აზერბაიჯანი მედიაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
მას შემდეგ, რაც მედიის შესახებ ახალი კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღეს, აზერბაიჯანის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იმართება. კანონპროექტმა ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა — ისინი შიშობენ, რომ ის პრესის თავისუფლებასა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.
კანონპროექტს ამ წლის დასაწყისიდან ელოდნენ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, მედიის განვითარების სააგენტო (MEDIA) დააარსა, რომელსაც კანონპროექტის მომზადება და 2 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის წარდგენა დაავალა.
10 დეკემბერს სახელმწიფო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტები, MEDIA-სთან ერთად რამდენიმე პრო-სამთავრობო მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და კანონპროექტი გააცნეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, კანონპროექტმა ახალი ამბების სააგენტოებში გაჟონა, ხოლო 14 დეკემბერს, პირველი მოსმენის დღეს, პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტი რეგულაციების ფართო არეალს მოიცავს, მათ შორის, განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს ჟურნალისტი და სხვადასხვა საფუძველზე შინაარსის შეზღუდვებსაც გულისხმობს.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ცენტრალიზებულ სახელმწიფო რეესტრს შექმნის. ჟურნალისტებისა და მედიის სუბიექტების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ის, ვინც უარს იტყვის, კარგავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და სამთავრობო ღონისძიებებსა თუ პრესკონფერენციებზე დასწრების უფლებას.
მიღების შემთხვევაში, კანონი ჟურნალისტებს სამხედრო საგანგებო სიტუაციებისა და რელიგიური ექსტრემიზმის გაშუქებას შეუზღუდავს, ამასთან, ფარული კამერებითა და ხმის ჩამწერებით მოპოვებული მასალების გამოქვეყნებას აუკრძალავს.
კანონპროექტს მრავალი ექსპრეტი და ჟურნალისტი შეეწინააღმდეგა — მათ ხელისუფლებას პროექტის რედაქტირებისკენ მოუწოდეს.
"სახელმწიფოს ვერ ექნება ყველა მედია ლიცენზია თავისთვის. სიხშირეების სიმწირის გამო, მხოლოდ ტელევიზია და რადიოს რეგულირება შეიძლება, მაგრამ ინტერნეტის რეგულირება, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს, გაუმართლებელია", — უთხრა მედია იურისტმა, ალასგარ მამედლიმ BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურს.
პარლამენტის წინ ჟურნალისტებმა ორი საპროტესტო აქცია უკვე გამართეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გამოსვლები გაგრძელდება.
პოლიცია ორივე აქციაზე ძალის გამოყენებით ჩაერია, მონაწილეებს საპროტესტო ბანერები წაართვა და ისინი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევა.
ბოლო საპროტესტო აქციის დროს, 28 დეკემბერს, ჟურნალისტი, ნარგიზ აბსალამოვა დაშავდა — მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ძალა გამოიყენეს, ის წაიქცა და ფეხი მოიტეხა.
აზერბაიჯანი მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ყველაზე შემზღუდველ ქვეყნებს შორის ადგილს უკვე იკავებს. რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე 2021 წლის მედიის თავისუფლების ინდექსის გამოთვლის დროს 180 ქვეყნიდან მას 167-ე ადგილი მიანიჭა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები