ადამიანის გვარი დედამიწის გარემო-პირობებში ჩამოყალიბდა. მილიონობით წლის განმავლობაში მასზე ამ პლანეტის მსუბუქი გრავიტაცია, უნიკალური ატმოსფერული შედგენილობა, წყალი და შორიდან მომავალი მზის სითბო ზემოქმედებდა. ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი და ტვინის ყოველი იმპულსი სწორედ ამ ციურ სხეულზეა მორგებული. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა მოხდება, თუ კაცობრიობა სულ სხვა პლანეტაზე დასახლდება, მაგალითად, მარსზე?

ეს ერთდროულად მიმზიდველი პერსპექტივაცაა და უდიდესი გამოწვევაც. ტექნიკურ სირთულეებზე რომ არაფერი ვთქვათ, წითელი პლანეტის მკაცრი პირობებისთვის ადამიანის სხეული ბიოლოგიურად აბსოლუტურად მოუმზადებელია. იქ გრავიტაცია დედამიწის მხოლოდ მესამედია, ატმოსფერო კი თხელია და უმეტესად ნახშირორჟანგისგან შედგება. ასევე, წითელი პლანეტის ზედაპირს მავნე რადიაციისგანაც ვერაფერი იცავს.

ამ საფრთხეების ასარიდებლად მარსზე სათანადო საცხოვრებელი გარემოს მოწყობა შესაძლებელია, თუმცა იქ გადარჩენა მაინც რთული იქნება. ამის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი ახალ პირობებს შეეგუოს ისე, როგორც დედამიწის ცვალებად გარემოს მოვერგეთ ევოლუციის განმავლობაში.

ამ იდეას რაისის უნივერსიტეტის ბიომეცნიერების პროფესორი, სკოტ სოლომონი, განიხილავს. მისი აზრით, სხვა პლანეტაზე მდგრადი კოლონიის დაარსება კაცობრიობას ევოლუციური განვითარების სულ სხვაგვარ მიმართულებას მისცემს. სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ადამიანები, რომლებიც მარსზე იცხოვრებენ, ამ პლანეტის პირობებს შეეგუებიან. ვინაიდან ეს გარემო დედამიწისგან რადიკალურად განსხვავდება, მათი სხეულის ფორმა, ბიოლოგიური მახასიათებლები და გენეტიკა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

მარსის ზედაპირი.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell/ASU

ასეა თუ ისე, რადიაცია მაინც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მისგან დედამიწას მაგნიტოსფერო და ატმოსფერო იცავს, მარსს კი მსგავსი დამცავი მექანიზმი არ გააჩნია, რის გამოც მისი ზედაპირი მუდმივად ძლიერი დასხივების ქვეშაა. სკაფანდრებისა და ზედაპირქვეშა თავშესაფრების მიუხედავად, ეს რადიაცია მარსზე მცხოვრებ ადამიანებზე დიდ გავლენას იქონიებს. სოლომონის თქმით, იქ კიბოს გავრცელების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება.

მეცნიერი განმარტავს, რომ ასე რომც არ მოხდეს, მუტაციები მაინც მოსალოდნელია. სწორედ ესაა ადაპტაციის საფუძველი. შესაბამისად, თუკი რადიაცია მომაკვდინებელი არაა, მისი მაღალი დონის გავლენით, შესაძლოა, მარსის კოლონიაში გენეტიკური მრავალფეროვნება მივიღოთ — ბუნებრივი სელექციის მეტი შანსი.

სოლომონის თქმით, ვინაიდან ევოლუცია ნელა და თანმიმდევრულად მიმდინარეობს, ამ ცვლილებებს დიდი დრო დასჭირდება და მრავალი თაობის შემდეგ გამოჩნდება. პროფესორი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მარსზე ევოლუციური პროცესები უფრო სწრაფადაც წარიმართოს, ვიდრე დედამიწაზე.

დედამიწაზე რადიაციისგან კანის პიგმენტი მელანინიც გვიცავს, განსაკუთრებით კი მისი ტიპი ეუმელანინი, რომელიც მუქ შეფერილობაზეა პასუხისმგებელი. რაც უფრო მეტია ეუმელანინი, მით უკეთესია ბუნებრივი დაცვა გარკვეული ტიპის რადიაციისგან. აქედან გამომდინარე, სოლომონი ვარაუდობს, რომ ბუნებრივი გადარჩევა მარსზე მცხოვრებ ადამიანებში ეუმელანინის დონის გაზრდას შეუწყობს ხელს. გამოდის, რომ მარსთან ადაპტაციის შესაძლო შედეგი მუქი კანი შეიძლება იყოს. შესაძლებელია ისიც, რომ მარსელებში სრულიად ახალი ტიპის პიგმენტები წარმოიქმნას.

ფოტო: Phys.org

თუ ევოლუციის პროცესი ათასწლეულებს გასტანს, ჩნდება კითხვა: ხომ არ განვითარდებიან მარსელი ადამიანები იმდენად განსხვავებულად, რომ ისინი ქვესახეობად ან, სულაც, ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ, მაგალითად, Homo sapiens martianus-ად?

სოლომონს ეს სრულიად რეალურ შესაძლებლობად მიაჩნია, თუმცა იგი ყურადღებას ამახვილებს სხვა, მეტად აბსტრაქტულ, სოციალურ საკითხებზე. მაგალითად, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ორი დონის კაცობრიობა — ერთი მარსზე და მეორე დედამიწაზე. ამ სცენარში ბევრი დაუდგენელი ფაქტორია, მაგრამ ეთიკური, მორალური და სხვა დილემები არსებობს. პირობითად: არის თუ არა მართებული, რომ ბავშვი დაიბადოს სხვა პლანეტაზე, საიდანაც, შესაძლოა, დედამიწაზე ვერასდროს ჩამოვიდეს?

მეცნიერი ფიქრობს, რომ კულტურა, პოლიტიკა და ყველაფერი, რაც ადამიანს განსაზღვრავს, ასეთ სცენარში აუცილებლად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისი თქმით, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ცნობილმა ავტორებმა ამ საკითხებზე საფუძვლიანად იფიქრეს და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი იდეები ერთგვარ გაკვეთილადაც აღვიქვათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.