10 რამ, რაც ნაცნობი იქნება, თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ
ადამიანები სამყაროს ერთმანეთისგან განსხვავებულად აღვიქვამთ, ამიტომ ხშირად ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ემოციას შეიძლება აღგვიძრავდეს. თუმცა სიტუაცია უფრო რთულია, თუ იმ უმცირესობას მიეკუთვნებით, ვისაც ძალზე მგრძნობიარე ადამიანებს (HSP) უწოდებენ. ამ ტიპის ადამიანები მათ გარშემო არსებულ თითოეულ დეტალს უფრო ღრმად აანალიზებენ და საპასუხო რეაქციებიც უფრო მძაფრი აქვთ.
იმის მიუხედავად, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი ძალზე მგრძნობიარე შეიძლება იყოს, ეს ხშირად მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სოციუმისთვის მათი ქცევები მისაღები გახდეს ან თავი გაგებულად იგრძნონ. თუ თვლით, რომ ხშირად თქვენი ემოციები "დასაშვებ ნორმას" აჭარბებს ან საკითხებს იმ დონეზე უღრმავდებით, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველ დეტალებს პოულობთ, მაშინ თქვენთვის არც შემდეგი 10 პრობლემა იქნება უცხო:
1. მუდმივი თვითკრიტიკულობა
ცხოვრება შეცდომების გარეშე შეუძლებელია, თუმცა მგრძნობიარე ადამიანებისთვის ამ ფაქტთან შეგუება კიდევ უფრო რთულია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მგრძნობიარე ადამიანები საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან და მათთვის მცირე გადაცდომაც კი დიდ ტრაგედიად აღიქმება.
შედეგად, მცირე თუ დიდი შეცდომების გამო, ისინი თავს მუდმივად აკრიტიკებენ და იმაზე ფიქრში დიდ დროსაც კარგავენ, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამგვარი დამოკიდებულება მგრძნობიარე ადამიანებში დაბალი თვითშეფასებას იწვევს, რაც რეალობას არ შეესაბამება, თუმცა ამის დანახვა უჭირთ.
2. ადამიანებზე მიჯაჭვულობა
მეგობრებისა თუ პარტნიორების არჩევისას მგრძნობიარე ადამიანები დიდი სიფრთხილით გამოირჩევიან. მათი ინტერესის სფერო ერთჯერადი ურთიერთობები არ არის, ამიტომ იმ ადამიანებზე დიდ იმედებს ამყარებენ, ვისაც უახლოვდებიან. ხანდახან სხვებისთვის ის მცირე დეტალები შეუმჩნეველიც კი არის, რასაც მგრძნობიარე ადამიანები ურთიერთობებში აფასებენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ასე რომ, თუ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი მაინც მგრძნობიარე ადამიანია, შეიძლება ის თქვენზე იმაზე მეტად იყოს დამოკიდებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სასიყვარულო ურთიერთობებში კი ამ ტიპის მიჯაჭვულობა მგრძნობიარე ადამიანებისთვის კიდევ უფრო მძაფრია, რადგან პარტნიორის მოაზრების გარეშე რომელიმე სიტუაციის წარმოდგენა ან მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც კი ძალიან უჭირთ.
3. სხვების ქმედებებზე ზედმეტი ფიქრი
მგრძნობიარე ადამიანებისთვის თქვენ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა, ქმედება, ჩაღიმება ან უყურადღებობა მშვიდი ძილის დამრღვევი მიზეზები შეიძლება გახდეს. ეს ადამიანები ხშირად სხვების სიტყვებზე იმაზე მეტს ფიქრობენ და ისეთ ღრმა საზრისებს ეძებენ, ვიდრე ეს მათ ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.
მართალია, ხშირად მგრძნობიარეები დიალოგისას იმაზე მეტ დეტალს ამჩნევენ, ვიდრე ნაკლებად დაკვირვებული ადამიანები, მაგრამ არც იმის შანსია დაბალი, რომ არარსებული მინიშნებები მოეჩვენოთ და თავი ზედმეტად დაიტანჯონ. თუ ირგვლივ ასეთი ადამიანები გყავთ, ეცადეთ, რომ მათთან ურთიერთობისას სიტყვებისა და ქმედებების მიმართ უფრო დაკვირვებულები იყოთ, რადგან ამით დიდ სამსახურს გაუწევთ.
4. ჩაძინების შიში
ჩვენ შორის ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ბალიშზე თავის დადებიდან რამდენიმე წუთში უკვე ტკბილად სძინავს. თუმცა მათ ბოლომდე არ იციან, იმ სიტუაციასთან შედარებით ეს როგორი საჩუქარია, როცა ლეპტოპი ან ტელეფონი ორი საათის წინ გამორთე, მაგრამ ძილის მდგომარეობამდე ჯერ კიდევ შორია.
მგრძნობიარე ადამიანებისთვის ჩაძინებისთვის მზადება დღის ყველაზე რთული პერიოდია, რადგან უკვე დასუსტებული გონება, რომელიც უსიამოვნო თემებს თავს წარმატებულად ვეღარ არიდებს, ყველაზე მძიმე შიშების წინაშე მარტო გტოვებს. ასეთ დროს მგრძნობიარე ადამიანების უმეტესობას ეჩვენება, რომ მთელი სამყარო თავზე ენგრევა, ხვალ ან ზეგ ჩვეულებრივ ვეღარ შეძლებს არსებობას და ყოველ წამს ასეთი პანიკური მდგომარეობის ატანა მოუწევს. მართალია, დილის გონება სიტუაციის აღქმას რადიკალურად ცვლის, თუმცა ყოველ მოსაღამოებას ჩაძინების შიში მაინც თან სდევს.
5. კონფლიქტის შიში
დაძაბული დიალოგი, მაღალი ხმის ტონი ან უხეში მიმართვა მგრძნობიარე ადამიანებისთვის ნამდვილი კოშმარია. იმის მიუხედავად, რომ ზოგ სიტუაციაში ისინი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები არიან, იციან, რომ ემოციების გამო, თავის დაცვა მაინც გაუჭირდებათ და ამიტომ ცდილობენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად განერიდონ.
შედეგად, ისინი უსამართლოდ იჩაგრებიან და ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. მართალია, მშვიდ გარემოში მათი არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელია და არც სწრაფად აზროვნება უჭირთ, თუმცა ყველა ეს უნარი უკვალოდ ქრება, როცა მოახლოებული კონფლიქტის წინაშე დგანან. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მგრძნობიარე ადამიანს რამეს უსაყვედურებთ და ისინი შეტყობინების სახით დალაგებულ პასუხი მაშინ დაგიბრუნებენ, როცა ეს ამბავი აღარც კი გახსოვთ.
6. უცნაური ადამიანის იარლიყი
რადგან ემოციების კონტროლი მგრძნობიარე ადამიანებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია, ამიტომ სოციუმის ნორმებისთვის შეუსაბამო სიტუაციებში უმეტესად ამ მიზეზის გამო აღმოჩნდებიან ხოლმე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან პროდუქტების მაღაზიაში თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ აცრემლებული, ალბათ, თქვენთვის ის ზეწოლა უცხო არ იქნება, რომელსაც სხვა ადამიანების მზერა გაგრძნობინებთ და ეს თქვენს პრობლემას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
ჩვენ თითქოს მოგვეთხოვება, რომ პირადი პრობლემების გამო ყურადღების ცენტრში არასდროს მოვექცეთ, თავი შევიკავოთ ზედმეტი გადაცდომებისგან და ისე ვიქცეოდეთ, როგორც ამას საზოგადოების უმრავლესობა აკეთებს. მაგრამ არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც სხვა ნივთებთან ერთად ოთახში არ რჩება, როცა კარის ზღურბლს ფეხს გადავაბიჯებთ და მგრძნობიარე ადამიანებისთვის ამის დაფარვა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ, გარდა მათი იმედგაცრუებებისა, მგრძნობიარეებს იმ აზრთან შეგუებაც უხდება, რომ უცნაურები არიან და მათი ემოციები "სწორი" არ არის.
7. ტოქსიკური ემპათია
ემპათიის უნარის მქონე მეგობრები გასაჭირის დროს ძალიან გვეხმარებიან და ამაში მგრძნობიარე ადამიანები მართლაც უკონკურენტოები არიან. თუმცა ეს მედლის ერთი მხარეა, რადგან ემპათიურობის უნარი თავად მგრძნობიარე ადამიანების ემოციებზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს.
გასაკვირი არ არის, თუ ახლო მეგობრის გრძნობების გათავისება ყველას შეგვიძლია. თუმცა მგრძნობიარეები ხშირად სრულიად უცხო ადამიანების ისტორიებსაც საკმაოდ ემოციურად ეკიდებიან. ასევე, წიგნის თუ ფილმის პერსონაჟის ტრაგედია იმდენად მძიმედ შეიძლება აღიქვან, რომ ამის გამო მთელი დღე ცუდ ხასიათზეც იყვნენ. ემპათიის უნარი ჩვენს არეულ სამყაროში ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მგრძნობიარეებისთვის ბალანსის არარსებობა დამატებითი პრობლემის წყარო შეიძლება გახდეს.
8. შიმშილის აუტანლობა
როცა მთელი დღე ისე გადის, რომ საკვების მიღება გვავიწყდება, ეს ადამიანთა უმეტესობას ცუდ განწყობაზე აყენებს და შესაძლებელია, სიბრაზეც კი იგრძნონ. მგრძნობიარე ადამიანების შემთხვევაში კი ეს მდგომარეობაც გამძაფრებულია და თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ჭამის დრო გამორჩათ, ახლომყოფი ადამიანების მიმართ დიდ აგრესიას გრძნობენ, ყველაფერი აღიზიანებთ და გამოსავლის პოვნა ძალიან უჭირთ.
ალბათ, მარტივი დასანახია, თუ როგორი რთული პროცესია ამ ადამიანებისთვის დიეტა ან საკვების მიმართ სხვა ტიპის თავშეკავება, რაც სტრესის წინაპირობაც შეიძლება გახდეს. ასეთ დროს მგრძნობიარეებს შემდეგ დილემასთან უწევთ ჭიდილი: ან მკაცრი კვების რაციონი შეანარჩუნონ და გაღიზიანებულები დარჩნენ, ან სასურველი საკვები მიიღონ და შემდეგ დანაშაულის შეგრძნებით დაიტანჯონ.
9. გამოუძინებლად ყოფნა
ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის რომ საკმარისი ძილი გვჭირდება, ეს უცხო არავისთვისაა. უძილობის შემთხვევაში კი, თუ ამას მიუჩვევლები ვართ, გადაღლილობა, თავის ტკივილი და სხვა სიმპტომები გვაწუხებს. მგრძნობიარე ადამიანებისთვის ფიზიკურ სიმპტომებს ხასიათის რადიკალური ცვლილებაც ემატება.
თუ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ძილის ჰიგიენა მნიშვნელოვანია, მგრძნობიარე ადამიანებისთვის ეს კატეგორიული მოთხოვნაა, რადგან შედეგებთან გამკლავება მათთვის უფრო რთულია. უძილობის შემთხვევაში ჩვეულებრივი დღე საშინელ კოშმარად იქცევა, რადგან მგრძნობიარეებს კონცენტრაცია, ემოციების კონტროლი და მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ძალიან უჭირთ. ასე რომ, თუ თავს მგრძნობიარე ადამიანების კატეგორიას მიაკუთვნებთ, გირჩევთ, რომ ღამით ზედმეტი თავისუფალი წუთიც კი ძილისთვის გადაინახოთ.
10. პესიმიზმი მომავლის მიმართ
ადამიანთა უმეტესობა მომავალზე დარწმუნებით ვერ ლაპარაკობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყოველთვის არის იმის შანსი, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შეიძლება მოხდეს და ჩვენი გეგმები თავდაყირა დადგეს. მგრძნობიარე ადამიანები კი ამ საკითხში მეტი პესიმიზმით გამოირჩევიან. თუმცა ეს იმიტომ არ ხდება, რომ უკეთესი მომავალი არ სურთ ან ამისთვის არაფერს აკეთებენ, არამედ ასეთ განწყობას უფრო თავდაცვითი ხასიათი აქვს.
ასეთი მიდგომა იმ დაშვებას ეფუძნება, რომ თუ სამომავლოდ ჩვენ მიერ დასახულს მიზნებს ვერ მივაღწიეთ, ამისთვის წინასწარვე მზად ვიყოთ, რათა მოულოდნელობამ სხვა რამეების კეთების უნარიც არ წაგვართვას. ამ მიზეზით მგრძნობიარე ადამიანები ხშირად ზედმეტად პესიმისტურებიც კი არიან, რაც არც მათთვის და არც ახლობელი ადამიანებისთვისაა სასიამოვნო.
ნებისმიერი ადამიანს თავისი ხასიათის დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად უწევს ცხოვრება. ზოგიერთისთვის ეს გაცილებით მარტივია და პატარა მოვლენებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ზოგს თავისი ხასიათი სტრესულ სიტუაციებში სხვებზე უფრო ხშირად აგდებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მენტალობის კუთხით ბევრი თვისება ჩვენ არ აგვირჩევია და არც ჩვენი გენეტიკის თუ ამის გამომწვევი სხვა ფაქტორების ცვლილება შეგვიძლია. ამიტომ უმჯობესია იმაზე ვიზრუნოთ, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ ღია შესაძლებლობაა და ზედმეტად მგრძნობიარე თუ სხვა ტიპის ადამიანებს გარემოსთან ადაპტაციაში მაქსიმალურად დავეხმაროთ.
კომენტარები