ყალბი კოვიდ პასპორტები და აცრის სერტიფიკატები საქართველოსა და სომხეთში
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადებისა და გაცემის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, 26 ოქტომბერს კოვიდ პასპორტის დამზადება-გასაღების ბრალდებით პასუხისგებაში 9 ადამიანი მიეცა, 18 ნოემბერს გამოავლინეს საიუველირო მაღაზია, სადაც კოვიდ ტესტებს უკანონოდ აკეთებდნენ, 3 დეკემბერს კი აცრის ყალბი საბუთის დამზადებისთვის სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავეს. ეს ქვეყანაში ყალბი კოვიდ პასპორტებისა და აცრის სერტიფიკატების გაცემის არასრული ჩამონათვალია.
კოვიდ პასპორტებისა და ტესტების გაყალბების შემთხვევები ხშირია სამეზობლოშიც. მაგალითად, სომხეთი ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატების გამო დაპატიმრებების ტალღამ ოქტომბრის დასაწყისში მოიცვა. სომხეთის მთავრობის თანახმად, 700-ზე მეტმა ადამიანმა ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში ჯანდაცვის მუშაკებისგან ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატი იყიდა.
სომხეთში ყალბი ვაქცინაციის სერთიფიკატების გაცემა მას შემდეგ გახშირდა, რაც ვაქცინა ან ყოველ ორ თვეში PCR ტესტების აღება მრავალი დასაქმებული მოქალაქისთვის სავალდებულო და ფასიანი გახდა.
"დავამზადებინებდი ყალბ კოვიდ პასპორტს, აცრა არ მინდა"
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის შეღწევის შემთხვევაში ვაქცინაცია მოსალოდნელი გართულებებისგან გვიცავს, 21 წლის ხატია გუნდაძეს აცრის ჩატარება არ სურს და ამბობს, რომ მწვანე პასპორტის მისაღებად კოვიდ დადასტურებულ მეგობარს სპეციალურად ჩაეხუტა.
"მინდოდა კოვიდი დამდასტურებოდა და კოვიდიან მეგობარსაც ჩავეხუტე. გავიტესტე მესამე დღეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გადამედო. მინდოდა დამდასტურებოდა, რადგან კოვიდ პასპორტს ძალიან ბევრგან ითხოვენ და გვიშლის ხელს. ამიტომ, თუ ძალიან დამჭირდება, დავამზადებინებდი ყალბ საბუთს, რადგან ვაქცინაცია არ მინდა", — ამბობს ხატია.
რამდენიმე თვის წინ არმინემ (სახელი შეცვლილია) ერევნის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში Covid-19-ის ვაქცინაციის ყალბი მოწმობა აიღო. მან მედიცინის მუშაკს ამისთვის 30 000 დრამი (63 აშშ დოლარი) გადაუხადა. ამის შემდეგ ის ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა, როგორც ორი დოზით ანუ სრულად ვაქცინირებული მოქალაქე.
"არ ვენდობი ვაქცინებს, არ მინდოდა აცრა, რადგან არ მჯერა, რომ ვაქცინები საშიში არ არის. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. რატომ უნდა გავიკეთო აცრა, თუ მაინც უნდა დავინფიცირდე? ჩემი ზოგიერთი ნათესავი აიცრა, მაგრამ კოვიდი მალე დაუდასტურდათ", — ამბობს ის.
20 წლის მარიამ აგიაშვილი სრულად ვაქცინირებულია. Pfizer-ის მეორე დოზით 21 დეკემბერს აიცრა. გვეუბნება, რომ მეორედ აცრის შემდეგ თავს გაცილებით მშვიდად გრძნობს და ვაქცინაციისკენ თანატოლებსაც მოუწოდებს.
"წინასწარ ვრცელდება ამ ვაქცინებზე ნეგატიური დასკვნები. თუნდაც ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ ქსელებში, რომელიც უბრალოდ აბსურდულია. ყველა ვაქცინა საკმარისად გამოცდილია. ასე რომ არ იყოს, არც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დაუშვებდნენ ვაქცინაციას", — ამბობს მარიამი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ძალიან იშვიათი უკუჩვენების გარდა, არ არსებობს რეალური, ლოგიკური, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიზეზი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. ის აღნიშნავს, რომ პირიქით, უპირველეს ყოვლისა, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანები უნდა იცრებოდნენ.
როგორია საქართველოს გამოცდილება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში On.ge-ის განუცხადეს, რომ 2 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი ცნობის დამზადება-გამოყენების 18 შემთხვევა გამოავლინეს, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა 3 ადამიანის მიმართ დაწყო. მათ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებას ედავებიან, ხოლო კიდევ 15 ადამიანს — ყალბი დოკუმენტების გამოყენებას.
უწყებაში, ასევე, განგვიცხადეს, რომ ბრალდებულები თითო ასეთ დოკუმენტს საშუალოდ 20-დან 50 ლარის ფარგლებში ასაღებდნენ.
"რაც შეეხება ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადების საკითხს, აღნიშნული ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში თბილისში მიეცა, რომელმაც 2 ცალი ყალბი კოვიდ პასპორტი ჯამში 140 ევროს სანაცვლოდ დაამზადა და გაასაღა. ორივე სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", — განგვიცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
გარდა ამისა, დაკავებულები არიან #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ აცრის ყალბი საბუთი დაამზადეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე უკანონოდ დაარეგისტრირეს. შედეგად, მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი იმუნიზაცია გავლილი არ ჰქონდა, აცრილად აღირიცხა და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები მიენიჭა.
ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებით დასტურდება, რომ ქმედება ერთჯერად ხასიათს არ ატარებდა, ამიტომ, უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, თუკი კონკრეტული საბუთი კანონით დადგენილი წესით არ აქვთ აღებული, საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გამოცხადდნენ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.
"წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", — ამბობს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ოფიციალური დოკუმენტის გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს ანგარების მიზნით.
გარდა ამისა, 31 აგვისტოს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში განაცხადეს, რომ დაკავებულია 7 ადამიანი, რომლებმაც 350 ევროს სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადეს და გადასცეს Covid 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც ისინი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
ნოემბერში, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამოავლინეს საიუველირო მაღაზია, სადაც კოვიდ ტესტებს უკანონოდ აკეთებდნენ.
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები რუსთავსა და ბათუმშიც გამოვლინდა.
"რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა. ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს", — აღნიშნავს კაპანაძე.
ყალბი კოვიდ პასპორტებისა და სერტიფიკატების დამზადების შემთხვევებზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისიტროსაც ვთხოვეთ. უწყებას ვკითხეთ, რა კეთდება სამინისტროს მხრიდან მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად და ასევე, რამდენად მწვავე პრობლემად მიაჩნიათ ეს საკითხი, თუმცა ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
როგორია სომხეთის გამოცდილება
სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი პროცესი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, მანამდე აცრა რისკ ჯგუფებისთვის ტარდებოდა. პირველ თვეებში ვაქცინაციის მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო. პროცესი ზაფხულის თვეებში ოდნავ გააქტიურდა, რასაც ხელი საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ვაქცინაციის მოწმობის სავალდებულო მოთხოვნამ შეუწყო. ასევე, სომხეთში უცხოელებისთვის, განსაკუთრებით კი ირანელებისთვის უფასო ვაქცინაციის შემოღებამ.
თუმცა ტემპი მაინც დაბალია. ამავდროულად, დგას ყალბი კოვიდ პასპორტებისა და სერტიფიკატების პრობლემა. 7 ოქტომბერს სომხეთის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყანაში ყალბი ვაქცინაციის დოკუმენტების მიმოქცევის პრობლემის გადაჭრა დაავალა.
"ყალბი ვაქცინაციის შესახებ აღარ მინდა გავიგო. დააპატიმრეთ ისინი", — განუცხადა ფაშინიანმა პოლიციასა და ეროვნულ უშიშროებას.
ამის შემდეგ, 13 ოქტომბერს შირაქის რაიონის ქალაქ გიუმრის საოჯახო მედიცინის ცენტრში ექვსი სამედიცინო მუშაკი დააკავეს. სომხეთის ხელისუფლების თანახმად, ცენტრის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტები 5 000-10 000 სომხური დრამის (10-20 აშშ დოლარი) სანაცვლოდ გასცეს.
ერთი დღით ადრე კი, ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სოფელ იერანოსში, გეგარქუნიკის რეგიონში, ასევე ყალბი ვაქცინის სერტიფიკატების გავრცელებისათვის კლინიკის ექთანი დააპატიმრეს.
ყალბი ვაქცინაციის მოწმობების გაცემის შესახებ ცნობები ამ შემთხვევის შემდეგაც ვრცელდებოდა. პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად გრძელდება, რადგან მთავრობამ სამსახურში გამოცხადებისთვის ვაქცინაციის მოწმობის ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა სავალდებულო გახადა.
"ერთ საათში PCR-ის პასუხები 30 ლარად, პრაქტიკულად, გაყალბების ტოლფასია"
აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ ყალბი კოვიდ პასპორტები და ტესტები საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. იგი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან ზოიძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მნიშვნელოვანია სახელმწიფომ PCR ტესტების სანდოობაზე კონტროლი დაიწყოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრისთვის ეს მომგებიან საქმიანობად იქცა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიხსნა PCR ლაბორატორიები, შეუძლებელია ყველა მათგანი სანდო იყოს. აქ მხოლოდ აპარატის ჩამოტანაზე არ არის, მნიშვნელოვანია პერსონალი, მომზადება, როგორ იღებ, მერე ტესტის შედეგები. კვლევას რამდენად სწორად ატარებ, რადგან ის საკმაოდ რთულია. ერთ საათში PCR-ის პასუხები 30 ლარად, პრაქტიკულად, გაყალბების ტოლფასია", — ამბობს ექსპერტი On.ge-სთან.
ზოიძის თქმით, ტესტის უარყოფითი პასუხი ადამიანს აძლევს თვითდაჯერებას და მისდაუნებურად მის ირგვლივ ბევრ ადამიანს საფრთხის წინაშე აყენებს.
"ადამიანს ჰგონია, რომ ის არის უსაფრთხო გარშემომყოფთათვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გაკონტროლდეს, ყველა გაყალბების ფაქტის მხილება საჯაროდ მოხდეს და სათანადო რეაგირება მოჰყვეს", — ამბობს აკაკი ზოიძე.
საქართველოში მწვანე პასპორტის გაყალბების ხშირ შემთხვევებს არ პროგნოზირებს პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე, რადგან, მისი თქმით, ის, ჯერჯერობით, ადამიანებს რეალურ დისკომფორტს არ უქმნის.
"ერთეული შემთხვევები იქნება, მაგრამ მასიურად არ მგონია. მწვანე პასპორტის იდეა ხომ არის, რომ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან და პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენენ, მოტივაცია გაუჩნდნენ, რომ აიცრან. რეალურად კი არანაირი შეზღუდვა არ წესდება და ეს მწვანე პასპორტი არანაირ მოტივაციას არ ქმნის. თან ეს საქმე სანახევროდ და დაგვიანებით არის გაკეთებული", — მიაჩნია ჩიხლაძეს.
აღსანიშნავია სომხეთის მაგალითი, სადაც, ჯერჯერობით, ვაქცინაციის მოწმობის ან PCR ტესტის წარდგენა კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას საჭირო არ არის, თუმცა ყალბი კოვიდ პასპორტებისა და აცრის სერტიფიკატების გაცემის შემთხვევები მაინც ფიქსირდება.
როგორია მწვანე პასპორტი საქართველოსა და სომხეთში
საქართველოში მწვანე პასპორტის გარეშე მომხმარებლის სტატუსით შესვლა შემდეგ ობიექტებშია აკრძალული:
- რესტორნები;
- კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
- კვების ობიექტები;
- კინოთეატრები;
- გასართობი ცენტრები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტები — საბაგირო გზები და სხვა საზოგადოებრივ ადგილები.
მწვანე პასპორტის შეზღუდვა არ ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მწვანე პასპორტი აუცილებელია დაწესებულების მომხმარებლისთვის და არა დასაქმებულისთვის.
რაც შეეხება სომხეთს, იქ ვაქცინაციის მოწმობის ან PCR ტესტის წარდგენა კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას, ჯერჯერობით, სავალდებულო არ არის. ამჟამად მოქმედი რეგულაციით, როგორც უკვე აღინიშნა, დასაქმებული ვალდებულია სამსახურში ვაქცინაციის მოწმობით ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგით გამოცხადდეს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რესტორნებსა და მსგავს დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის მოწმობის ან PCR ტესტის უარყოფითი მოქმედების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
კონტროლის მექანიზმში ხედავს პრობლემას პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი. მისი თქმით, გაყალბების ფაქტები გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანა ძალიან სამწუხარო ფაზაში შევიდა.
"ყოფითი კორუფცია 90-იანი წლების შემდეგ მოგროვდა და ეს მისი ერთ-ერთი ნაწილია. კონტროლის მექანიზმში გვაქვს სერიოზული დარღვევა. არასაკმარისი რესურსი, არასწორად დამენეჯმენტებული პროცესი, რაც იწვევს იმას, რომ გვაქვს ის ვითარება, როცა კონკრეტული ჯგუფები ან კონკრეტული კომპანიები შეიძლება კოვიდ ტესტებს აყალბებენ", — ამბობს დათუნაშვილი On.ge-სთან.
სად არის გამოსავალი?
საქართველოსა და სომხეთში აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სამიზნე — ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე საქართველო წლის ბოლომდე ვერ გავა.
"თუ გვინდა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს და მდგომარება ომიკრონმა კიდევ არ გააუარესოს, მთავარია რეკომენდაციების დაცვა, რაც არის: აცრების რიცხვის რაც შეიძლება მაქსიმალურად გაზრდა, ბუსტერი და პირბადის ტარება ყველანაირ სივრცეში", — გვირჩევს NCDC-ის ხელმძღვანელი.
23 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირებულია >18 ასაკის მოსახლეობის 44,1%, სრულად ვაქცინირებულია >18 ასაკის მოსახლეობის 38,5%, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 55 811 ადამიანს. 22 დეკემბერს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა 12 351-მა ადამიანმა გაიკეთა.
2 მილიონ 963 ათასიან სომხეთში კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 31%, ორი დოზით — 22% ადამიანი.
24 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 076, ხოლო გარდაიცვალა 78 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 876 254, ხოლო ვირუსს ჯამში 13 367 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება სომხეთს, იმავე დღის მონაცემებით, Covid-19-ის დღიური და ჯამური შემთხვევები ასე გამოიყურება:
- სომხეთში 24 დეკემბერს კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 405.
- ჯამში ქვეყანაში გამოვლენილია 344 261 შემთხვევა, აქედან 329 983 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 7 739 ადამიანი.
მასალა მომზადებულია პროექტის "აღმოსავლეთ პარტნიორობის ჟურნალისტთა ქსელის შექმნა" ფარგლებში, რომელსაც, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს კონრად ადენაუერის ფონდისა და მედიის განვითარების ფონდის მოსაზრებებსა და პოლიტიკას.
კომენტარები