რატომ და როგორ ერთიანდებიან ადამიანები ვაქცინაციის მხარდასაჭერად
უკვე ორი წელია მთელი მსოფლიო თითქოს უხილავ, მაგრამ ძალიან რეალურ მტერს, კორონავირუსს ებრძვის. ბრძოლის წინა ხაზზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დგანან. ალბათ, ყველას გვახსოვს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები საავადმყოფოების დერეფნებიდან, სადაც მუშაობით დაღლილ ექიმებს პირდაპირ იატაკზე სძინავთ; გვახსოვს სამედიცინო ფარებით დასერილი სახეები; ვიცნობთ ან ვიცით ერთი ექიმი მაინც, ვინც კოვიდმიმღებ სტაციონარში ცხოვრობს და ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საბედნიეროდ, პანდემიის მეორე წელს მეცნიერებმა უკვე შექმნეს ვაქცინა, რომელიც ამ დროისთვის ვირუსისგან დაცვის უალტერნატივო საშუალებაა. ახლა უკვე თითოეული ჩვენგანის პირად პასუხისმგებლობას, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას, ვაქცინაცია დაემატა.
ყველას არ შეუძლია ნემსის გაკეთება, წნევის გაზომვა ან წამლის გამოწერა, სამაგიეროდ, ყველას შეუძლია აცრა და სხვების წახალისება, რათა აიცრან. ამ სტატიაში მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი როლი სწორედ ვაქცინებსა და ვაქცინაციაზე სწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაინახეს და ამას სრულიად უანგაროდ, საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით აკეთებენ.
ნინა პერტენავა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი და მარკეტინგული კომპანია Influencer.ge-ის დამფუძნებელია. ამბობს, რომ მისი პროფესია ინფორმაციის გავრცელებას და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე სწორი აქცენტებით მიტანას გულისხმობს. შესაბამისად, კარგად შეუძლია გაარჩიოს ყალბი და ნამდვილი ამბავი, იპოვოს ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო და განსაზღვროს მისი მიზანი. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება და რესურსი დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ალტერნატიული, გადამოწმებული და არგუმენტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოეყენებინა.
"ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც არის, როდესაც იცი, რომ ადამიანი შეცდომაში შეყავთ, შენ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდო. ეს ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომია. ადამიანები გაცილებით ადვილად უჯერებენ ემოციურ სტატიებს, ვიდრე ანალიტიკურ კვლევებზე დაყრდნობილ მასალებს. შესაბამისად, 5-ჯერ სწრაფად ვრცელდება ასეთი მასალები სოციალურ ქსელებში და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ გვერდი ვისი დაარსებულია, როდის, სპონსორდება თუ არა, საიდან. ეს არის გამჭვირვალე ინფორმაცია. ვამოწმებდით ამას და საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია აღმოვაჩინეთ — რომ ფინანსდება ეს გვერდები, ეს ჯგუფები და ალბათ, არა ჩვენი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. რუსეთიდან, მაგალითად და ძალიან ცუდია ეს", — ამბობს ის.
ასე გახდნენ ნინა და მისი გუნდის წევრები ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის წევრები, რომელშიც უკვე ასობით ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. როგორც ნინა გვიყვება, გადაწყვიტა პროცესში სხვადასხვა სფეროში მომუშავე, განსხვავებული პროფესიის, ასაკის თუ პოლიტიკური შეხედულების მქონე ცნობილი სახე ჩაერთო. ის დაუკავშირდა ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ და სთხოვა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი და გამოცდილება საჯაროდ დაეფიქსირებინათ.
ნინა ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანია არა ვინმეს მოუწოდოს აცრისკენ, არამედ იმ დეზინფორმაციის ალტერნატივად, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, საზოგადოებას შესთავაზოს ნამდვილი ადამიანების ნამდვილი ისტორიები.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ნინას წამოწყებულ კამპანიაში ჩაერთო თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკა წულუკიძეა. ის ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის დამარცხება შეუძლებელია და ამას ამბობს ყველგან, სადაც საშუალება აქვს — ტელევიზიაში, რადიოში, სოციალურ ქსელში და ადამიანებთან პირადი კომუნიკაციისას.
"მე ყოველთვის მეუხერხულება, რომ ვიღაცას რაღაცა მოვუწოდო. ვერ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას, მაგრამ მე, ჩემი ოჯახის წევრები, ყველა უკლებლივ, მათ შორის ჩემი და, 9 თვის ორსული, ყველანი მივედით და ავიცერით. სხვანაირად მგონია, რომ ვერ დავამარცხებთ ამ სენს. ასეთ კამპანიებში ყოველთვის ვერთვები ხოლმე. კი არ მოვუწოდებ, მინდა, რომ ჩემი შეხედულება, ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მალე დასრულდეს კოვიდი", — ამბობს ნიკა წულუკიძე.
ფსიქოლოგი ილია ნაკაჭიძე ამბობს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა და აცრის იდეას თავდაპირველად სიფრთხილით შეხვდა, ახლა კი სრულად ვაქცინირებულია — ისიც და მისი ოჯახიც.
"მეც მქონდა ეს სიფრთხილისა და შიშის შეგრძნება. მე გავიარე ეს პროცესი სკეპტიციზმიდან ნდობამდე. ბევრი კითხვა, რომელიც იმ ადამიანებს აწუხებს, რომლებიც დღეს არ იცრებიან, მეც მქონდა. 100%-იანი გარანტიები არ არის. კი, რისკიც არის, მაგრამ, მე დავფიქრდი და შევადარე — რამხელა არის რისკი იმ შემთხვევაში თუ არ ავიცერი და რამხელაა რისკი იმ შემთხვევაში, თუკი ავიცრები", — ამბობს ფსიქოლოგი.
ილია ამბობს, რომ ვაქცინაციისკენ არავის მოუწოდებს, რადგან დირექტივებით საუბარი ადამიანებს რიყავს, ამიტომ არჩევს, უბრალოდ საკუთარი გამოცდილება მოყვეს.
"ჩვენ ყველას გვინდა, რომ ხალხმა მიგვიღოს, ხალხმა ჩვენი ემოცია დაინახოს, ხალხი ჩვენს მდგომარეობაში შევიდეს და ბუნებრივია, ადამიანი ხდება იმ სოციალური ჯგუფის წვერი, რომელ ჯგუფშიც მის მიმართ მეტი მიმღებლობაა, იქნება ეს ვაქსერები, ანტივაქსერები, მწვანეპასპორტიანები თუ უპასპორტოები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდოთ. არამცდაარამც არ უნდა ვიყოთ დირექტიულები და ბრალმდებელი ენით მოსაუბრეები. ეს ადამიანს კიდევ უფრო რიყავს ჩვენგან და კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ მან ვაქცინაზე უარი თქვას", — ამბობს ილია.
მისი თქმით, შეიძლება ადამიანი არ იყოს ანტივაქსერი, მაგრამ ვაქცინაციის მომხრეთა დამოკიდებულებამ უბიძგოს იმისკენ რომ "მეორე ბანაკში" გადაბარგდეს — იქ, სადაც უფრო მეტად იღებენ მის შიშებს, მის ეჭვებს, მის სიფრთხილეს და ა.შ. ამიტომ, ფიქრობს, რომ არ შეიძლება ადამიანებს დავაძალოთ აცრა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ უნდა გავუგოთ სხვებს და ვეცადოთ ნათლად გავაგებინოთ ჩვენი აზრიც.
ანა ჩანგიანიც კომუნიკაციების სპეციალისტია, ასევე მარკეტინგულ კომპანია ქოლგას დამფუძნებელი. ექიმი არც ის არ არის, თუმცა ნინას მსგავსად, მანაც გადაწყვიტა საკუთარი დრო და რესურსი ვაქცინაციის მხარდასაჭერად გამოეყენებინა.
"მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველა კომპანიისთვის — არ აქვს მნიშვნელობა რას ემსახურება ის, რა პროდუქტს ან მომსახურებას ქმნის — დღეს არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ რესურსი იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია", — ამბობს ანა.
ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში მისი ჩართულობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით დაიწყო. 22 ოქტომბერს ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით "პანდემია, ისტორია და მსოფლიო". როგორც ანა გვიყვება, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური საარქივო მასალა მსოფლიო პანდემიების ისტორიის გასაცნობად და ვაქცინაციის მნიშვნელობის გააზრების ხელშესაწყობად. ეს იყო მოძრავი გამოფენა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში განთავსდა.
სწორედ ამ პროექტის მიმდინარეობისას გაიგო ანამ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეგმავდნენ ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას — #ავიცრათერთმანეთისთვის.
"დავუკავშირდით ჩვენი ორგანიზაციის სახელით და უფრო მასშტაბური სახე შევძინეთ კონკრეტულ კამპანიას. 26 ნოემბერს, თბილისში დაწყებული კამპანია დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს", — ამბობს ანა.
მისი ინფორმაციით, სტუდენტურმა კამპანიამ ჯაჭვური სახე მიიღო: სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს, თავის მხრივ, კავკასიამ — გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ კი ქუთაისის. შემდეგ პროცესში სამხატვრო აკადემია ჩაერთო, რომელმაც კამპანიაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართო. დღეს, 10 დეკემბერს კამპანიის ფარგლებში რიგით მე-7 ღონისძიებას სტუდენტები ახალციხეში გამართაენ.
როგორც ანა გვიყვება, სტუდენტები ხალხმრავალ ადგილებში იკრიბებიან, დგამენ სკეტჩებს, არიგებენ საინფორმაციო ბროშურებს, ესაუბრებიან ადამიანებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, იღებენ ვიდეოებს და ფოტოებს და შესაბამისი ჰეშთეგით ავრცელებენ სოციალურ ქსელში და ა.შ.
"სტუდენტები, ეს არის ახალი თაობა, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანესია დაცული გარემო, უმნიშვნელოვანესია ადაპტირება იმ რეალობაში, რომელშიც კორონავირუსის პანდემიამ თითოეული ჩვენგანი ჩააგდო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან მოწოდებები.
კამპანია ძალიან აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. სტუდენტები არიან ძალიან მოტივირებულები და ჩვენი მხარადაჭერა ამ მიმართულებით არის საკმაოდ ძლიერი. ინფორმაცია ვრცელდება საინფორმაციო პორტალებში, ჩართულია როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედია და აქტიურად აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესები შეუწყობს ხელს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მობილიზებას, იმ პასუხისმგებლობის გაღვიძებას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დღეს", — ამბობს ანა ჩანგიანი.
სტუდენტური კამპანია თვის ბოლომდე გაგრძელდება და მასში სხვა უნივერსიტეტებიც ჩაერთვებიან.
კომენტარები