ჰარი პოტერის ჯადოსნური თავგადასავალი ის გამორჩეული ისტორიაა, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანებს აერთიანებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ჰოგვორტსის, ჯადოქრების, ჯადოსნური ნივთებისა თუ ქმნილებების მიღმა რეალური გრძნობები და ამბები იმალება, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია.

სიყვარულის, მეგობრობის, ოჯახისა და სიმამაცის გარდა, ჰარი პოტერის ისტორიის მთავარი თემები სიკვდილი, დანაკარგი და მისგან გამოწვეული ტკივილია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად თითოეული ჩვენგანისთვის უფრო ნაცნობი ხდება. ალბათ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ წლების განმავლობაში ჰარის ისტორიას ხელახლა ვუბრუნდებით და მასში აღწერილი სევდიანი მომენტები ჩვენთვის სულ სხვანაირად ახლობელი ხდება.

თუ აღნიშნული გრძნობები შენთვისაც ნაცნობია, მაშინ შენთან ერთად გავიხსენებ იმ 10 გაკვეთილს, რომელიც დანაკარგსა და ტკივილზე მასწავლა ბიჭმა, რომელიც გადარჩა:

1. შესაძლოა, იმ ადამიანების დაკარგვას განიცდიდე, რომელთაც არასდროს შეხვედრიხარ ან არ გახსოვს

ფოტო: Warner Bros.

ერთ-ერთი პირველი, რასაც ჰარი პოტერის შესახებ ვიგებთ, ისაა, რომ მას მშობლები არ ჰყავს. ლორდმა ვოლდემორმა ბიჭს დედ-მამა ჩვილობაშივე დაუხოცა, ამიტომ ჰარის ჯეიმს და ლილი პოტერები არ ახსოვს. მიუხედავად ამისა, დღე არ გავა, რომ ჰარი მშობლების არყოფნას არ განიცდიდეს. მაშინაც კი, როცა მათ მონატრებას სიტყვებით არ გადმოსცემს, მისი თითოეული ქმედება თუ სხვებისადმი დამოკიდებულება ნათლად გვატყობინებს, რომ ოჯახურ სითბოსაა დანატრებული და მშობლების სიყვარულზე მეტად არაფერი უნდა.

2. სიკვდილი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დასასრული არაა

ფოტო: Warner Bros.

მართალია, საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემდეგაც კი უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ცხოვრება გავაგრძელოთ, თუმცა ეს აუცილებლად მათ დავიწყებას არ გულისხმობს. მათი გახსენება, მათთან დაკავშირებული ნივთების შენახვა თუ სხვა გზები შესაძლოა დანაკარგით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავების ჯანსაღი ფორმაც იყოს. ასეთ დროს მათ სიკვდილს აცნობიერებ და ცხოვრებას აგრძელებ, თუმცა ამ ადამიანებს შენს გულში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

ჯადოქრების სამყაროში მოხვედრილი ჰარი საკუთარი მშობლების შესახებ ახალ-ახალ დეტალებსა და ისტორიებს ისმენს, მათ უკეთ იცნობს და მათთან ურთიერთობას აგრძელებს. მშობლების გარდაცვალება ჰარისთვის მათ დავიწყებას და უკან მოტოვებას სულაც არ ნიშნავს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დანაკარგი, ტკივილი და მასთან გამკლავების ხერხები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია, შესაბამისად, ჰარის მიდგომა ყველა ადამიანისთვის ნაცნობი ვერ იქნება.

3. ...მაგრამ ამასობაში ცხოვრების გაგრძელება არ უნდა დაგავიწყდეს

ფოტო: Warner Bros.

როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, საყვარელი ადამიანების სიკვდილის შემდეგ მათ მოგონებებთან ერთად ცხოვრება შესაძლოა, ბევრისთვის ბუნებრივი იყოს, თუმცა ამასობაში არც მტკივნეული სიმართლე უნდა დაგვავიწყდეს: გარდაცვლილები უკან არ დაბრუნდებიან, ჩვენ კი მათ ლოდინში ცხოვრების გაგრძელება არ უნდა დაგვავიწყდეს.

ამის ნათელი მაგალითი ჰარი პოტერში "სილივრუს სარკის" ისტორიაა. "სილივრუს სარკეში" ჩახედვისას ადამიანი სანუკვარი ოცნებების ახდენის მოწმე ხდება, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ილუზიაა. ჰარი სარკეში საკუთარ თავს მშობლებთან ერთად ხედავს. ის სარკით შეპყრობილი ხდება, სხვა ყველაფერი ავიწყდება და მის წინ საათებს ატარებს. საბოლოოდ, სარკეს დამბლდორი მალავს და ჰარის მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის: სარკეში ჩახედვისას ოცნებებში ჩაძირულს რეალობა არ უნდა დაგავიწყდეს. ტკივილთან ერთად ცხოვრება რეალობისგან გაქცევის გარეშე უნდა ისწავლო.

4. ხანდახან დანაკარგით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებაში ოჯახის წევრები ვერ/არ დაგეხმარებიან

ფოტო: Warner Bros.

საზოგადოებაში ჩამოყალიბებული რწმენა, რომ ოჯახი და ნათესავები ჩვენი მთავარი საყრდენია, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის მაგალითი დერსლების ოჯახია, რომლებიც ჰარისთან ერთად ცხოვრების მიუხედავად, მას არაფრად აგდებენ — მშობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავებაში დახმარებაზე საუბარი ზედმეტია. ეს დეტალი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ "ოჯახი" ყოველთვის სიყვარულს არ გულისხმობს. თუმცა, საყვარელი ადამიანების საპოვნელად სისხლით კავშირი საჭირო სულაც არაა და ამის საუკეთესო მაგალითი ჰარისთვის ჰაგრიდი, სირიუსი, უისლების ოჯახი და ჰერმიონია.

5. იმ ადამიანების დაკარგვასაც შეიძლება განიცდიდე, რომლებიც ცოცხლები არიან

ფოტო: Warner Bros.

ხანდახან ცოცხალ ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და ამის გამო ტკივილის განცდა ნორმალურია. მაგალითად, ნევილის მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუმცა სიკვდილის მხვრელების მიერ წამების შემდეგ, ის ადამიანები აღარ არიან, ვინც ადრე იყვნენ. ამის გამო ნევილი, ფაქტობრივად, მშობლების გარეშე იზრდება.

მეორე მაგალითი, რომლის შესახებაც, ვფიქრობ, საკმარისად ხშირად არ ვსაუბრობთ, ჰერმიონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, როდესაც მშობლების დასაცავად მათ საკუთარი თავს ავიწყებს. ფილმში კარგად ვხედავთ, როგორ ქრება ფოტოებიდან, სახლიდან და მშობლების ცხოვრებიდან ჰერმიონი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნები და ფილმები ამ დეტალზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებს, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტია.

საბედნიეროდ, წიგნის ავტორის, ჯოან როულინგის თქმით, სიკვდილის საჩუქრების მოვლენების შემდეგ ჰერმიონი მშობლებს მეხსიერებას უბრუნებს და ოჯახი კვლავ ერთადაა.

6. შინაური ცხოველის/ფრინველის დაკარგვა არანაკლებ მტკივნეულია

ფოტო: Warner Bros.

ჰარი პოტერის გულშემატკივრებისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ჰედვიგის სიკვდილი აღმოჩნდა. ჯადოქრების სამყაროში ჰარის ერთ-ერთი პირველი მეგობარი პატრონის ჭირსა და ლხინს 6 წლის განმავლობაში ერთგულად იზიარებს. ჯოან როულინგმა აღნიშნა, რომ ჰედვიგის სიკვდილი ჰარის ბავშვობის აღსასრულის სიმბოლოა. ამ ემოციურმა დეტალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შინაური ცხოველისა თუ ფრინველის დაკარგვა ხშირად ოჯახის წევრის დაკარგვის ტოლფასია.

7. დანაკარგით გამოწვეულ ტკივილისგან გაქცევა მას ვერ შეამსუბუქებს

ფოტო: Warner Bros.

ჰარის ნათლიის, სირიუსის სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჰარის პიროვნებისთვის გარდამტეხი მომენტია. ჰარის თავიდან მისი სიკვდილის არ სჯერა, შემდეგ გაბრაზებულია. გაბრაზებას უიმედობა და ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა მოსდევს. ჰარის სამყარო ფერებს კარგავს, თუმცა საკუთარ გრძნობებზე საუბარს მათი უგულებელყოფა ურჩევნია. რა თქმა უნდა, ეს ტკივილს ვერ ამსუბუქებს.

ფენიქსის ორდენში დამბლდორი ჰარის საშუალებას აძლევს, დაგროვებული ბრაზი მთლიანად გადმოანთხიოს და ეუბნება, რომ ტკივილის განცდა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ჰარი ჩვეულებრივი ადამიანია.

ჰარის ტკივილი ერთბაშად არ უყუჩდება. ამისათვის მას ხანგრძლივი გზის გავლა და მეგობრების, მათ შორის, ლუნას დახმარება სჭირდება. ტკივილი არასდროს ქრება, თუმცა ჰარი მასთან ერთად ცხოვრებას თანდათანობით სწავლობს.

8. ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაკარგი გამოუცდიათ, ხანდახან სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ

ფოტო: Warner Bros.

თუ მძიმე დანაკარგი გამოგიცდია, ალბათ, კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ასეთ გამოცდილებას მთელი ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია — სულ სხვა ფერებში აღიქვამ სამყაროს, ადამიანებსა და მოვლენებს.

ამის კარგი მაგალითი ჰარი პოტერში თესტრალების გამოჩენაა. თესტრალი უწყინარი ჯადოსნური არსებაა, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს, ვინც სხვის სიკვდილს შესწრებია. ჰარი თესტრალებს სირიუსის სიკვდილისა და ჰოგვორტსში 5 წლის განმავლობაში სწავლის შემდეგ პირველად ხედავს. თავიდან გაურკვევლობა და შიში იპყრობს, რადგან მისი მეგობრები ამ უცნაურ არსებებს ვერ ხედავენ, თუმცა სწორედ ამ დროს მის დასამშვიდებლად ლუნა ჩნდება. ლუნა ბავშვობაში საკუთარი დედის სიკვდილს შეესწრო, ამიტომაც ჰარისთან საერთო ენას მალევე პოულობს.

9. შესაძლოა, ტკივილი ბოლომდე არასდროს გაქრეს

ფოტო: Warner Bros.

დანაკარგით გამოწვეული ტკივილი რომ ხანდახან ბოლომდე არასდროს ქრება, ამის საუკეთესო მაგალითი სევერუს სნეიპია. ლილი პოტერის სიკვდილის შემდეგ წლების გასვლის მიუხედავად, სნეიპის ტკივილი არ გამქრალა — ზოგიერთი დანაკარგი ხომ ჩვენს ცხოვრებას დაღს ასვამს. ამ ტკივილს სნეიპი, საბოლოოდ, ჰარის დასახმარებლად საჭირო ძალად აქცევს, თუმცა სიცოცხლის ბოლო წამებშიც კი ერთადერთი, ვიზეც ფიქრობს, ლილია.

"-ლილი? ამდენი წლის შემდეგ?

-ყოველთვის."

10. მიუხედავად ყველაფრისა, შენი საყვარელი ადამიანები ყოველთვის შენ გვერდით არიან

ფოტო: Warner Bros.

სიკვდილის საჩუქრებში ჰარი, რომელიც მზადაა, ვოლდემორს დაუპირისპირდეს და საკუთარი თავი სამყაროს გადასარჩენად გაწიროს, საყვარელ ადამიანებს ხელახლა ხვდება — ლილი, ჯეიმსი, სირიუსი და სხვები მასთან ერთად არიან. როდესაც ჰარი დედას ეკითხება, თუ რატომ არიან მასთან, ლილი პასუხობს, რომ ჰარი არც არასდროს მიუტოვებიათ. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მათი დანახვა არ შეეძლო, ჰარის საყვარელი ადამიანები მუდამ მის გვერდით იყვნენ.

ჰარი პოტერი სხვადასხვა პერსონაჟებისა და მათი ისტორიების დახმარებით 7 წიგნის განმავლობაში გვარწმუნებს, რომ იმ საოცარ გრძნობას, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, სიკვდილიც კი ვერ მოერევა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ ვხედავთ, ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენს გულში მანამ ცხოვრობენ, სანამ მათზე ვფქირობთ და დახმარება გვჭირდება.

ბონუსი: მარტო არ ხარ

ფოტო: Warner Bros.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან დანაკარგით გამოწვეული ტკივილი არ ქრება, ყველაზე მთავარი, რასაც ჰარი პოტერი გვასწავლის ისაა, რომ მარტო არ ვართ. ჰარის გასაჭირის გადატანაში ჰაგრიდი, ჰერმიონი, რონი და უისლების ოჯახი დაეხმარა. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი შეგვიძლია, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გვქონდეს.

გაკვეთილები, რომელსაც ჰარი პოტერი დანაკარგისა და ტკივილის შესახებ გვასწავლის, საბოლოოდ ერთ დიდ იმედის ნაპერწკლად იქცევა, რომელიც გზას გაუნათებს ყველას, ვისაც ჰგონია, რომ მარტოა და ამ წყვდიადს თავს ვერასდროს დააღწევს. ჰოგვორტსი ხომ ყოველთვის მზადაა, ხელი გაუწოდოს მას, ვინც კი დახმარებას ითხოვს?!

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.

ამავე თემაზე: