ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რომელიც ჩვენს სახეობას წილად ხვდა, გარემოსთან ადაპტაციაა. ის მუსიკა, რომელიც წარსულის მოგონებებს გიღვიძებს პირველი, მეორე, თუნდაც მეცამეტე მოსმენისას აგატირებს, მაგრამ მეასედ ასეთი მძაფრი ეფექტი აღარ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მართალია, მოულოდნელობებს ვერსად გავექცევით, მაგრამ თანდათან მუდმივად ცვალებად სამყაროსთან შეგუების, შემდეგ კი ბრძოლის უნარი გვიმუშავდება.

მომავლის პროგნოზირება რთულია, თუმცა შესაძლო სიტუაციების წარმოდგენაში ხელს არაფერი გვიშლის. ამასთან, რაც უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს, თუ სამომავლო სიტუაციებს პესიმისტურად შევხედავთ და მუდმივი იმედგაცრუების მოლოდინი გვექნება, ეს თავდაცვის მექანიზმად შეიძლება ვაქციოთ.

ამგვარ მექანიზმს თავდაცვითი პესიმიზმი ეწოდება, რომელიც მეოცე საუკუნის ბოლოდან სტრატეგიული ოპტიმიზმის გვერდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოგნიტურ სტრატეგიად განიხილება.

თავდაცვითი პესიმიზმის მოკლე ფორმულა ასეთია: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ან სიტუაციის წინ ადამიანი ყველაზე ცუდ დასასრულს წარმოიდგენს, შემდეგ კი ყველა იმ მიზეზს აანალიზებს, რამაც იმედგაცრუებამდე შეიძლება მიიყვანოს.

ეს, ერთი მხრივ, გვეხმარება, რომ სიტუაცია უკეთ დავგეგმოთ — მაგალითად, პრეზენტაციამდე წარმოვიდგინოთ ყველა შესაძლო შეკითხვა, რომელიც შეიძლება მსმენელებმა დაგვისვან და მათზე წინდაწინვე მოვამზადოთ პასუხები. მეორე მხრივ, თუ ყველაზე ცუდ შედეგს დავუშვებთ და ის გამართლდება, ამისთვისაც მზად ვიქნებით.

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვითი პესიმიზმი ზოგადი პესიმიზმისგან განვასხვაოთ. ის რწმენა, რომ ყველაფერი ცუდი შენ დაგემართება ან რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანას აზრი არ აქვს, რადგან მაინც არაფერი გამოვა —პესიმიზმია, რომელიც ხშირ შემთხვევებში მოტივაციას გვიქვეითებს. თავდაცვითი პესიმიზმი კი, რა თქმა უნდა, პესიმიზმის მომენტსაც მოიცავს, მაგრამ თან სიტუაციის გაანალიზებასა და სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვაში გვეხმარება. თავდაცვითი პესიმიზმით მცხოვრებ ადამიანს აინტერესებს, თუ რატომ შეიძლება გარკვეული სიტუაცია წარუმატებლობით დამთავრდეს და რა უნდა გააკეთოს, რომ ასე არ მოხდეს. ხოლო თუ ყველაფერი მაინც ცუდად დამთავრდა, ამ ტიპის ადამიანი წინასწარ ფიქრობს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ეს მიდგომა არც იმას გამორიცხავს, რომ მიზანს მივაღწევთ ან ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ საპირისპირო შედეგის აცილება ან მიღება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მეტი ყურადღებაც მისკენაა მიმართული.

ასე რომ, თუ ახლობლები ხშირად გსაყვედურობენ, რომ სამყაროს მიმართ ნეგატიური მიდგომა გაქვს და შენგან მეტ პოზიტივს მოითხოვენ, დაფიქრდი — იქნებ, თავდაცვითი პესიმიზმი შენი საბრძოლო სტრატეგიაა? კი, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იმედგაცრუებაშიც კი პოზიტივის დანახვა შეუძლიათ; ზოგიც, უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ მომავალი გაცილებით ნათელი და კომფორტული იქნება. მაგრამ ვინც ასეთ მოლოდინებზე ნაკლებ იმედებს ვამყარებთ და მოქმედების სტრატეგიად თავდაცვით პესიმიზმს ვირჩევთ, მის დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად გვიწევს ცხოვრება. მოდი, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

1. იმედგაცრუება არ გაშინებს

ფოტო: iStock

ჩვენი ცხოვრება დიდი თუ მცირე მიზნებისგან შედგება. თუ კერძის მომზადებას მთელი დღე დაახარჯე და მაინც უგემური გამოვიდა, ამას უფრო მარტივად შეეგუები, ვიდრე ისეთ იმედგაცრუებებს, რომლებსაც წარმატების შემთხვევაში შენი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. ყველაფერი ჩვენი სურვილის შესაბამისად არ ხდება და მაშინაც კი, თუ გარკვეული მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, შედეგები ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული არასდროსაა. თუმცა ამის გააზრებით მარცხით გამოწვეულ ტკივილს სრულად ვერ გააყუჩებ და ვერც ემოციებისგან ბოლომდე დისტანცირებას შეძლებ. ამის მიზეზი ისაა, რომ თავდაცვით პესიმიზმს სტრატეგიად მგრძნობიარე ადამიანები ირჩევენ, რათა ტკივილი, რომელსაც სხვებზე მეტად განიცდიან, შეძლებისდაგვარად შეამცირონ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩეული ფსიქოლოგიური სტრატეგია არ მუშაობს. შეიძლება, იმედგაცრუებამ რამდენიმე საათი რეალობას მოგწყვიტოს, მაგრამ თუ ამისი მოლოდინი წინასწარ გქონდა, უსიამოვნო ფაქტს უფრო მარტივად გაუსწორებ თვალს და, შეიძლება, საღამოს გასეირნებისა და გემრიელი ნაყინის ჭამის სურვილიც კი გაგიჩნდეს. რადგან შენთვის მოულოდნელი არცერთი სცენარია, ისიც იცი, რომ იმედგაცრუებით ცხოვრება არ მთავრდება და ბრძოლა სხვა ფრონტზე უნდა გააგრძელო. ასე შეგიძლია, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვას გაექცე და დიდი დრო არ დაკარგო იმაზე ფიქრში, რასაც უკვე ვეღარ შეცვლი.

2. ყოველთვის გაქვს სათადარიგო გეგმა

ფოტო: Khrystyna / Dribbble.com

თუ მეგობარმა დახმარებაზე უარი გითხრა და ამის შესაძლებლობა წინასწარ დაუშვი, მაშინ მინიმუმ მეორე ადამიანი მაინც გყავს სიაში, რომელსაც შეგიძლია იმავე თხოვნით მიმართო. ან თუ უქმეების სახლში გატარება არ გსურს და ახლობლებთან პიკნიკზე წასვლა წინასწარ დაგეგმილი გაქვს, თავდაცვითი პესიმიზმი გიკარნახებს, რომ დროის ხალისიანად გატარების სათადარიგო ვარიანტიც მოიფიქრო. ასეთ სიტუაციებში არც მეგობრის ლანძღვაა შენი პირველი რეაქცია და არც წვიმის შემთხვევაში ამინდის ღმერთებზე გაწყრომა, რადგან ავტომატურად ცდილობ, ჯერ მიზანს მიაღწიო და წინა გეგმის ნაკლოვანებები მერე განიხილო. ხოლო თუ იმდენად უიღბლოები აღმოვჩნდით, რომ ყველანაირი გეგმა ჩაგვეშალა, არ არის გამორიცხული, საინტერესო ფილმი და ტკბილეული წინა დღეს უკვე მოგვემზადებინა, რათა საღამო მოულოდნელი მოწყენილობით არ დამთავრებულიყო.

გარდა ამისა, თავდაცვითი პესიმიზმი ყოველდღიურ მარტივ ქმედებებშიც იჭრება. მაგალითად, დიდი მოცულობის კვლევა წაიკითხე და ბოლოს მიხვდი, რომ ხვალინდელი ლექციისთვის რელევანტური არ აღმოჩნდა? არაუშავს, რამდენიმე ონლაინ ლექციის ბმული გექნება მზად, რომ საკითხში დაახლოებით მაინც გაერკვე. სულ არაფერს ხომ სჯობს?

3. შეგიძლია, თავიდან სცადო

ფოტო: Nikhilist

თავდაცვითი პესიმიზმი ყველაზე მეტად პროდუქტიული მაშინაა, როცა იმედგაცრუებები ერთ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება. ამ დროს შედარებით მარტივად ითვალისწინებ ყველა შეცდომას, რომელიც თავიდან ვერ გათვალე. მაგალითად, თანდათან ხვდები, რომ ადამიანებს მარტივად არ უნდა ენდო, რადგან შეიძლება, ზოგმა ეს ბოროტად გამოიყენოს ან საერთოდ არ დააინტერესოს, თუ რაზე ღელავთ. ამიტომ ახალი ადამიანის გაცნობისას ყველა შესაძლო ცუდ დასასრულს წინასწარ წარმოიდგენ, შესაბამისად, შენს ქცევებს ცვლი და ურთიერთობასაც უფრო რაციონალურ სახეს აძლევ.

ჩემთვის გადაულახავი იმედგაცრუების მოლოდინი დიეტისა და ვარჯიშის დაწყებას უკავშირდება. კერძოდ, თავიდანვე მაქვს მოლოდინი, რომ არაფერი გამომივა, თუმცა არ ვიცი — რატომ. პირველი იმედგაცრუებაა, როცა 3 კვირაში ტანმოვარჯიშის მსგავს პრესს ელი და ასეთი არაფერი ხდება. მეორე იმედგაცრუებაა, როცა დიეტას შიმშილად აღიქვამ და გაღიზიანებული ტირი, ჩხუბობ და საღამოს საყვარელი რესტორნის რიგში ამთავრებ. დაგროვილი შეცდომები კი იმედგაცრუების მრავალ სამომავლო სცენარს გვაძლევს, რომლებზეც თუ წინასწარ ვიფიქრებთ, ცდუნებისგან თავსაც დავიზღვევთ. ჩვენი გეგმა თანდათან უფრო დახვეწილი ხდება და მომდევნო წარუმატებლობები მოტივაციას აღარ გვიქრობს, რადგან ამაზე უკვე გვიფიქრია და ბრძოლას გაუმჯობესებული მეთოდებით ვაგრძელებთ.

4. მოწესრიგებული ხარ

ფოტო: Sonny Ross

ცუდი სცენარების წარმოდგენა ჩვენს ყოველდღიურობას ეტაპობრივად ცვლის. იმის დაშვება, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შეიძლება მოხდეს, იქითკენ გვიბიძგებს, რომ ყველა ქმედება წესრიგს დავუქვემდებაროთ და მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მაგალითად, თუ გასაუბრებაზე მივდივართ, სახლიდან დროულად გასვლა იმის წინაპირობა შეიძლება ვერ იყოს, რომ არ დავიგვიანებთ. არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადგენილ დროს არ მოვიდეს ან ტაქსის საცობში მოუწიოს დგომა და დანიშნულების ადგილს დროულად ვერ მივაღწიოთ. ამიტომ თუ მომავალ პოტენციურ დამსაქმებელზე არ გვინდა, ცუდი შთაბეჭდილება დავტოვოთ, თავდაცვითი პესიმიზმი გვკარნახობს, რომ სახლიდან საჭიროზე კიდევ უფრო ადრე გავიდეთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში დანიშნულების ადგილას ნახევარი საათით ადრე მისვლა სჯობს, ვიდრე დაგვიანება.

ისეთი პატარ-პატარა ჩვევები, როგორიც ბარათის გარდა ნაღდი ფულის ქონაც ან მობილური ტელეფონის დამტენის თან ტარებაა, საბოლოოდ ზოგადად ცხოვრებისადმი ჩვენს დამოკიდებულებასაც მნიშვნელოვნად ცვლის. თუ სწავლის, მუშაობის, გართობის, მარტო ყოფნის და სხვა მრავალფეროვან აქტივობათა ერთმანეთთან შეთავსება გვსურს, მოულოდნელი ცუდი სცენარები გვეხმარება, რომ წინასწარ გეგმაში ბევრი რამ გავითვალისწინოთ, გამოსავალზეც ნაფიქრი გვქონდეს და დრო უფრო პროდუქტიულად გადავანაწილოთ.

5. მცირე წარმატებას გაზვიადებულად აღიქვამ

ფოტო: Ramy Wafaa / Dribbble.com

ყველა უპირატესობა კომპენსაციას მოითხოვს, ამიტომ თავდაცვით პესიმიზმსაც თავისი წილი წყევლა მოჰყვება. ჩვენი ემოციები იმედგაცრუების მიმართ კი დაბალანსებულია, თუმცა წარმატების მოლოდინი ხელიდან გვისხლტება, რადგან ამაზე უფრო ნაკლებს ვფიქრობთ. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ მცირე შექებამ ან კომპლიმენტმა მთელი დღე ეიფორიაში შეიძლება ჩაგვაგდოს, ეს კი რეალობის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამასთანავე, კარგი და სასიამოვნო ამბების შემდეგ ჩვენს პესიმისტურ წარმოდგენებთან დაბრუნება უფრო რთული ხდება. ამიტომ კონტრასტის გადალახვა ცოტა უფრო მეტ დროსა და მუშაობას მოითხოვს, რათა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და ამ სიხარულის ჟამს გაუთვალისწინებელი ცუდი შედეგები არ გამოგვეპაროს.

ამ შემთხვევაში ხშირი პრაქტიკა ბალანსის შენარჩუნების წინაპირობაა. თუ თავდაცვითი პესიმიზმი მართლა ასეთ რაციონალურ არსებებად გვაქცევს, მაშინ ხშირ წარუმატებლობას არ უნდა ვუჩიოდეთ. მცირე თუ დიდი წარმატებების მიმართ კი დროდადრო იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ, რომ თან ბედნიერებაც განვიცადოთ და თან ისიც გვახსოვდეს, რომ წინ შეიძლება წარუმატებლობაც გველოდეს. ასე რომ, თავდაცვითი პესიმიზმით ცხოვრება არც ისეთი მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

6. ხშირად "წუწუნებ"

ფოტო: Kit8 / Dribbble.com

ყველამ ვიცით, რომ კითხვა, "როგორ ხარ?", უმეტეს შემთხვევაში ან რეალურ ინტერესს მოკლებულია, ან უბრალოდ სასაუბრო თემის არარსებობის გამო დაისმის. თუმცა უფრო ახლო მეგობრებისგან იმის მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად აინტერესებთ. ხშირად "როგორ ვართ", ზუსტად იმით განისაზღვრება, თუ რაზე ვფიქრობთ. ამ მხრივ კი იმ ადამიანს, რომელიც თავდაცვითი პესიმიზმით ცხოვრობს, მართლაც ბევრი აქვს სალაპარაკო. ამასთან, წარმოდგენილი ყველაზე ცუდი სცენარები ერთნაირი წარმატებით ეხება იმას, რომ მეგობარს შეიძლება ჩვენი არჩეული საჩუქარი არ მოეწონოს და იმასაც, რომ შეიძლება სიმულაციაში ვცხოვრობდეთ და რეალურად ავზში მოტივტივე ტვინები ვიყოთ, რომლებზეც სხვა სახეობა ექსპერიმენტებს ატარებს.

არ აქვს მნიშვნელობა, წარმოდგენილი სცენარი რადიკალურად სკეპტიკურია თუ არა, თანამოსაუბრის მხრიდან ეს ხშირ შემთხვევაში წუწუნად აღიქმება. თუმცა პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ასეთ სიტუაციებში წუწუნის განზრახვა ნამდვილად არ მაქვს. ცუდ სცენარებს არც იმის მოსასმენად განვიხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ამის რომ მჯეროდეს, თავდაცვით პესიმიზმს სამოტივაციო სტრატეგიად ნამდვილად არ ავირჩევდი. რეალურად მხოლოდ ის მიზანი მაქვს, რომ მოსალოდნელი იმედგაცრუებები თანამოსაუბრესთან ერთად განვიხილო, შესაძლო შეცდომები აღმოვაჩინოთ, სიტუაცია უკეთ გავაანალიზოთ და სტრატეგიის შემუშავებაში რჩევები მივიღო. თუმცა ადამიანებისთვის ამის ახსნა რთულია. თუ სხვებს ყოველთვის გასართობ, სასიამოვნო და მათთვის საინტერესო თემებს ვეღარ სთავაზობ, მზად იყავი, რომ შენთან საუბრის სურვილს თანდათან დაკარგავენ.

7. მუდმივი უნდობლობის განცდა გაქვს

ფოტო: I´m Almu Muñoz / Dribbble.com

ადამიანებთან სოციალური სიტუაციები, უმეტესად კი საერთო ინტერესები ან პრობლემები, გვაახლოებს. ამ ყველაფერს კი თანდათან პირადი ინფორმაციის გაცვლა ემატება. ასე იქცევიან ადამიანები ჩვენი სიხარულის ან მწუხარების გამზიარებლებად, მაგრამ ეს შეიძლება მოჩვენებითი ან ხანმოკლე აღმოჩნდეს. თავდაცვითი პესიმიზმი მხოლოდ წარუმატებელ სიტუაციებსა და ჩაშლილ გეგმებს არ მოიცავს, არამედ ადამიანებთან ურთიერთობებშიც ყველაზე ცუდ სცენარებს უშვებს.

მოულოდნელი შექება და თავზე ხელის გადასმა ზოგჯერ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რთული საგნის ჩასაბარებლად უბრალოდ შენი დახმარება სჭირდებათ. ასეთ ურთიერთობებში ზუსტად იცი, რომ სარგებლის გამო გიყენებენ და ყურადღების მოკლების შემდეგ დიდი იმედგაცრუება აღარ გეუფლება. მაგრამ როცა უფრო ახლო ადამიანების მიმართ მსგავსი ეჭვები გიჩნდება, მთელი დრამაც მაშინ იწყება.

წარსული გამოცდილება რაც უფრო სასტიკი იყო, შენი ნდობის მოპოვება და შემდეგ შენარჩუნება უამრავ ურთიერთობაში სულ უფრო დიდ დაბრკოლებად იქცევა. ჩვენი ტვინი იმისკენაა მიდრეკილი, რომ უყურადღებობის მიზეზად მაშინვე ღალატი ან ჩვენდამი გულცივობა წარმოვიდგინოთ, ვიდრე დავუშვათ, რომ ჩვენს შეტყობინებას დროულად ინტერნეტის არქონის ან მობილურის დამჯდარი ელემენტის გამო ვერ უპასუხეს. სიტუაცია მაშინ უფრო მძაფრდება, როცა უნდობლობის არანაირ მიზეზს არ გაძლევენ, მაგრამ მშვიდად ყოფნა მაინც არ შეგიძლია. ასეთ დროს ან შენი ეჭვები უნდა დამალო, ან ურთიერთობა მუდმივ კონფლიქტად აქციო. ხშირად კი ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა, რომ პრობლემებს იქ ქმნი, სადაც ისინი არც კი არსებობენ. ასე რომ, ნდობის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია და ამას ბევრი ვერ უძლებს.


ღირებული წარმატების მიღწევა არასდროსაა იოლი და ამისთვის ყველა სხვადასხვა გზას ვირჩევთ, რასაც თავისი სიმარტივეები და სირთულეები თან ახლავს. თავდაცვითი პესიმიზმი თავიდან, შესაძლოა, არჩევანია, მაგრამ შემდეგ ცხოვრების წესად იქცევა. ჩვენ, ვინც სტრატეგიად თავდაცვით პესიმიზმს ვირჩევთ, ვიცით, თუ როგორი შეიძლება იყოს სამყარო ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ამის ასაცილებლად კი ბევრ გათვლას ვაკეთებთ. მაგრამ, ამასთან, ასეთ სამყაროში ცხოვრებისა და ბრძოლისთვის სათადარიგო ენერგია ყოველთვის გადანახული გვაქვს.