შექმნეს სინთეზური საკვები, რომელიც ფუტკრებს ბუნებრივ მტვერს ჩაუნაცვლებს

ფოტო: IFLScience
მეცნიერებმა სრულიად სინთეზური საკვები შექმნეს, რომელიც, შესაძლოა, ფუტკრების გადასარჩენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ის მათ კოლონიებში უნდა მოთავსდეს, რაც მწერებს ბუნებრივი მტვრის გარეშე არსებობის საშუალებას მისცემს.
სიახლე ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბელგიაში არსებული კომპანია APIX Biosciences-ის მკვლევრების ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგია. ის სხვა შინაური ცხოველებისთვის შექმნილ საკვებს ჰგავს, რომლებიც ყველა აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს, რაც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს საკვები ფუტკრების კოლონიების განადგურებას შეაჩერებს. ასევე, იმ გლობალურ სასურსათო მარაგებს დაიცავს, რომლებიც ფუტკრების მიერ დამტვერვაზეა დამოკიდებული.
ფუტკრები გლობალური ეკოსისტემებისა და სოფლის მეურნეობის ნაყოფიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი მთავარი დამამტვერიანებლები არიან, რომლებიც მსოფლიოს სასურსათო კულტურების 75%-ისა და ველური ყვავილიანი მცენარეების 90%-ის შენარჩუნებაში მონაწილეობენ. ფუტკრები ახლა საფრთხის წინაშე არიან. ნექტარი და მტვერი მათთვის ძირითადი საკვები წყაროა, მაგრამ ეს ბუნებრივი რესურსები სხვადასხვა ფაქტორის გამო თანდათან უფრო რთულად მოსაპოვებელი ხდება.
"მიწის დამუშავებასთან დაკავშირებული ცვლილებები, ქალაქების გაფართოება და ექსტრემალური კლიმატური პირობები როგორც ფუტკრების, ასევე სხვა დამამტვერიანებლების კვებაზე უარყოფითად აისახება", — ნათქვამია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორის, ბრენდონ ჰოპკინსის, განცხადებაში — "ფუტკრები უნივერსალური მწერები არიან და კვებისთვის მხოლოდ ერთ წყაროს არ ეყრდნობიან. მათ მრავალფეროვანი დიეტა სჭირდებათ, რათა გადარჩნენ, თუმცა კოლონიის შენარჩუნებისთვის მტვრის უწყვეტი წყაროა აუცილებელი. მისი მარაგის მოძიება კი მათთვის სულ უფრო რთული ხდება".
ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრების კოლონიები რეკორდული სიჩქარით ინგრევა, რაც ამ მნიშვნელოვანი მწერების მასობრივ სიკვდილს იწვევს. ფუტკრების სიკვდილმა არა მხოლოდ კომერციული მეფუტკრეები მიიყვანა ფინანსური განადგურების ზღვარზე, არამედ თაფლის მოსავლიანობაც შეამცირა.
ამ კრიზისმა სიახლის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა, ხოლო ფუტკრისთვის ახლად შექმნილი საკვები ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ეს საკვები, რომელსაც "ენერგიის ფილას" უწოდებენ, შეიძლება, პირდაპირ სკებში მოთავსდეს, სადაც მას მუშა ფუტკრები დაამუშავებენ და ლარვებსა თუ სხვა ფუტკრებს გაუნაწილებენ. ათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში მეცნიერებმა ფუტკრებზე სხვადასხვა ინგრედიენტით მიღებული საკვები გამოცადეს, ამის შემდეგ კი მათ მასშტაბური საველე კვლევები ჩაატარეს.
"ამ კვლევამდე ფუტკრები ერთადერთი სამეურნეო მწერები იყვნენ, რომელთა შენარჩუნებაც ხელოვნური საკვებით არ შეეძლოთ", — ამბობს პატრიკ პილკინტონი, APIX Biosciences-ის აშშ-ის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი — "ჩვენს პროდუქტს პოტენციალი აქვს, რომ ფუტკრების მოვლის წესი ძირეულად შეცვალოს. მისი მიწოდება მწერების ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს".
ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იზოფუკოსტეროლის როლი იყო. ის მოლეკულაა, რომელიც მტვერში ბუნებრივად გვხვდება და ფუტკრებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებაა. იმ მწერებმა, რომლებმაც იზოფუკოსტეროლით გამდიდრებული საკვები მიიღეს, მთელი სეზონი მტვრის გარეშე უპრობლემოდ გაატარეს. ფუტკრები, რომლებსაც დანამატები არ მიაწოდეს, საკმაოდ შემცირდნენ.
ახალი პროდუქტის შემოწმების მიზნით საველე ტესტები ჩაატარეს. საკვები ნუტრიენტების ნაზავს მოიცავდა, რომელიც ფუტკრების გადარჩენისთვის აუცილებელია. კვლევა იმ მწერებზე ჩატარდა, რომლებიც მოცვისა და მზესუმზირას პლანტაციებთან ახლოს ჰყავდათ, რადგან ეს მცენარეები მათ დაბალი ხარისხის მტვერს აძლევს. როგორც აღმოჩნდა, ახალი საკვების წყალობით ფუტკრებმა გადარჩენა და კოლონიის გაზრდა შეძლეს.
"ზოგი მეფუტკრე მოცვის დამტვერვას აღარ უზრუნველყოფს, რადგან კოლონიები იხოცებიან, ხოლო დამტვერვის საფასური დანაკარგებს ვერ ანაზღაურებს", — ამბობს ჰოპკინსი — “ახალი საკვები ამ პრობლემას მოაგვარებს”.
ახალი პროდუქტი მეფუტკრეებსა და ფერმერებზე დადებით გავლენას იქონიებს, როდესაც ის გაყიდვაში ჩაეშვება. მიუხედავად ამისა, მწერებს უფრო დიდი საფრთხეებიც ემუქრებათ, რასაც ახალი საკვები ვერ მოაგვარებს. სანამ კლიმატის ცვლილება, საბინადრო გარემოს დაკარგვა და სოფლის მეურნეობის ინტენსიური პრაქტიკები გაგრძელდება, ფუტკრებისა და სხვა მწერების მომავალი კვლავ საფრთხის ქვეშ დარჩება.
კვლევა გამოცემაში Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები