ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის განცხადებით, 21 დეკემბერს ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში კოვიდპაციენტმა მორიგე ექთანს კისრისა და ლოყის არეში ბასრი საგნით 2 ჭრილობა მიაყენა. ასოციაციის თავმჯდომარის, სალომე ლოლუას ცნობით, ახლა დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"დილის 5 საათზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი აკეთებდა შემოვლას, შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა, დაინტერესდა, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით. საბოლოოდ, პაციენტმა ექთანს მიაყენა ორი ჭრილობა. ერთი, ლოყის არეში, რასაც 7 ნაკერი დასჭირდა, რამაც დააზიანა, აგრეთვე, სანერწყვე ჯირკვალი, რასაც რთული რეაბილიტაციის პერიოდი დასჭირდა და მეორე, რომელიც მიაყენა მას, ყელის არეში", — განაცხადა ლოლუამ.

ლოლუამ როგორც კლინიკის, ასევე, დაშავებულის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევა არა დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. მისივე თქმით, დამნაშავე მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ლოლუა აღნიშნავს, რომ კოვიდპანდემიასთან ერთად, მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირდა და ისინი კლინიკებში თავს დაცულად არ გრძნობენ. ამასთან, ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ძალადობის ფაქტები რეგიონებსა და კერძო კლინიკებში უფრო ხშირია.

"მედპერსონალი ზოგადად ვერ გრძნობს კლინიკაში თავს დაცულად, როგორც იცით, კლინიკების უმეტესობა კერძოა, შესაბამისად, კერძო ბიზნესმენს არ სურს, რომ ე.წ ზედმეტი ხმაური გამოიწვიოს მისი ბიზნესის ირგვლივ, ამიტომ, მედპერსონალს თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებს. მაშინ, როცა საქმე დანაშაულთან გვაქვს, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, მაინც თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებენ.

მეორე — რეგიონებში არსებულ კლინიკებში უფრო დაუცველია მედპერსონალი, ვიდრე თბილისში. თბილისში ადგილობრივი დაცვის სამსახური უფრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მისთვის დაკისრებულ მოვალეობას უკეთ ასრულებს, ვიდრე რეგიონებში", — განაცხადა მან.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.