ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემის 10 მომენტი, რომელმაც მართლა ჰოგვორტსში დაგვაბრუნა
2001 წელს სამყარომ ტელეეკრანებზე პირველად იხილა ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა. მან შუბლზე დაკლაკნილი დაიარევითა და მრგვალი სათვალით ჯოან როულინგის წიგნებიდან გადმოაბიჯა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები განსხვავებული ასაკის, გემოვნებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები გააერთიანა. ეს განსხვავებული ადამიანები ერთ რამეზე თანხმდებიან: მაშინ, როცა მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგაა და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს, ჰოგვორტსი მზადაა, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მარტივია: ჰარი პოტერის თითოეული წიგნიდან თუ ფილმიდან იმედი გამოსჭვივის, რომ ყველა სირთულე ჩაივლის და სიყვარულის, მეგობრობისა და სიმამაცის ჯადოქრობა ფეხზე წამოდგომაში დაგვეხმარება.
გასული 2-3 წელი განსაკუთრებულად რთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ამიტომ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში დაბრუნება და ამოსუნთქვა სულ უფრო ხშირად გვჭირდებოდა. ასეთ რთულ დროს ჰარი პოტერის სამყარომ საჩუქრად კიდევ ერთი პატარა ჯადოქრობა გამოგვიგზავნა და ჩვენს საყვარელ ჰოგვორტსში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი წელი სპეციალური გადაცემით, სახელად ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება დაიწყო.
სპეციალური გადაცემის გამოსვლა პირველად ნოემბერში დაანონსდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გადაცემას საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა. მართლაც, სპეციალურ ეპიზოდში რამდენიმე შეცდომაც გაეპარათ და ვერც რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი, მათ შორის, ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი ვიხილეთ. ამის მიუხედავად უამრავი სახალისო თუ ემოციური კადრს მიღმა ისტორია მოვისმინეთ და ჩვენს საყვარელ მსახიობებსაც შევხვდით.
ჰარი პოტერის ფანებისთვის ჰოგვორტსში დაბრუნება ნამდვილად ემოციური მოგზაურობა აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა, თუ რატომ გვიყვარს ეს ისტორია ასე ძალიან.
მაშ ასე, გთავაზობთ ჰოგვორტსში დაბრუნების 10 ჯადოსნურ მომენტს, რომელმაც ნოსტალგიით აგვავსო და მართლა ჰოგვორტსში დაგვაბრუნა:
1. წერილების მიღება, ნაცნობი პლატფორმა და მატარებელი
ჰარი პოტერის სამყაროში შესაბიჯებლად ნებისმიერ ადამიანს ჰოგვორტსის წერილი სჭირდება. სწორედ ასე იწყება სპეციალური გადაცემაც: ჩვენი საყვარელი გმირები წერილებს იღებენ, შემდეგ ნაცნობ პლატფორმაზე ხვდებიან, რომლის ნომერია 9 და 3/4 და მატარებლით ჰოგვორტსისკენ მიემართებიან. ეს კადრები იმ ნოსტალგიურ მომენტს გვახსენებს, როცა ბავშვობაში ჰოგვორტსში ჰარისთან ერთად პირველად შევაბიჯეთ, ამიტომ ცრემლების შეკავება განსაკუთრებით რთულია.
2. კარგად ნაცნობი ჯადოსნური მელოდია და ჰარი პოტერის გამოჩენა
"არც ის შეეძლო, სცოდნოდა, რომ არსებობდა ხალხი, ვინც ახლა, ამწუთას, მთელ ქვეყანაში საიდუმლოდ იკრიბებოდა, ჭიქას მაღლა სწევდა და ჩურჩულით წარმოთქვამდა: 'გაუმარჯოს ჰარი პოტერს — ბიჭს, რომელიც ცოცხალი გადარჩა", — ასე სრულდება ფილოსოფიური ქვის პირველი თავი, რომელშიც ჩვილ ჰარის ვეცნობით. სწორედ ამ სიტყვებისა და ჩვენი საყვარელი მელოდიის ფონზე შემოდის დენიელ რედკლიფი სპეციალურ გადაცემაში და ჯადოსნური თავგადასავლის ახალი თავიც იწყება!
3. მსახიობების პირველი ნაბიჯები ჰარი პოტერის სამყაროში
ჰოგვორტსში დაბრუნებაში მსახიობები ერთმანეთს და ფილმების რეჟისორებს გაესაუბრნენ. მათ კასტინგზე მისვლა და როლების მიღება გაიხსენეს, აგრეთვე, გაგვიმხილეს ემოციები, რომლებიც საკუთარ პერსონაჟებთან აკავშირებთ. ემა უოტსონმა და რუპერტ გრინტმა აღიარეს, რომ ჰერმიონთან და რონთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ. ეს პირველი ორი ფილმის რეჟისორმა, კრის კოლუმბუსმაც დაადასტურა და აღიარა, რომ როლებზე ორივე ძალიან მარტივად დაამტკიცა.
კრის კოლუმბუსის თქმით, განსაკუთრებით რთული ჰარი პოტერის როლის შემსრულებლის პოვნა იყო. როგორც აღმოჩნდა, დენიელ რედკლიფი დევიდ კოპერფილდში შესრულებული როლით იპოვეს, თუმცა მშობლებს არ უნდოდათ, პატარა დენიელს ასეთი დიდი როლი მიეღო და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვლილიყო. საბოლოოდ, მათი დარწმუნება მაინც შეძლეს და ასე გაიცნო სამყარომ როულინგის ჯადოსნური ისტორიის მთავარი გმირი.
4. საინტერესო კადრს მიღმა ფაქტები და ისტორიები
სპეციალურ გადაცემაში უამრავი საინტერესო კადრს მიღმა ფაქტი და ისტორია მოვისმინეთ. მაგალითად, როგორც აღმოჩნდა ჰოგვორტსის დარბაზში მფრინავი ანთებული სანთლები კომპიუტერული გრაფიკა სულაც არ ყოფილა. ნამდვილი სანთლები ჭერზე თოკებით იყო დამაგრებული, რის გამოც ერთხელ სანთლები მთელ დარბაზში ჩამოცვივდა.
კიდევ ერთი სახალისო მომენტი დამბლდორის ფენიქსი იყო, რომელიც დამბლდორის როლის შემსრულებელ რიჩარდ ჰარისს სიცოცხლის ბოლომდე ნამდვილი ფრინველი ეგონა. თურმე, ცეცხლოვანი თასის გადაღებისას ჯეიმს ფელპსმა (ფრედ უისლი) რეჟისორს ჭიდაობისას ნეკნი გაუტეხა, ემა უოტსონი კი წვეულებაზე ვარდისფერი კაბით კიბეზე დაშვებისას დაგორდა.
მოკლედ, კადრს მიღმა ფაქტებისა და ისტორიების მოსმენა ნამდვილად არ მოგბეზრდებათ.
5. სასიყვარულო თავგადასავლები ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე
მსახიობებმა გაიხსენეს, რომ ცეცხლოვანი თასის გადაღებების დროს ჰაერში სიყვარულის სურნელი ტრიალებდა. გადასაღებ მოედანზე ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ემა და დენიელი კი ერთმანეთს სასიყვარულო რჩევებს აძლევდნენ. ემამ მისი და ტომ ფელტონის ურთიერთობაც გაიხსენა:
"გადაღებების დაწყებამდე ჩვენი ერთ-ერთი დავალება იყო, რომ დაგვეხატა, თუ როგორი წარმოგვედგინა ღმერთი. ტომმა გოგო დახატა, რომელსაც კეპი ეხურა და სკეიტბორდზე იდგა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ზუსტად მაშინ შემიყვარდა. ყოველდღე ვამოწმებდი იმ ფურცელს, რომელსაც ეწერა რომელ დღეს რა სცენას ვიღებდით და მასში ვინ მონაწილეობდა. როცა ტომის სახელს ვხედავდი, ის დღე უკვე განსაკუთრებული იყო. თუმცა ტომი ჩემზე 3 წლით უფროსი იყო და ეს სიტუაცია უფრო იმას ჰგავდა, რომ უბრალოდ მისი პატარა და ვიყავი", — ამბობს მსახიობი.
მართალია, ემა უოტსონი და ტომ ფელტონი ერთმანეთს არასდროს ხვდებოდნენ, მაგრამ ტომის თქმით, მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. "ემას მიმართ ძალიან მზრუნველი ვიყავი და ის ჩემთვის ძვირფასი იყო, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ შორის ყოველთვის იყო რაღაც ნათესაური კავშირის მსგავსი", — ამბობს ფელტონი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში დენიელიც შეყვარებული იყო და მისი რჩეული ჰელენა ბონემ კარტერი იყო. ჰელენამ, რომელიც ფილმებში ბელატრიქსის როლს ასრულებს, დენიელის მიერ დაწერილი სასიყვარულო წერილიც მოიტანა:
"მიყვარხარ და ვოცნებობ, 10 წლით ადრე დავბადებულიყავი, რომ შენთან შანსი მქონოდა. ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ ასეთი მაგარი ხარ", — წაიკითხა დენიელმა.
6. გარდაცვლილი მსახიობების გახსენება
გადაცემაში უამრავ ემოციურ მომენტს შორის განსაკუთრებულად სევდიანი გარდაცვლილი მსახიობების გახსენება იყო, რომელთა შორისაც ალან რიკმანი (სევერუს სნეიპი), რიჩარდ ჰარისი (ალბუს დამბლდორი პირველ ორ ფილმში), რიჩარდ გრიფიტსი (მისტერ დერსლი), ჰელენ მაკკრორი (ნარცისა მალფოი) და სხვები არიან. მათი გახსენებისას ტომ ფელტონთან ერთად ცრემლებს ვერც თქვენ შეიკავებთ.
7. სირთულეები, რომელთან გამკლავებაც ახალგაზრდა მსახიობებს უხდებოდათ
ბავშვობიდანვე ლეგენდარულ ფილმებში თამაში ჯადოსნურ მომენტებთან ერთად სირთულეებსაც უკავშირდება, რაზეც მსახიობებმაც ისაუბრეს. მათ ის შემთხვევაც გაიხსენეს, როცა ემა უოტსონი ფილმებიდან წასვლას გეგმავდა, რადგან პოპულარულობასა და მასთან დაკავშირებულ შფოთვასთან გამკლავება უჭირდა. რუპერტმა ისიც აღნიშნა, რომ დროდადრო რონის როლიდან გამოსვლა უჭირდა და იმასაც ფიქრობდა, რომ ამ პერსონაჟის განსახიერების გარდა სინამდვილეში არაფერი შეეძლო.
8. ოჯახი, რომელიც ჰარი პოტერმა შექმნა
ალბათ, სპეციალურ გადაცემაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დეტალი მსახიობებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბოა, რომელიც მათ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა. გადაცემაში ჰარი პოტერის გადაღებების პირველი და უკანასკნელი დღეების ამსახველი კადრები ვნახეთ, მოვისმინეთ ის განსაკუთრებული ისტორიები, რომლებიც მსახიობებს ერთმანეთთან აკავშირებთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოჯახი, მეგობრობა და სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ჯადოქრობაა.
9. ჰარი პოტერის ისტორიის მნიშვნელობა სამყაროსთვის
მსახიობებმა და რეჟისორებმა ძალიან ბევრი ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჰარი პოტერის ფილმები მათთვის და როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ მათი ცხოვრება. ამის მიუხედავად, მათ არც ის გავლენა დავიწყებიათ, რომელმაც ჰარი პოტერის ისტორიამ სამყაროზე მოახდინა:
"რაღაც ისეთი აქვს ჰარი პოტერს, რაც სამყაროს უფრო საოცარს ხდის. როცა ყველაფერი წყვდიადითაა მოცული და ცუდად ვართ, ეს ამბები გვაძლევენ ადგილს, სადაც დასვენება შეგვიძლია", — ამბობს ემა უოტსონი.
10. "-ამდენი ხნის შემდეგაც კი?
-ყოველთვის"
ჰოგვორტსში დაბრუნება ჰარი პოტერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფრაზით სრულდება:
"-ამდენი ხნის შემდეგაც კი?
-ყოველთვის".
მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა, ჩვენი საყვარელი პერსონაჟები გაიზარდნენ და ჰოგვორტსის წერილის მიღებასაც აღარ ველით, მეგობრობისა და სიყვარულის რწმენა, რომელიც ამ ჯადოსნურმა სამყარომ ჩაგვინერგა, სამუდამოა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყველაზე რთულ სიტუაციებში ამ ისტორიებს დავუბრუნდებით და ყოველთვის მზად ვიქნებით, ჰარისთან ბოლომდე დავრჩეთ.
ამავე თემაზე:
- 10 რამ, რაც ჰარი პოტერმა დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე გვასწავლა;
- 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი ჰარი პოტერიდან, რომელიც ყველა მაგლს გამოადგება;
- 13 ჯადოსნური მომენტი, რომელმაც ჰერმიონ გრეინჯერი ჩვენს საყვარელ პერსონაჟად აქცია;
- ტესტი: რამდენად ყურადღებით წაიკითხე ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა?;
- ტესტი: ჰოგვორტსის რომელი პროფესორი ხარ?
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები