თებერვალში იაპონიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც მარადმწვანე ტყეებიდან კვამლის ტალღები მოდიოდა. ეს კვამლი არ იყო, მტვერი იყო, ხოლო ვიდეოები გაფრთხილებაა ათეულობით მილიონი მაცხოვრებლისთვის: მოემზადეთ ნიღბებითა და ალერგიის საწინააღმდეგო წამლებით.

ყოველ გაზაფხულს (რომელიც კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო ადრე იწყება იაპონიაში) ქალაქების ქუჩებში ყველა ასაკის ადამიანს ნიღაბი უკეთია. მიზეზი: ალერგიული რინიტი, გამოწვეული მტვრით.

მტვრის ალერგია იაპონიაში უკვე ეროვნულ კრიზისად იქცა: მოსახლეობის დაახლოებით 43%-ს საშუალო ან მძიმე სიმპტომები აღენიშნება. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 26%-ია, აშშ-ში კი — 12-18%.

მტვრის ალერგია იაპონიაში ეროვნული ჯანდაცვის პრობლემაა

დისკომფორტის გარდა, ეს ალერგიები ძილის დარღვევასა და კონცენტრაციის შეფერხებას იწვევს, ხოლო დაავადებულებს სხვა დაავადებების — ასთმისა და საკვები ალერგიების — განვითარების მომეტებული რისკი ემუქრებათ. იაპონიის მტვრის ალერგიის სეზონის პიკზე ეკონომიკური ზარალი — როგორც ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეებიდან, ასევე მომხმარებელთა ხარჯების შემცირებიდან — დღეში დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რატომ აქვს იაპონიას ასეთი მძიმე ალერგიული პრობლემა? პასუხი ცუდ ჯანმრთელობასთან, დაბინძურებასთან ან ბუნებრივ გარემოსთან არ არის კავშირში — ყველაფერი 70-ზე მეტი წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მდგომარეობს.

უგულებელყოფილი კრიზისი

ომის დროს ნავთობისა და გაზის დეფიციტმა იაპონია ქვეყნის ყველაზე უხვი ბუნებრივი რესურსის — ტყეების — გამოყენებისკენ მიაბრუნა, როგორც სახლებისა და მრეწველობისთვის საჭირო საწვავის წყაროსკენ. შედეგი: ტყეების ფართომასშტაბიანი გაჩეხვა — დიდი ქალაქების, ტოკიოს, ოსაკასა და კობეს მიმდებარე მთები მთლიანად მოჩეხეს.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის მრავალი მთა გაუკაცრიელდა, რამაც სხვადასხვა რეგიონში კატასტროფები გამოიწვია", — ამბობს ნორიკო სატო, პროფესორი და სატყეო მეცნიერებათა მკვლევარი კიუშუს უნივერსიტეტიდან, (გაუკაცრიელებული მთები ღვარცოფებისა და წყალდიდობების რისკს ზრდის) — "ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფომ, საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე, ფართომასშტაბიანი გამწვანება განახორციელა".

ტყის სწრაფად აღდგენის მიზნით, მთავრობამ მხოლოდ ორი სახის ადგილობრივი, სწრაფად მზარდი მარადმწვანე სახეობის დარგვა გადაწყვიტა, რომლებსაც ლანდშაფტის აღდგენა და მომავალი სამშენებლო სამუშაოებისთვის ხე-ტყის მომარაგება დროის მოკლე მონაკვეთში შეეძლო: იაპონური კედარი (სუგი) და იაპონური კვიპაროსი (ჰინოკი).

დღეს, ჰინოკისა და სუგის პლანტაციური ტყეები კვლავ დაახლოებით 10 მილიონ ჰექტარს მოიცავს — ეს იაპონიის მთელი სახმელეთო ფართობის მეხუთედია.

ყოველ გაზაფხულს იაპონიაში იაპონური კედრისა და კვიპაროსის პლანტაციებიდან მტვრის უზარმაზარი ღრუბლები იფრქვევა და ხშირად ქალაქებისკენ მიცურავს, სადაც ალერგიულ რინიტს იწვევს

ფოტო: Getty Images

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სუგისა და ჰინოკის ხეები ასევე გამოყოფენ დიდი რაოდენობით მსუბუქ მტვერს, რომელიც ქალაქებამდე ადვილად აღწევს. სწორედ ეს მტვერი — რომელიც ხშირად მონოკულტურული პლანტაციებიდან ერთდროულად იფრქვევა — პასუხისმგებელია სეზონური ალერგიების უმეტეს ნაწილზე. პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან ეს ხეები სიმწიფის ასაკის (30 წლის) მიღწევის შემდეგ სულ უფრო მეტ მტვერს გამოყოფენ, და ახლა ეს ყველა მათგანს ეხება.

"მტვრის ალერგია იაპონიაში ეროვნულ ჯანდაცვის პრობლემად იქცა", — ამბობს სატო — "ამ პრობლემის გადაჭრა სასწრაფოდ არის საჭირო".

2023 წელს იაპონიამ ალერგიები ეროვნულ სოციალურ პრობლემად გამოაცხადა და ცენტრალურმა მთავრობამ ამბიციური გეგმა შეიმუშავა — 30 წელში მტვრის რაოდენობის 50%-ით შემცირება. პირველ ნაბიჯად, 2033 წლამდე მაღალი მტვრის გამომყოფი სუგის ხეებით დაფარული ტყის ფართობის მეხუთედით შემცირებას გეგმავს.

თუმცა, ეს კოლოსალური საქმეა. გარდა ამისა, ამ ხეების მხოლოდ გაჩეხვა საკმარისი არ იქნება — ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და კლიმატური მიზნების შეუფერხებლად, ისინი ახალი ტყეებით უნდა შეიცვალოს.

სიცოცხლის დაბრუნება

სუგისა და ჰინოკის პლანტაციებში სიარული უცნაური განცდაა — ყველა ხე ერთი სიმაღლისაა, ფრინველები თუ მწერები თითქმის არ გვხვდება. მიწა ნემსისებრი ფოთლებისგან ჩამოყალიბებული ფხვიერი ხალიჩითაა დაფარული, სინათლე და ხმა კი მინიმალურია.

ეს მკვეთრი კონტრასტია იაპონიის ბუნებრივ ტყეებთან, სადაც სიცოცხლე და მრავალფეროვნება ყველგან იგრძნობა. წითელი ფიჭვით, ლარიქსითა და ნეკერჩხლით სავსე ეს ტყეები ველური ბუნების გაცილებით მეტ სახეობას აძლევს თავშესაფარს. იაპონიის უნიკალური გეოგრაფია მას მსოფლიოს ბუნებრივი მრავალფეროვნების ერთ-ერთ უმდიდრეს კუთხედ აქცევს, თუმცა ბუნებრივი გარემოს განადგურებამ და შემოჭრილმა სახეობებმა ამ მრავალფეროვნებას სულ უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა.

ვინაიდან მონოკულტურული პლანტაციური ტყეები ამდენ პრობლემას ქმნის, ლოგიკურია, რომ იაპონია ახლა მათ უკეთესი ვარიანტით შეცვლას ცდილობს. მაგრამ ეს რთული გამოწვევაა. რატომ? იაპონიას ბევრი ტყე აქვს. სინამდვილეში, ის ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის ყველაზე ტყიანია — ტყეები მიწის ფართობის 68%-ს მოიცავს, რომლის მესამედი სუგისა და ჰინოკის პლანტაციებია. შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 34%-ია, დიდ ბრიტანეთში კი — 13%.

მთელ იაპონიაში ქალაქების სიახლოვეს ტყეები გვხვდება. იაპონურ ენაში სიტყვაც კი არსებობს ქალაქისა და ტყის გარდამავალი ზონისთვის: სატოიამა.

2023 წლის მთავრობის განცხადებამდეც კი, ზოგიერთმა ადგილობრივმა მოქმედმა პირმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ტყეების ბიომრავალფეროვან ეკოსისტემებად გარდაქმნის მცდელობები დაიწყო, და ზოგიერთი მათგანი უკვე ხედავს შედეგებს. მაგალითად, ოკაიამას პატარა ქალაქ ნიშიავაკურამ მთლიანი ეკონომიკა შექმნა მისი ტყეების 84%-ის შემცირების გარშემო — სუგისა და ჰინოკის ხე-ტყე გამოიყენება გველთევზის ფერმებში გათბობისთვის, ასევე ჩხირების წარმოებასა და სამშენებლო მასალად.

2020 წელს, კობემ — იაპონიის ცენტრში მდებარე მნიშვნელოვანი სანაოსნო ქალაქი, მჭიდრო საქალაქო ცენტრითა და მის ფარგლებში ვრცელი ტყეებით — 180 ჰექტარზე მეტი პლანტაციის ბუნებრივ ფართოფოთლოვან ტყეებად გარდაქმნის 15-წლიანი ციკლის პროგრამა დაიწყო.

კობეს მჭიდრო საქალაქო ცენტრი ვრცელი ტყეებითაა გარშემორტყმული — შერეული ტყეებითა და სუგის პლანტაციებით, რომლებიც ალერგიული რინიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ფოტო: City of Kobe

ყოველ წელს, კონკრეტულ ტერიტორიაზე სელექციური თხელი ჭრა ტარდება — სუგი, ჰინოკი და ასევე სხვა ინვაზიური სახეობები, მაგალითად, ბამბუკი, იჭრება. ფართოფოთლოვანი ხეები ხელუხლებლად რჩება და, ნიადაგამდე მოხვედრილი მეტი მზის სხივების წყალობით, ისინი ხელახლა ამოდის, ისევე, როგორც სხვა ახალი ნერგები — პერსონალის მიერ დარგული ან ფრინველებისა და ცხოველების მიერ მოტანილი.

პროგრამა ახლა დაახლოებით შუაშია, და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასიამოვნოდ გაოცებულები არიან, როგორ სწრაფად დაბრუნდა ბიომრავალფეროვნება.

"ჩვენი ველური ბუნების მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი ცხოველი და მწერი ბრუნდება — მათ შორის ზღარბები, ტბის კუები, ბაყაყების მრავალი სახეობა და იშვიათი მწერებიც, რაც გამამხნევებელია", — ამბობს ატსუში ოკადა, კობეს ქალაქის გარემოს ბიუროს უფროსი.

მტვრის პრობლემის გადაჭრასთან ერთად, პროგრამა მიზნად ისახავს კობეს ვალდებულებას — 2030 წლამდე ყველა მიწის ფართობის 30% დაცული ტერიტორიებით შეავსოს. სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტყეები ქალაქს ღვარცოფებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაიცავს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო ხშირი ხდება, ამბობს დაისუკე ტოჩიმოტო, კობეს ქალაქის სატყეო სპეციალისტი.

გაჩეხილი ხეები კი გათბობაში, ავეჯის წარმოებასა და იაპონური თეთრი მერქნის ნახშირში გამოიყენება — კვამლგარეშე მწვადის საწვავი, რომელსაც ასევე სამრეწველო პროცესებში იყენებენ. იმედია, რომ დროთა განმავლობაში პროგრამა ფინანსურად თვითმყოფადი გახდება და საჯარო სახსრებზე დამოკიდებული აღარ იქნება, ამბობს ოკადა.

მასშტაბური გამოწვევა

მსგავსი პროექტები იაპონიის სხვა ნაწილებშიც იწყება. ოსაკის ჰოტანში ერთ-ერთი პროექტი ახლა ჭაობებისა და ველების აღდგენაზე მუშაობს. ყველაზე დიდი ძალისხმევა კი გუნმას პრეფექტურაში 10 000 ჰექტარი პლანტაციური ტყის მდელოებად და შერეულ ფოთლოვანი ხეების ტყეებად გარდაქმნას ისახავს მიზნად.

მცირე მასშტაბის პროექტებიც გავრცელებულია, ამბობს აკირა მორი, ტოკიოს უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების პროფესორი, და მთელი იაპონიის მასშტაბით ათეულობით ინიციატივაზე მიუთითებს.

მას შემდეგ, რაც მაღალი მტვრის გამომყოფი სუგის პლანტაციების 20%-ის მოშორების მიზანი გამოცხადდა, ქვეყანამ სუგის პლანტაციური ტყეების თითქმის მილიონი ჰექტარი გამოყო ინტენსიური ჭრისა და ხელახლა დარგვის ტერიტორიებად. თუმცა, ყველა ეს ტერიტორია ფართოფოთლოვან ტყეებად არ გარდაიქმნება: ნაწილი ახალ პლანტაციებს ეთმობა, რომლებიც ხშირად დაბალი მტვრის ან უმტვერო სუგის ნერგებით ირგვება.

შეიძლება ეს ძალისხმევა ჯერ კიდევ საკმარისი არ იყოს მტვრის მნიშვნელოვნად შესამცირებლად. და თუნდაც მიზანს მიაღწიოს, პლანტაციური ტყეების 80% მაინც დარჩება. ამიტომ იაპონია მტვრის ალერგიასთან გამკლავების სხვა გზებსაც ეძებს.

მტვრის მონაცემები და პროგნოზები, მაგალითად, გამოიყენება გავრცელების სავარაუდო არეალების უკეთ დასადგენად, რაც ხელისუფლებას ყველაზე პრობლემური ტყეების სელექციური გაჩეხვის საშუალებას აძლევს; მკვლევრები კი ხეებზე მტვრის საწინააღმდეგო ხსნარის შესხურებასაც კი სწავლობენ. 2023 წელს ერთ-ერთმა პროგნოზირების კომპანიამ მთელ იაპონიაში მტვრის საზომი რობოტების ათასობით ერთეული გაავრცელა — მათი "თვალები" მტვრის დონის მიხედვით სხვადასხვა ფერს იღებს.

ამ ბრძოლაში მედიცინა კიდევ ერთი მიმართულებაა: მტვრის ზემოქმედების სიმპტომების შესამსუბუქებლად ახალი მეთოდები მუშავდება. ერთ-ერთ იაპონურ კლინიკურ კვლევაში, მაგალითად, ნაჩვენებია, რომ ენის ქვეშ დასადები ხანგრძლივი მოქმედების იმუნოთერაპიის ტაბლეტი მკურნალობის დასრულებიდან ორი წლის შემდეგაც ეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში. სხვა მეცნიერები კი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბრინჯის ექსპერიმენტებს ატარებენ, რომელიც შექმნილია ალერგიული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ფრთხილი გადასვლა

როდესაც სუგისა და ჰინოკის ტყეები 1950-1960-იან წლებში პირველად დარგეს, ისინი სამუდამოდ არ უნდა დარჩენილიყო. იმ დროს ვარაუდობდნენ, რომ ხეები თანდათანობით გაიჩეხებოდა და ხელახლა დაირგვებოდა, როგორც ომამდე ხდებოდა. მაგრამ 1960-1970-იანი წლების მიწურულს, იაპონიის ეკონომიკის ინტენსიური ზრდის პარალელურად, კობეს, ტოკიოსა და სხვა დიდი ქალაქების სწრაფი გაფართოებისას, სხვა ქვეყნებიდან — მაგალითად, მალაიზიიდან და ინდონეზიიდან — ხე-ტყის იმპორტი შიდა წარმოებაზე იაფი გახდა.

2011 წელს იაპონიამ გადაწყვიტა ხე-ტყის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა, და შიდა მოხმარება 2010 წლის 26%-დან 2020 წლამდე თითქმის 42%-მდე გაიზარდა. იაპონიის სატყეო სამინისტრო ამბობს, რომ სუგის ხეზე მოთხოვნის სტიმულირება — სატყეო პროდუქტიულობისა და დარგის კადრების გაძლიერებასთან ერთად — კიდევ ერთი ზომაა მტვრის წყაროების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, თუ იაპონია თავის ტყეებს გამოიყენებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაშვებული იმავე შეცდომების თავიდან აცილება მოუწევს, სადაც იაფი ხე-ტყე ტროპიკული ტყეების ფართომასშტაბიან გაჩეხვას ნიშნავს. ჯუნიჩი მიშიბა, არასამთავრობო ორგანიზაცია Friends of the Earth Japan-ის სატყეო პროექტის კოორდინატორი, შეშფოთებულია, რომ ხეების გაჩეხვის მეტი სტიმულები ცუდ გარემოსდაცვით პრაქტიკებს იწვევს. "იზრდება გაჩეხილი ტერიტორიების რაოდენობა, რაც ხე-ტყის მოპოვების სტიმულირების პოლიტიკის შედეგია", — ამბობს ის.

პლანტაციების შეცვლის ძალისხმევის მხარდასაჭერად, 2024 წელს მთავრობამ ყველა მაცხოვრებელზე ახალი სატყეო გარემოსდაცვითი გადასახადის — წელიწადში 1000 იენი (დაახლოებით 20 ლარი) — აკრეფა დაიწყო. სახსრები გამოიყენება მდგრადი სატყეო მეურნეობის მხარდასაჭერად, მათ შორის პლანტაციური ტყეების შემცირებისა და ძველი სუგის ახალი, დაბალი მტვრის ნერგებით შეცვლისთვის, განსაკუთრებით ქალაქის ტერიტორიებზე.

მის გავლენაზე მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა მორი ამტკიცებს, რომ ეს მხარდაჭერა საკმარისი არ არის — მუნიციპალიტეტებს ხშირად აკლიათ შესაძლებლობა და ექსპერტიზა ტყეებში ასეთი ცვლილებების შესაქმნელად და მონიტორინგისთვის. Forest Declaration Assessment-ის 2023 წლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბოლო წლებში, იაპონიაში ახლად გაჩეხილი ტერიტორიების მხოლოდ 30-40% დაირგო ხელახლა.

კობეს 180-ჰექტრიანი აღდგენის პროექტის ფარგლებში ახლახან გაჩეხილ ნაკვეთზე რეგენერაციის პირველი ნიშნები ჩანს — ვარდისფერი ნიშნულები ადგილობრივ ფართოფოთლოვან ხეებს აღნიშნავს.

ფოტო: FPCJ

იაპონიის სატყეო სამინისტრო ამბობს, რომ მას შემდეგ გავლენის გაანგარიშების მეთოდოლოგია გაუმჯობესდა და ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50-60%-ს შეადგენს.

კარგი სატყეო მართვა აუცილებელია, ამბობს მიკა აკესაკა, კობეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი. გაჩეხილი ხეების სათანადოდ მოუვლელად დატოვება, მაგალითად, შეიძლება ღვარცოფების რისკს ზრდიდეს და წყლის შეკავების უნარს ამცირებდეს, ამბობს ის.

მიშიბა კი შეშფოთებულია, რომ სეზონური ალერგიებზე ფოკუსირებით უფრო ფართო ეკოლოგიური სურათის გაუთვალისწინებლად, იაპონია კვლავ მოკლევადიან გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას. საჭიროა 50 ან თუნდაც 100 წლით წინ ვიაზროვნოთ, ამბობს ის — გავითვალისწინოთ ბიომრავალფეროვნება, კლიმატი და იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც ამ ტყეების გვერდით იცხოვრებენ.

კლიმატური საფრთხე

გადაუდებლობის განცდა იზრდება კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტორის — კლიმატის ცვლილების — გამო. მთელ მსოფლიოში, ტემპერატურისა და ამინდის ცვლილებები მტვრის გავრცელებაზე მოქმედებს, და 2025 წელს იაპონიაში ყველა დროის ყველაზე ადრეული მტვრის გავრცელება დაფიქსირდა.

"მტვრის გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს ამინდის პირობები — ტემპერატურა და ქარი", — ამბობს მაი სატო, Japan Weather Association-ის (JWA) პრეს-სპიკერი, ამინდის პროგნოზირების კომპანიისა, რომელიც საზოგადოებისთვის მტვრის რეგულარულ პროგნოზებს გამოსცემს.

მხოლოდ ადამიანები არ იტანჯებიან: ალერგიული რინიტი ცხოველებსაც აწუხებს — ფოტოზე იაპონური მაკაკაა სუმოტოში, 2014 წელს.

ფოტო: Getty Images

იაპონიის ვრცელი ტყეები ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობით ნახშირბადს შთანთქავს, და სუგის პლანტაციები ამ მოცულობის თითქმის ნახევარზე არიან პასუხისმგებელი. ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად იაპონია სწორედ ამ ტყეებს ეყრდნობა და სპეციალური სტიმულების სქემით მათ შენარჩუნებას ახალისებს. 2004 წლიდან ტყეების მიერ შთანთქმული ნახშირბადის წლიური მოცულობა თანდათან მცირდება, რაც ქვეყანამ ტყეების დაბერებას მიაწერა. კვლევებმა აჩვენა, რომ ძველი ხეები ნახშირბადს ნაკლებად შთანთქავენ, ამიტომ მათი ახალი, მრავალფეროვანი სახეობებით შეცვლა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ იაპონიის ტყეები ნახშირბადის ეფექტიან შემნახველად დარჩეს.

1960-იან წლებამდე იაპონიაში მტვრის ალერგიისთვის სიტყვაც კი არ არსებობდა. იაპონური კედრის მტვრის ალერგია პირველად 1963 წელს დააფიქსირეს, და იმ დროის მკვლევრების განცხადებით, ქვეყნისთვის ეს სრულიად ახალი მოვლენა იყო. იმედია, ბუნებრივი, მრავალფეროვანი ტყეების დაბრუნებასთან ერთად, იაპონია ერთ დღეს ისევ შეძლებს გაზაფხულით ტკბობას — ცემინების გარეშე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.