ტალღები ასევე ლუციდურ სიზმრებთან დააკავშირა. ეს არის ტვინის ყველაზე სწრაფი ტალღები, რომლებიც EEG-ზე მაშინ ჩანს, როდესაც ტვინი განსაკუთრებით ფხიზლადაა და რაღაცაზეა კონცენტრირებული.
როდესაც ლუციდური სიზმარი იწყება, გამა ტალღები იზრდება მარჯვენა პრეკუნეუსის ნერვულ ტვინში, რომელიც მონაწილეობს თვითრეფერენციულ აზროვნებაში. ამაში იგულისხმება საკუთარ თავზე და არსზე ფიქრი. როდესაც ფხიზლად ვართ, ხშირად სწორედ ამ ტიპის აზროვნებას მივმართავთ ხოლმე.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ლუციდური სიზმრის დროს ტვინის მდგომარეობა დაახლოებით ისეთია, როგორიც ეს ფსიქოდელიური ნივთიერებების მიღებისას.
"ტვინის ეს აქტივობა LSD-ისა და აიაჰუასკას ეფექტს ჰგავს. ამ ტიპის ფსიქოდელიური გამოცდილება ასევე ასოცირდება პრეკუნეუსთან", — ამბობენ მკვლევრები.
მეორე მხრივ, ლუციდური სიზმრების დროს არ ხდება ეგოს ცვლილება და ცნობიერთან კავშირის დაკარგვა, როგორც ეს ფსიქოდელიური ნივთიერებების მიღებას ახასიათებს.
კვლევა Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები