ხაბიბ ნურმაგომედოვი — დაღესტნის მომდევნო ხელმძღვანელი?
ჩანს, კრემლი სიგნალებს აგზავნის, რომ UFC-ის მეგავარსკვლავს, ხაბიბ ნურმაგომედოვს დაღესტნის მომდევნო, პოტენციურ ხელმძღვანელად განიხილავენ. თუ ეს მოხდება, ვარსკვლავი მებრძოლი ჩეჩნეთის მთავართან, რამზან კადიროვთან დაპირისპირებაში აღმოჩნდება.
დაღესტნელი წარმოშობის UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს შეხვდა. ნურმაგომედოვმა სერგეი კირიენკოსთან ერთად გადაღებული ფოტო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა შეხვედრის თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შანსია, რომ შეხვედრა საბრძოლო ხელოვნებას ეხებოდა — ბოლოს და ბოლოს, სერგეი კირიენკო აიკიდოში მე-2 დანს ფლობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სპორტი განხილვის ერთადერთი საკითხი იყო, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კირიენკოს მოვალეობაში რუსეთის ფედერაციაში არჩევნების ყველა დონის ზედამხედველობა შედის. ზოგიერთი დამკვირვებლის ვარაუდით, კრემლი განიხილავს, რომ ნურმაგომედოვი დაღესტნის მომავალი ხელმძღვანელი გახდეს — რაც, თუ არსებულ მტკიცებულებებს გავითვალისწინებთ, არარეალურად სულაც არ გამოიყურება.
2020 წლის შემოდგომაზე, მისი პოპულარობის ზენიტში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის — რომელიც ასევე მისი მწვრთნელი იყო — კორონავირუსით უეცარი გარდაცვალების შემდეგ, დედასთან უფრო მეტი დროის გატარება სურდა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ გადაწყვტილების შემდეგ, მისი პოპულარობა უფრო გაიზარდა.
თუ კრემლი დაღესტნის პოტენციურ მმართველად ხაბიბს მართლაც ხედავს, მას სწორედ ამ პოპულარობის გამოყენება სურს, რომ იქ არსებული კრიზისი დაასრულოს.
მელიკოვი, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე მოსკოვიდან პუტინის დავალებით ჩამოვიდა, საკადრო ცვლილებებს განუწყვეტლივ ახორციელებს, რაც, როგორც ჩანს, რესპუბლიკის ზოგიერთი ენდემური პრობლემის გადაჭრის მცდელობაა, მათ შორის, სახელმწიფო კორუფციის, კრიმინალის, სიღარიბის — იმის, რაც რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე უარესია.
მაგრამ დაღესტნის ახალი ხელმძღვანელის მხრიდან რეგიონის შესახებ ცოდნის ნაკლებობა, ასევე, უუნარობა, რომ კრემლის სურვილის გარდა, სხვა რამ გააკეთოს, უფრო აშკარა ხდება. მას ბიუროკრატიასთან გამკლავება სურს, თუმცა რეალური ცვლილებები არ დამდგარა, ხოლო დაღესტნის უბრალო მოსახლეობაში აღშფოთება სულ უფრო იზრდება.
კრემლის გაზრდილი ინტერესი ნურმაგომედოვის მიმართ, სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა გავიგოთ. მაშინ მედია აქტიურად აშუქებდა ცნობებს, რომ პენსიაზე გასვლის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში, სპორტსმენი პუტინს შეხვდა — ეს მათი მესამე შეხვედრა იყო.
ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წასულ სპორტსმენთან უბრალოდ აწყობდეს შეხვედრებს, თუ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა არ სურთ.
თუ ნურმაგომედოვი ხელმძღვანელის მანტიის აღებას გადაწყვეტს, როგორც ერთგული და ადგილობრივი ლიდერი, კრემლისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი ოთხი მმართველი დაღესტნიდან იყო. ხოლო გადაუჭრელი კრიზისისა და მოსკოვის უნდობლობის გამო, ბოლო ორი ეთნიკურად რუსი, პირდაპირ პუტინის დანიშნული.
მეორე ჩეჩნეთი?
თუ ხაბიბი ამ პოსტს დაიკავებს, სავარაუდოდ, თითქმის სრულ თავისუფლებას მისცემენ, მანამ, სანამ პუტინის ერთგული იქნება. ნურმაგომედოვის დახმარებით, კრემლი შეეცდება, რომ რამზან კადიროვის "წარმატება" გაიმეოროს. კადიროვს წლების წინ ფართო უფლებამოსილება მიეცა, რომ ჩეჩნეთი თავისი შეხედულებისამებრ ემართა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უშიშროების ძალებში ბევრს ჩეჩენი ლიდერი გულზე არ ეხატება, კრემლისადმი ერთგულება მას თავის ძალაუფლებას მტკიცედ უნარჩუნებს.
კრემლის ოფისში სრულად დარწმუნებულები არიან, რომ კადიროვის პროექტი საუკეთესო რამ იყო, რაც რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა. ჩეჩნეთის ლიდერი იქ აღიქმება, როგორც ის, ვინც ორი სასტიკი ომის შემდეგ, ანტი-რუსული სენტიმენტების ტალღის მობრუნება და მტკიცედ მოწინააღმდეგე ჩეჩნების ერთგულ რუსებად გარდაქმნა შეძლო — სისასტიკე, რომელსაც კადიროვის რეჟიმი ეფუძნება, კრემლისა და მისი წარმომადგენლებისთვის ასეთი "ერთგულების" გულწრფელობას ხაზს უსვამს.
კრემლის ლოგიკით, რატომ არ უნდა გაიმეორონ ჩეჩნეთის გამოცდილება "არასაიმედო" კავკასიის რეპუბლიკაში წესრიგის აღსადგენად — დაღესტანიც ჩეჩნეთის მსგავსად, წლების განმავლობაში მოსკოვის მმართველობას აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა.
რაც შეეხება უამრავ განსხვავებას ორ რესპუბლიკას შორის, მოსკოვში, დიდი ხანია კავკასიელებს "ერთ ადამიანებად" აღიქვამენ, ჩამორჩენილი და ველური აზროვნებით, რომელთა პატივისცემის მოპოვება მხოლოდ ძალას შეუძლია.
თუმცა, რესპუბლიკის მართვა მარტივი საქმე სულაც არ არის. დაღესტნის ხელმძღვანელის, რომელსაც სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილების რეალური სურვილი აქვს, ვერ შეგშურდება, რადგან მას კლანთაშორის დაპირისპირებასთან, ეთნიკურ დაძაბულობასა და გავრცელებულ კორუფციასთან გამკლავება მოუწევს.
თუ ნურმაგომედოვს ამას შესთავაზებენ, ის, სავარაუდოდ, დათანხმდება.
ეჭვგარეშეა, რომ ნურმაგომედოვი ნდობით აღჭურვილი პირებითაა გარშემორტყმული, რომლებიც მისთვის მაღალ ავტორიტეტს წარმოადგენენ და ფინანსური სტიმული აქვთ იმისთვის, რომ თანამდებობის დაკავების გადაწყვტილების მიღებაში დაეხმარონ.
ნურმაგომედოვისგან კადიროვის შექმნის კრემლის პროექტში, ყველაზე დიდი დაბრკოლება თავად MMA-ს მებრძოლია. როგორც გულწრფელ და მორწმუნე მუსლიმს, შესაძლოა, არ სურდეს იმ სასტიკი და თავნება დიქტატურის დამყარება, რომელიც კადიროვმა ჩეჩნეთში შექმნა.
კადიროვი თუ ნურმაგომედოვი
მაისში რამზან კადიროვმა ნურმაგომედოვი მისი დაფუძნებული საბრძოლო კლუბის ერთ-ერთ მებრძოლთან მატჩში გამოიწვია. კადრიოვის თქმით, გამოწვევის მიღების შემთხვევაში, ნურმაგომედოვს მოგების "მინიმალური" შანსები ჰქონდა. მან, ასევე, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრძოლისთვის ნებისმიერი რაოდენობის თანხა გამოეყო.
ბევრმა კომენტატორმა ამას მხოლოდ სპორტული კუთხით შეხედა. ზოგიერთის აზრით, ეს იყო კადიროვის მცდელობა, პოპულარიზაცია გაეწია მისი შექმნილი საბრძოლო ორგანიზაციის, Absolute Championship AKHMAT-სთვის, როგორც აშშ-ში დაფუძნებული UFC-ის ალტერნატივისთვის.
თუმცა ეს პერსპექტივა, სრულად გამორიცხავს, ფაქტს, რომ სპორტი ხშირად პოლიტიკის იარაღად გამოიყენება, განსაკუთრებით, როცა საქმე კადიროვის რეჟიმთან გვაქვს.
ნურმაგომედოვის მაღალი პოპულარობა არა მხოლოდ დაღესტანში, არამედ მთელს რუსეთში, როგორც ჩანს, ჩეჩენი ლიდერის გაღიზიანებას იწვევს — კადიროვი საკუთარ თავს რეგიონში ერთადერთ ავტორიტეტად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა.
აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ნურმაგომედოვის როლს დაღესტანში კადიროვის გავლენაზე პირდაპირი შედეგი ექნება — დაღესტანში ქარიზმატული და პოპულარული ლიდერის არარსებობის გამო, ჩეჩნეთის ლიდერის გავლენა საზღვრებს სცდება.
დაღესტანში ხელმძღვანელად გახდომით ხაბიბს, არა მხოლოდ მოსახლეობის ნდობის დაიბრუნება, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენი ლიდერის პოპულარობისა და გავლენის გადაწონა შეუძლია.
ჩეჩნეთისგან განსხვავებით, სადაც კადიროვის ძალაუფლება არნახულ ზეწოლებსა და იძულებებზეა დაფუძნებული, ნურმაგომედოვს პატივისცემის მოპოვება ჭეშმარიტი პატიოსნებითა და მოკრძალებით შეუძლია — უარესიც, მას მმართველობის მოდელის ალტერნატივის შეთავაზებაც შეუძლია.
კადიროვის გამოწვევა, შეიძლება, ნურმაგომედოვის დისკრედიტაციის მცდელობად გავიგოთ. სწორედ ამიტომ, ეს გამოწვევა მთლად "სპორტული" არ ყოფილა — მან ნურმაგომედოვს "UFC პროექტი" უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მებრძოლს თავისი კარიერის განმავლობაში რუსეთისა და დაღესტნის დროშები არასდროს აღუმართავს.
ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, კრემლში ნურმაგომედოვის თაყვანისმცემლებისადმი იყო მიმართული. კადიროვმა, თითქოს, მათ უთხრა, რომ "ის არ არის ისეთი პატრიოტი, როგორიც მე, რომელმაც მთელი რესპუბლიკა რუსული სამფერიანი დროშით დავამშვენე".
ეს გამოწვევა მაშინ, როგორც ჩანს, მხოლოდ პროვოკაცია არ ყოფილა — ეს იყო ნურმაგომედოვის წაქეზების მცდელობა, რომ თავი დაეკარგა და ცხარე, მკვეთრი პასუხი გაეცა. ან, შესაძლოა, კადიროვმა იფიქრა, რომ ნურმაგომედოვი ბრძოლას დათანხმდებოდა კიდეც, შემდეგ UFC ჩემპიონი მატჩსაც წააგებდა და მისი უძლეველობის მითსაც გააქარწყლებდა.
მაგრამ ნურმაგომედოვი ამით არ მოტყუებულა.
რამდენიმე დღეში კადიროვს მშვიდი სიტყვებით, შემოთავაზებაზე უარის თქმის შეფარული ტონით უპასუხა.
"არ მიფიქრია, რომ ამაზე რეაგირება ღირდა. გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეც განსხვავებული განცხადებები გამიკეთებია, ცუდიც და კარგიც. ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება აქვს, დაე, ასეც იყო", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
მან დაამატა, რომ "UFC პროექტად" მოხსენიება სულაც არ იყო მისთვის შეურაცხმყოფელი.
"მე UFC-ის პროექტი და UFC-ის ჩემპიონი ვარ", — აღნიშნა ნურმაგომედოვმა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მოსაზრებაში გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს OC Media-ს რედაქციის პოზიციას.
კომენტარები