სატანის ყველაზე შთამბეჭდავი სახეები, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურამ შემოგვინახა
სატანის რელიგიური კონტექსტიდან ამოღებით მწერლებმა ცოდვის ბუნება ახლებური კუთხით აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცუდი სახელით სარგებლობს, სატანა, როგორც პერსონაჟი, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გადაუაზრებიათ. ის დანტესა და მილტონის ტრაგიკული და შეცდენილი ბოროტმოქმედიდან გოეთესა და ბულგაკოვის სარკასტულ ანტიგმირად ჩამოყალიბდა. ეშმაკის ამ სახეცვლილ დახასიათებათა შედარება საკმაოდ ბევრს გვიყვება მათი შემქმნელების თანამედროვეობაზე.
იქიდან გამომდინარე, თუ როგორ კარგად ვიცნობთ დღეს სატანას, შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ "დიადი მოწინააღმდეგე" თავიდან აბრაამისეული რელიგიების ნაწილი სულაც არ ყოფილა. პირიქით, პერსონაჟი დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა იძერწებოდა, მისი ამბავი კი სხვადასხვა ევრაზიული მითების შეზავებით ჩამოყალიბდა. ამასთან, ამა თუ იმ საზოგადოების თავისებურებათა გათვალისწინებით, იცვლებოდა ეშმაკის ურთიერთობაც ღმერთთან და ადამიანთან.
იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი თეოლოგი სატანას ედემის ბაღში არსებულ გველად მიიჩნევს, დაბადების წიგნი არსად ახსენებს არც მის სახელს და არც რაიმეს მასთან დაკავშირებულს. სატანა პირველად იობის წიგნში ჩნდება, სადაც ის ერთგული, თუმცა ცბიერი ანგელოზის სახით გვევლინება. მას კაცობრიობისათვის განსაცდელის მოვლინება აქვს დავალებული, რათა ადამიანები იძულებულნი გახდნენ, კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანი გააკეთონ.
თავის წიგნში, სატანის საწყისები, რელიგიის ისტორიკოსი ელეინ პეიჯელსი ამტკიცებს, რომ სატანა ღმერთის ანტაგონისტად მხოლოდ პირველ საუკუნეში იქცა. ქრისტეს იმ ებრაელი მიმდევრების გაერთიანებისათვის, რომლებიც რომის იმპერიის მიერ დაუნდობლად იდევნებოდნენ, სახარების ავტორებმა დაამკვიდრეს "ისინი ჩვენ წინააღმდეგ" ნარატივი. ამგვარ პარადიგმაში ქრისტეს მიმდევართა მოწინააღმდეგეები თვით ეშმაკის განსხეულებად წარმოჩნდნენ.
როგორც ბოროტების სიმბოლო, სატანა მალევე გამოჩნდა სხვადასხვა არარელიგიურ ტექსტშიც. ამგვარი მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურის იმ რელიგიური ტექსტების მიღმა გატანით, საიდანაც ის თავდაპირველად გავიცანით, მწერლებმა არა მხოლოდ გავლენა მოახდინეს ცოდვის ბუნების ჩვენეულ აღქმაზე, არამედ ერთი-ორი რამ იმ რელიგიური ინსტიტუტების შესახებაც გვასწავლეს, რომლებიც მისგან დაცვას გვპირდებოდნენ.
ღვთაებრივი კომედია — სატანა
რელიგიური ტექსტების გარეთ, სატანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვერსიას დანტეს ღვთაებრივ კომედიაში ვხვდებით, სადაც ის საზარელ, სამთავიან მხეცადაა გამოყვანილი. გამომწყვდეული ყინულოვან ტბაში (რომელიც, ირონიულად, მისივე ფრთების განრისხებული ქნევით გაიყინა), ეს ოდესღაც მშვენიერი სინათლის ანგელოზი ქრისტიანობისა და იტალიის ისტორიაში ყველაზე დიდ მოღალატეებს — იუდა ისკარიოტელსა და იულიუს კეისრის მკვლელებს, ბრუტუსსა და კასიუსს შთანთქავს.
დანტეს სატანა, რომელიც ჯოჯოხეთის ცენტრში სუფევს, ნაწარმოებში სამოთხიდან ყველაზე შორს მყოფი არსებაა. ეს გასაგებიცაა, რადგან დანტე მას ღმერთის საწინააღმდეგო ძალად სახავს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი უძრავ მამოძრავებელ ძალადაა წარმოდგენილი — არსებებად, რომლებიც ვარსკვლავების მსგავსად იზიდავენ სხვებს, თუმცა თავად სტატიკურნი რჩებიან. მაგრამ თუ ღმერთი თავისი ნებით სუფევს ერთ ადგილას, სატანას სხვა გამოსავალი არ აქვს.
სასჯელი, რომელიც სატანამ ღვთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის დაიმსახურა, ნამდვილად პოეტურია. დამწყვდეული გოლიათი, რომელსაც ფიქრისა და ლაპარაკის უნარი წართმეული აქვს, გამოცხადების წიგნში აღწერილი ანგელოზის აჩრდილიღაა. მან ღმერთის მსახურებას თავისუფალი ნება არჩია და თავისი ეშმაკობა და ქარიზმა სამოთხეში ამბოხების დასაწყებად გამოიყენა.
ეს ამბოხი არათუ წარუმატებელი აღმოჩნდა, არამედ, ამასთან, სატანა ზუსტად იმ მდგომარეობაში ჩააგდო, რის წინააღმდეგაც მან გაილაშქრა. თუმცა ამ პერსონაჟის შესახებ ყველაზე შემაშფოთებელი რამ არა მისი სასჯელი, არამედ ისაა, რომ ის უძლურია, გაიაზროს თავისი საზარელი ხვედრი.
დაკარგული სამოთხე — ლუციფერი
ლუციფერი — ჯონ მილტონის ეპიკური პოემის, დაკარგული სამოთხის ანტაგონისტი — ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პერსონაჟადაა მიჩნეული. როცა თანამედროვე კულტურაში სატანის სახეებზე ვსაუბრობთ — იქნება ეს Netflix-ის ამავე სათაურის მქონე შოუ (Lucifer) თუ სხვა ისეთი სერიალები, როგორებიცაა Breaking Bad და Peaky Blinders — ნათელი ხდება, რომ მათი შთაგონების წყარო პერსონაჟის სწორედ მილტონისეული ვერსია გახლავთ: მოძრავი, მოქნილი და ქარიზმატული.
როგორც დანტესთან, მილტონის შემთხვევაშიც მისი პოეტური გენიალურობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ხელოვანმა საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობაზე გადაცემული რელიგიური ნარატივისთვის ახალი თავების შემატებაც კი შეძლო. პოემაში ის დაბადების წიგნის ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს, რომელიც "ადამიანის დაუმორჩილებლობისა და, შედეგად, სამოთხიდან განდევნის" თემატიკაზეა აგებული.
მილტონი დიდ დროს უთმობს ლუციფერის აჯანყების მოტივების წარმოჩენას, რის შედეგადაც ის გადაჭრით საუბრობს იმ საკითხებზე, რომელთაც ღვთაებრივი კომედია მხოლოდ გაკვრით თუ ეხება. პერსონაჟს მილტონისეული ხედვითაც დამოუკიდებლობა სურს, თუმცა მისი ეს სურვილი ყველაფერია, გარდა პათოლოგიურისა. "სჯობს ჯოჯოხეთში მეფობა სამოთხეში მორჩილებას", — ამბობს ლუციფერი.
სატანა, რომელსაც დაკარგულ სამოთხეში ვხვდებით, განსაკუთრებული პოპულარობით დასავლელ მკითხველში სარგებლობდა. რედაქტორმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა, ედ საიმონმა წამოაყენა იდეა, რომ სატანის კონკრეტულად ამ ვერსიას ახასიათებს "დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რომელიც შესანიშნავად აღწერს ზოგიერთი ამერიკელის სახეს". თავისუფლების მისეული მოთხოვნილება — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ქაოსისა და ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს — იდეალურად ეხმიანებოდა განვითარებადი კაპიტალისტური ეკონომიკის სულისკვეთებას.
ფაუსტი — მეფისტოფელი
მილტონისგან საუკუნით დაშორებულმა პოეტმა, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, სატანის არქეტიპი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით განავითარა. მისი ნაწარმოები, ფაუსტი, გვიყვება ცხოვრებაზე გულაცრუებული პროფესორის შესახებ, რომელმაც იმის მცდელობაში, რომ ერთხელ მაინც განეცადა ჭეშმარიტი ბედნიერება, საკუთარი სული დემონს, სახელად მეფისტოფელს მიჰყიდა.
მართალია, მეფისტოფელი ეშმაკის მსახურია და არა — თვითონ ეშმაკი, ამ ორს იმდენად ხშირად ადარებენ ერთმანეთს, რომ შეგვიძლია, ისინი ერთსა და იმავე კონტექსტში განვიხილოთ. უფრო მეტიც, ამ დასკვნის გამოტანა თავად მკითხველს დემონის სახელზე დაკვირვებით შეუძლია: ის შეიცავს ბერძნულ უარყოფით ნაწილაკს — me და სიყვარულის აღმნიშვნელ ბერძნულსავე სიტყვას — philos.
იობის წიგნის შემდეგ პირველად, სატანა არ არის წარმოსახული ავტორისეული სამყაროს ცენტრად. სამოთხის წინააღმდეგ აჯანყებისა და განდევნის ნაცვლად, გოეთეს მეფისტოფელი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ამას სიამოვნებითაც კი აკეთებს. საკუთარი სურვილებისა და შურისძიების ტყვედ ყოფნის მაგივრად, სატანის ეს გადათამაშება ძლევამოსილებას იბრუნებს.
ცინიზმი და მოხერხებულობა მეფისტოფელს პიესის სხვა გმირებისგან აშკარად გამოარჩევს და მას საოცრად მიმზიდველ პერსონაჟად აქცევს. იმის მიუხედავად, რომ ის განუწყვეტლივ ცდილობს ფაუსტის შეცდენასა და მისი სულის ხელში ჩაგდებას, საბოლოო ჯამში, დემონი მას უკეთესობისაკენ ცვლის. იმ თავგადასავლის წყალობით, რომელსაც მეფისტოფელი პროფესორს განუსაზღვრავს, ეს უკანასკნელი სამოთხის გზას პოულობს.
ოსტატი და მარგარიტა — ვოლანდი
მხოლოდ მიხაილ ბულგაკოვის ნაირ მწერალს შეეძლო, ყოფილიყო საკმარისად მამაცი და გამბედავი, რომ სატანა თავის რომანში ანტაგონისტად გამოეყვანა და ის, ამასთანავე, ეფექტური და დამაჯერებელიც გაეხადა. წიგნში, ოსტატი და მარგარიტა, ეშმაკი მოულოდნელად განსხეულდება 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში, რათა მის ათეისტ მოსახლეობას განსაცდელი მოუვლინოს.
შესაბამისად, ის ჩნდება ფორმაში, რომელიც იმდროინდელი საბჭოთა მოქალაქეებისათვის განსაკუთრებით არასასიამოვნო იქნებოდა: როგორც მოსკოვში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული გერმანელი პროფესორი. მისი კულტურული იდენტობა შეიძლება აიხსნას გოეთეს ფაუსტისაგან შემორჩენილი ზეგავლენითაც და იმ ქსენოფობიური დამოკიდებულებითაც, რომელიც მაშინდელ საბჭოთა მოსახლეობას თავიანთი სულ უფრო ფაშისტურად განწყობილი მეზობლების მიმართ ჰქონდათ.
მეფისტოფელის მსგავსად, ვოლანდიც რელიგიური სტატუს კვოს ნაწილია. თუმცა შემცდენლისა და ადამიანთა მწამებლის ოფიციალური თანამდებობა მას საშუალებას აძლევს, ერთდროულად სულების წამწყმედიც იყოს და შემწყნარებელიც. მაგრამ მეფისტოფელისგან განსხვავებით, ბულგაკოვის ეშმაკი მარტო არ მოქმედებს. რომანში, ოსტატი და მარგარიტა, ის აზარტული თამაშების მოყვარული ვამპირებისა და სიგარიანი კატების გარემოცვაში გვხვდება.
როდესაც ედუარდ ერიქსონს ვოლანდისა და სატანის სხვა ვერსიებს შორის განსხვავებაზე დაუსვეს შეკითხვა, მან აღნიშნა, რომ ბულგაკოვისეული სატანა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ნიშნეული იდეების გავლენითაა შექმნილი. ღმერთის სახელით მოქმედი, ის უფრო ბრძენია, ვიდრე სულელი: იმის ნაცვლად, რომ გზააბნეული იყოს, ის გააზრებულად მუშაობს და თავისივე დაგებულ მახეში არ ყოფს თავს.
კომენტარები