მოკლედ: ცვლილებები კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ეტაპზეა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი?

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიღების შემდეგ, 31 მაისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო. ახლა ჯერი პარლამენტზეა: ან უნდა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, ან გაითვალისწინოს მისი შენიშვნები.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით, 14 მაისს მიიღო. ახალი კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადასცეს, პრეზიდენტმა კი ის ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაუგზვნა.

კანონპროექტი თავიდანვე დავის საგანი გახდა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებებითა და ამ გადაწყვეტილებების გამო ხელისუფლების უკმაყოფილებით იყო გამოწვეული.

On.ge გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რაში მდგომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და რა მოსაზრებები აქვთ მასთან დაკავშირებით მხარეებს.

რას გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ძირითადი ცვლილებები?

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისგან, საიდანაც ერთი თავჯდომარე, ორი მისი მოადგილე, ერთი კი სასამართლოს მდივანია. სასამართლო შედგება პლენუმისა (9-ვე მოსამართლე) და ორი კოლეგიისგან (სასამართლოს 4 წევრი).

კანონის მიხედვით, 9 მოსამართლიდან 3-ს - პრეზიდენტი, 3-ს - პარლამენტი და 3-ს - უზენაესი სასამართლო ირჩევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.

პარლამენტის მიერ ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ახლა სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ 6 მოსამართლის შემადგენლობით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ამისათვის 7 მოსამართლის მონაწილეობა იქნება საჭირო.

გარდა ამისა, ამჟამად სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი - მინიმუმ 4 წევრი, ცვლილებების შემდეგ, გადაწყევტილების მისაღებად, მინიმუმ 6 მოსამართლის თანხმობა იქნება საჭირო.

ახლა მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ცვლილების შემდეგ, გადაწყვეტილება მხოლოდ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ შევა. საკანონმდებლო მაცნე იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილია.

რა უძღოდა წინ საკონსტიტუციო სასამართლოზე ცვლილებებს?

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილებაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, 2015 წლის სექტემბერში, რამდენიმე საათით გათავისფულდა ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ერთი მოსამართლე - ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული მერაბ ტურავა ხელს არ აწერდა, ის ძალაში შევიდა სხდომის დარბაზში გამოცხადებისთანავე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა წინასწარი პატიმრობის ის ფორმა, რის საფუძველზეც უგულავა ციხეში იჯდა. გამოშვებიდან რამდენიმე საათში, საქალაქო სასამართლომ უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ის ისევ ციხეში დაბრუნდა.

წულუკიანმა მაშინ თქვა, რომ სამომავლოდ სასამართლოს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უმცირესობაში მოხვედრილი მომასამართლის აზრის გათვალისწინება მოუწევდა, გადაწყვეტილება კი ძალაში მხოლოდ მისი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ შევიდოდა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელზეც კანონპროექტის ოპონენტები აპელირებენ, სადავო ნორმის შეჩერებას ეხება. საქმე იმაშია, რომ თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია, ცვლილებების თანახმად, ამის გაკეთებას მხოლოდ პლენუმი შეძლებს.

აღნიშნული ცვლილების ინიცირებას წინ უსწრებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის ადვოკატების სარჩელის შემჭიდროვებულ ვადებში დაკმაყოფილება, რის საფუძველზეც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა რამდენიმე საკანონმდებლო ნორმა, რასაც ეყრდნობოთა მოსამართლე ურთმელიძის განჩინებები.

ამჟამინდელი კანონის თანახმად, თუ სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობს საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა უგრძელდება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილების თანახმად, მსგავს სიტუაციაში მოსამართლეს ვადა გაუგრძელდება მხოლოდ საქმის განხილვის დასრულებამდე და მას არ შეეძლება განიხილოს ახალი საქმე, ან მომნაწილეობა მიიღოს სასამართლოს საქმიანობაში. გარდა ამისა, ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ შეძლებს მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები.

კანონპროექტით თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთ წევრს ენიჭება უფლება განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე გადასცეს პლენუმს, თუ მისი პოზიცია კოლეგიის წევრების პოზიციისგან განსხვავდება.

რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები?

სამოქალაქო სექტორი პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს როგორც რუსთავი 2-ის, ისე გიგი უგულავას საქმეებს უკავშირებს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ პროცესებზე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა ამჟამად მოქმედი კანონის შესაბამისად, 4 მოსამართლის საფუძველზე მიუხედავად იმისა, რომ მას მეხუთე მოსამართლე - მერაბ ტურავა ეწინააღმდეგებოდა.

არასამთავრობოები ორივე შემთხვევაზე იუსტიციის მინისტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიერვე დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს იხსენებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტის, გიორგი ბერაიას განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში რამდენიმე პრობლემური საკითხის იკვეთება.

კერძოდ:

  1. პრობლემაა, როცა ახალი ცვლილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორი მესამედის შემადგენლობით და არა - უბრალო უმრავლესობით: "გამოდის, რომ თუ კონკრეტული საქმის განხილვაში მონაწილეობს 7 მოსამართლე და მათგან 5-ს მიაჩნია, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, 2 კი საპირისპიროს ფიქრობს, კანონი გააგრძელებს ფუნქციონირებას".
  2. გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ის, რომ მოსამართლეებს თავისი უფლებამოსილების ვადის ბოლო 3 თვის განმავლობაში აღარ შეეძლებათ ახალ საქმეებზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება: "მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია 10 წლით და რატომ იზღუდება ეს უფლებამოსილება, გაუგებარია. მაგალითად, სექტემბერში 4 მოსამართლეს ვადა ეწურება და ამ პერიოდში - 3-თვიან ვადაში შესულ სარჩელებზე, სასამართლო საერთოდ არ იქნება უფლებამოსილი, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება არსებითად ახალ საქმეებზე, რადგან 9 მოსამართლიდან ვადა 4-ს ეწურება, რჩება 5 მოსამართლე. ახალი ცვლილებით კი, საქმე აუცილებლად უნდა განიხილოს 7-მა მოსამართლემ.
  3. გიორგი ბერაიას მოსაზრებით, პრობლემაა ისიც, რომ 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეებს ავტომატურად უწყდებათ უფლებამოსილება, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მოსარჩელეების უფლებამოსილებები შეიძლება შეილახოს, რადგან მათი უკვე განხილული საქმე კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს ახალმა მოსამართლემ, რაც ვადებს გაზრდის და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებს შელახავს.
  4. იურისტის თქმით, პრობლემაა, როცა შემოთავაზებული ცვლილებით, აუცილებლად 7 მოსამართლე უნდა ესწრებოდეს განხილვას და 6 უჭერდეს მხარს იმ კანონის შეჩერებას, რომლის კონსტიტუციურობასაც სასამართლო განიხილავს: "ვინაიდან ნორმის შეჩერების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუშალოს გამოუსწორებელი შედეგის დადგომას, ეს სწრაფად უნდა მოხდეს. შეიძლება, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ თუ ნორმა არ გაჩერდა, აზრი არ ექნება სარჩელის დაკმაყოფილებას. როცა ასე გართულდება ამ ბერკეტის გამოყენება, შეიძლება ამან ამ ინსტიტუტს საერთოდ აზრი დაუკარგოს".

NGO-ებმა 1 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორივე შემთხვევაში, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს, ისინი აღნიშნულ კანონპროექტს მაინც გაასაჩივრებენ, რადგან მიუხედავად პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებისა, მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები ნაწილობრივ გაითვალისწინა და პარლამენტს პრობლემური საკითხების არასრული სია გადაუგზავნა.

ისინი ამბობენ, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს 2/3-იანი კვორუმის რიგ შემთხვევაში დატოვება და ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმისადმი გადაცემის საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნების ნაწილობრივი გათვალისწინება. NGO-ები იმაზეც აპელირებენ, რომ თავის შენიშვნებში მარგველაშვილმა ნორმის შეჩერაბასთან დაკავშირებითაც არაფერი თქვა, რაც ასევე პრობლემური საკითხია.

რას წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში?

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა, გაასაჯაროვა ის მოსაზრებები, რომელიც ვენეციის კომისიამ პრეზიდენტს გაუგზავნა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ბოძაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა:

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი ვადის ბოლო 3 თვეში უფლებამოსილების შეზღუდვა.
  2. გადაწყვეტილების მიღებისას მაღალი კვორუმი. კომისიის მოსაზრებით, გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს ექვსზე ნაკლებ მოსამართლეს.
  3. ვენეციის კომისიამ ასევე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს გადასცეს განსახილველად.

ბოძაშვილის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტს დადებითი მოსაზრებები ჰქონდა და რომელსაც კომისიაც ეთანხმება, ეს არის:

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არმონაწილეობის საკითხი.
  2. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების ძალაში შესვლის დაკავშირება მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან, ისევე როგორც განსხვავებული და თანმხვედრი აზრის სისტემატური გამოქვეყნება გადაწყვეტილებასთან ერთად.
  3. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში ელექტრონული წარმოების შემოღებისა და მოსამართლეთა გამწესების საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის ბოლო 3 თვეში უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გაითვალისწინა, მან კომისიის კრიტიკული მოსაზრება გადაწყვეტილების მიღებისას მაღალ კვორუმთან დაკავშირებით, ასევე ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმისადმი გადაცემის საკითხთან დაკავშირებული შენიშვნები, მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით კი მარგველაშვილის შენიშვნებში არაფერი წერია.

რას ამბობს ნაციონალური მოძრაობა?

ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება სასამართლოს მიერ გიგი უგულავას, რუსთავი 2-ის, ეროვნული ბანკისა და ფარულ მოსმენებზე კანონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეთა უმცირესობით აკონტროლოს.

დავით ბაქრაძის განცხადებით კი, ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს:

"ირღვევა ის დაპირება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს სასამართლოს იმიჯს. აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას, ემსახურება სასამართლოზე ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებას და ქმნის პირდაპირ საფრთხეს, რომ ხელისუფლებას ყველა დონეზე ექნება მწვანე შუქი ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2”.

პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებას წინ მარგველაშვილს, უმრავლესობასა და პრემიერმინისტრს შორის მოლაპარაკებები უძღოდა. ხოლო ვინაიდან გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ დაძლევდა, ამ კვირაში კი მათი პოზიცია შეიცვალა, საპარლამენტო უმცირესობა ეჭვობს, რომ აღნიშნული მხარეები, კანონზე ვეტოს დადებამდე, ერთმანეთს გაურიგდნენ.

რას ამბობენ რესპუბლიკელები?

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტით პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება. მისი განმარტებით, რესპუბლიკელებისთვის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი კვორუმის გაზრდაა:

“იმ ფონზე, როცა საგრძნობლად იზრდება სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველი საკითხების სპექტრი, კვორუმის 2/3-მდე აწევა, მაღალი ალბათობით გადაწყვეტილება უუნაროს გახდის სასამართლოს, ასევე გაზრდის პოლიტიკური მანიპულირების რისკებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ მომხრე ვიყავით, რომ კვორუმი ყოფილიყო სრული შემადგენლობის ნახევარი”.

გარდა ამისა კორძაიას თქმით, რესპუბლიკელებს დარჩათ განცდა, რომ უმრავლესობისთვის საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არის განხილული და არა სახელმწიფო ინსტიტუტად.

რას ამბობენ თავისუფალი დემოკრატები?

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები არავითარ ლეგიტიმურ და პოზიტიურ მიზანს არ ემსახურება. მისი თქმით, ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც დღემდე ვერ აკონტროლებდა, დაიქვემდებაროს.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში. 2016 წლის შემოდგომიდან, სასამართლოს 4 წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, სასამართლოში ძველ მოსამართლეებს არ ექნებათ ისეთი გავლენა, როგორიც აქვთ ახლა. პლუს, გაზრდილი კვორუმის ფარგლებში, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დასჭირდებათ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შერჩეული მოსამართლის თანხმობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ