ოკეანის სიღრმეში ცხოვრობს ჭია, რომელიც "მინის სასახლეში" ბინადრობს, საიდუმლოებით მოცული "ghost shark" და ხორცისმჭამელი "death ball" სპონჯი.

ეს სამი სახეობა 1121 აქამდე უცნობი სახეობიდანაა, რომლებიც გასული ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ოკეანეებში აღმოაჩინეს. სამშაბათს ამის შესახებ Ocean Census-მა გამოაცხადა, ეს არის გლობალური პროგრამა, რომელიც საზღვაო სიცოცხლის შესწავლას ეძღვნება და 85 ქვეყნის 1000-ზე მეტ მკვლევარს აერთიანებს.

ორგანიზაციის თქმით, ეს ყოველწლიური აღწერის 54%-იანი ზრდაა. ორგანიზაციას იაპონიის Nippon Foundation და ბრიტანული ოკეანის კვლევის ინსტიტუტი Nekton, ხელმძღვანელობს.

ოკეანე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ეკოსისტემაა, განსაკუთრებით ღრმა ზღვა. ოდესღაც ვარაუდობდნენ, რომ ამ უკიდურეს გარემოში სიცოცხლე ვერ იარსებებდა, თუმცა ბოლო წლებში მეცნიერებმა გამორჩეული და ზოგჯერ სრულიად უჩვეულო სახეობებით სავსე ეკოსისტემები აღმოაჩინეს.

წყალქვეშა სიცოცხლეს კლიმატის ცვლილების გამო — ოკეანეების დათბობის ფონზე — და ადამიანის საქმიანობის, მათ შორის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დაბინძურების გამო, უზარმაზარი გამოწვევები ემუქრება. ოკეანის სიღრმიდან მინერალების მოპოვების სურვილი, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება, კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

Ocean Census-ის სამეცნიერო ხელმძღვანელმა მიშელ ტეილორმა განაცხადა: "ბევრი სახეობა რისკის ქვეშაა — შეიძლება იქამდე გაქრეს, სანამ საერთოდ აღმოვაჩენთ. ოკეანის სიცოცხლის გასაგებად და დასაცავად ჩვენ დროის წინააღმდეგ გვიწევს რბოლა".

სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში, სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე აღმოჩენილი ზღვის კალამი. ამ ნიმუშს ამჟამად გენეტიკური ანალიზი უტარდება მისი ზუსტი ევოლუციური წარმომავლობის დასადგენად.

ფოტო: Paul Satchell/The Nippon Foundation-Nekton Ocean Census/Schmidt Ocean Institute

გასული წლის განმავლობაში Ocean Census-მა მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ოკეანეებში 13 ექსპედიცია მოაწყო.

იაპონიის სანაპიროდან, ოკეანის ზედაპირიდან დაახლოებით 790 მეტრის სიღრმეში, მეცნიერებმა ბრჭყალა ჭიის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მინის სპონჯში — "შუშის სასახლეში" — ცხოვრობს. ამ სპონჯის გამჭვირვალე, ბადისებური ჩონჩხი მინის მთავარი კომპონენტისგან, სილიციუმის დიოქსიდისგან შედგება.

სპონჯსა და ჭიას სიმბიოზური ურთიერთობა აქვთ, ანუ ორივე სარგებლობს ამ კავშირით. ჭია "შუშის სასახლეში" — საკვებით მდიდარ და სტაბილურ სტრუქტურაში — თავშესაფარს პოულობს, ხოლო სანაცვლოდ სპონჯის ზედაპირს საზიანო ნარჩენებისგან ასუფთავებს.

ავსტრალიის Coral Sea Marine Park-ში აღმოჩენილი "Ghost Shark" ქიმერა.

ფოტო: The Nippon Foundation-Nekton Ocean Census/CSIRO

ავსტრალიაში, დაახლოებით 820 მეტრის სიღრმეში, მეცნიერებმა "ghost shark"-ის — ქიმერას — სახეობა აღმოაჩინეს. ეს თევზები ზვიგენებისა და სკატების შორეული ნათესავები არიან, რომლებიც ამ სახეობებს თითქმის 400 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ.

აღმოსავლეთ ტიმორში მეცნიერებმა ლენტისებური ჭიის სახეობა იპოვეს — დაახლოებით 2,5 სანტიმეტრი სიგრძის, ნათელი ნარინჯისფერი ზოლებით, რაც მის ძლიერ ქიმიურ დაცვაზე მიუთითებს. ლენტისებური ჭიების ტოქსინები ალცჰაიმერისა და შიზოფრენიის პოტენციური სამკურნალო საშუალებების კვლევის საგნად იქცა.

აღმოსავლეთ ტიმორში აღმოჩენილი ლენტისებრი ჭია.

ფოტო: The Nippon Foundation-Nekton Ocean Census/Gustav Paulay

სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში, სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, 3600 მეტრზე მეტი სიღრმეში, მეცნიერებმა ხორცისმჭამელი "death ball" სპონჯი აღმოაჩინეს. ეს სახეობა მიკროსკოპული კაუჭებით არის დაფარული, რომლებიც ოკეანის დინებაში მცურავ კიბოსნაირებს იჭერს, შემდეგ მათ ეხვევა და შთანთქავს.

ახალი სახეობის დადასტურებას დრო სჭირდება. Ocean Census-ის ცნობით, სახეობის აღმოჩენიდან სამეცნიერო ლიტერატურაში მის ოფიციალურ აღწერამდე საშუალოდ 13,5 წელი გადის.

ხორცისმჭამელი "death ball" სპონჯი.

ფოტო: ROV SuBastian/Schmidt Ocean Institute

პროცესის დასაჩქარებლად, Ocean Census "აღმოჩენილ" სტატუსს ოფიციალურ სამეცნიერო კატეგორიად ცნობს, რომელიც მაშინვე შეიძლება მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ექსპერტის მიერ დადასტურებისთანავე აღმოჩენა ღია პლატფორმაზე ხდება ხელმისაწვდომი. ამით სახეობა სამეცნიერო საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის მყისიერად ჩნდება.

ბრიტანეთის National Oceanography Centre-ის მკვლევარმა ტამი ჰორტონმა განმარტა, რომ ზოგჯერ სახეობა, რომელიც ახალი ეგონათ, დეტალური შემოწმების შემდეგ ნაცნობი აღმოჩნდება — თუმცა, მისი თქმით, ეს ხშირი მოვლენა არ არის.

ფორმალური აღწერის პროცესი მნიშვნელოვანია: "ის სიახლის დამადასტურებელ სამუშაოს ასრულებს და სახეობის 'პასპორტს' — ოფიციალურ ჩანაწერს — ქმნის. ამის გარეშე სახეობა მეცნიერებისთვის ფაქტობრივად არ არსებობს, და შესაბამისად — პოლიტიკისთვისაც. უსახელო სახეობა ვერ იქნება დაცული".

2025 წლის ექსპედიციის დროს ავსტრალიის Coral Sea Marine Park-ში აღმოჩენილი სკატი.

ფოტო: The Nippon Foundation-Nekton Ocean Census/CSIRO

Ocean Census იმედოვნებს, რომ ეს აღმოჩენები საზღვაო სიცოცხლის დაცვის ხელშეწყობის კატალიზატორი გახდება — რომელსაც უზარმაზარი ეკოლოგიური, სამეცნიერო და ეკონომიკური ღირებულება აქვს — და მოუწოდებს ახალი სახეობების გამოვლენის მცდელობებში მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ.

Ocean Census-ის დირექტორმა ოლივერ სტიდსმა განაცხადა: "მილიარდებს ვხარჯავთ მარსზე სიცოცხლის საძიებლად და მთვარის ბნელ მხარეზე გასაფრენად. ჩვენი საკუთარი პლანეტის — ჩვენი ოკეანის — სიცოცხლის უმეტესი ნაწილის აღმოჩენა ამაზე გაცილებით ნაკლები ჯდება. კითხვა არ არის, გვაქვს თუ არა ამის საშუალება — კითხვა არის, შეგვიძლია თუ არა ამის გარეშე გავძლოთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.