ვალიტა გორელჩანიკი — უძლიერესი ქალი საქართველოში
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
მე ვარ ვალიტა გორელჩანიკი, ფიტნეს ინსტრუქტორი და პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი საქართველოში. გარდა ამისა, ვახორციელებ საგანმანათლებლო პროექტს პენიტენციურ დაწესებულებაში — მსჯავრდებულებს ვეხმარები, მიიღონ პროფესიული განათლება ფიტნესის მიმართულებით და როცა ციხიდან გამოვლენ, მათაც ჰქონდეთ პროფესია, რომელსაც რესოციალიზაციის პროცესში გამოიყენებენ.
ბავშვობიდან უარყოფილი კლასიკური ქალის მოდელი
ჩემი გვარი უკრაინულია და ეს ხალხს ხშირად აბნევს. ეს არის მამობილის გვარი, მე დედითაც და მამითაც ქართველი ვარ. რუსეთში დავიბადე, რვა წელი იქ ვიცხოვრე და მერე საქართველოში დავბრუნდით. ძალიან კონტრასტული ბავშვობა მქონდა და რუსეთში გატარებული წლებიც კარგად მახსენდება, აქ რომ ჩამოვედი, ქართული ენაც არ ვიცოდი, მოსმენით ვისწავლე. ბოლო დროა, ვცდილობ, გრამატიკულად დავხვეწო.
მახსოვს, ჩემი საყვარელი ნაწარმოები იყო "ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე" — დოსტოევსკის პატარა და საკმაოდ მძიმე მოთხრობა, რომელშიც აღწერილია სოციალური უთანასწორობა, ის, თუ როგორი დაუცველია ბავშვი და როგორ სჭირდება მას ზრუნვა. ბავშვობიდან ნეგატიური პერსონაჟები მომწონდა, უფრო მეტად განვიცდიდი მათ მდგომარეობას. ასეთი იყო თოვლის დედოფალი — ქალი, რომელიც არ ჰგავდა კლასიკური ქალის მოდელს. კლასიკური ქალის მოდელი ჩემთვის ყოველთვის იმდენად უბრალო იყო, რომ სულ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი და ამ შემთხვევაში, ასეთი განსაკუთრებული ეს პერსონაჟი აღმოჩნდა.
სექსუალობა
სულ იმ შეგრძნებით ვცხოვრობდი, რომ არაფერი ახალი საკუთარ თავზე არ გამიგია. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, იყო ისეთი, როგორიც მე ვარ, როგორიც დავიბადე. სულ ასეთი ვიყავი, როგორიც დღეს ვარ და კონკრეტული გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ან რაიმეს გააზრების პროცესი, არც მახსოვს. შესაბამისად, საკუთარი თავის მიღების პრობლემაც არ მქონია.
არც ჩემი სექსუალობის დამალვაზე მიფიქრია. არ ყოფილა ისე, რომ რაღაც აღმოვაჩინე, იდენტიფიცირება მოვახდინე და მერე ვიფიქრე, რომ ამას შეიძლება ხელი შეეშალა ჩემთვის ცხოვრებაში, ან რაღაცნაირად ვნებდა გარემოცვას, ვინმეს... ქამინგაუთი არც დამჭირვებია, უბრალოდ, გოგოებთან მეგობრობა დავიწყე და გაჩნდა კითხვები სხვებისგან, ხომ არ მოგწონს და ა.შ. მაშინ ვთქვი, რომ კი, და ეს ნორმაა ჩემთვის.
თუმცა რაღაც მომენტში იმასაც მივხვდი, რომ, თურმე, ეს, რაც ჩემთვის ნორმალურია, ყველასთვის ნორმალური არ არის — მაგალითად, დედაჩემისთვის, რომელიც, ზოგადად, ყოველთვის ძალიან ჰომოფობიურად იყო განწყობილი. ახლა, წლების მერე, მისი ეს აქტიური ჰომოფობია პასიურში გადავიდა და ამ ეტაპზე, ჩემთვის ესეც მისაღებია. ვფიქრობ, რომ ეს მისი არჩევანის თავისუფლების ამბავია — როგორც მე მაქვს თავისუფლება, ვიყო ასეთი როგორიც ვარ, იგივე თავისუფლება აქვს სხვა ადამიანს, მოვწონდე, ან არ მოვწონდე, მიმიღოს, ან არ მიმიღოს. როგორც ჩემი თავისუფლების დარღვევის უფლებას არავის ვაძლევ, ასევე, არ მინდა, სხვისი თავისუფლება დავარღვიო და ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან თხელი ყინულია.
უძლიერესი ქალის ტიტული და პროექტი მსჯავრდებული ქალებისთვის
პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი, კარიერა 2016 წელს დავასრულე. სპორტის პირველი სახეობა, რომელშიც საერთაშორისო წარმატება მოვიპოვე, იყო ე.წ. Powerlifting — ძალისმიერი სახეობა, ქართულად "სამჭიდი" და გავხდი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი. შემდეგ ამ სპორტიდან წამოვედი და წავედი Mas Wrestling-ში, ეს არის ფიცარნაგზე ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან და აქაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. 2016 წელს ტრავმა მივიღე და სპორტს თავი დავანებე, რადგან ტრავმის აღდგენას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა და უკვე ასაკიც აღარ მიწყობდა ხელს. თან, პარალელურად, სხვა საქმესაც ვაკეთებდი და სპორტმა ნაკლებად პრიორიტეტულ ადგილზე გადაინაცვლა.
როცა ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ საქართველოში უძლიერესი ქალის სტატუსი მომანიჭეს, გამიჩნდა იდეა, რომ ეს სტატუსი სწორი მიმართულებით გამომეყენებინა, ძალიან მინდოდა, შევსულიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩამეტარებინა Fitday, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. როცა შევედით და ჩავატარეთ, ისეთი კარგი ფიდბექი გვქონდა და გოგოებსაც ისე მოეწონათ, რომ მახსოვს, ტაქსიში ჩავსხედით და ჩემს პარტნიორს ვუთხარი, მგონი, ამ გოგოებს უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე ეს ერთდღიანი შესვლა და უფრო გრძელვადიანი პროექტია საჭირო-მეთქი. დავიწყე ფიქრი გრძელვადიან პროექტზე და მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაკავშირებული პროფესიულ განათლებასთან, უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული და არა ონალაინ სწავლება. პანდემია დამატებითი სირთულე იყო, მაგრამ პენიტენციური სამსახურის ჩართულობითა და თანადგომით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ, ყველაფერი გამოვიდა.
ჩემთვის ეს პროექტი ახალი გამოცდილებაა. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ არსებობს სუბორდინაცია და პატიმრებთან ურთიერთობის კონკრეტული ფორმატი, თუმცა, საბოლოოდ, იქამდე მივედით, რომ სწავლის გარდა, ერთმანეთს ყველანაირად ვახალისებთ. ჯგუფში 20 გოგო გვყავს, თვითონაც მაქსიმალურად არიან ჩართული, ძალიან კარგად სწავლობენ და შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. უკვე ოთხი თვეა, რაც პროექტი მიმდინარეობს და კიდევ ორი თვეა დარჩენილი. ამ ნაკადს რომ მოვრჩებით, გვინდა, კიდევ გავაგრძელოთ, თუ ამის რესურსი გვექნება.
პროტესტი უთანასწორობის მიმართ
სპორტში როცა ვიყავი, როგორც ქალს, არასდროს მიგრძვნია დისკრიმინაცია ჩემი თანაგუნდელების ან საქართველოს ნაკრების მხრიდან. მაგრამ ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ყირგიზეთში ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ერთ ბაზაზე ცხოვრობდა (სპორტული ბაზა ყოველთვის ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლება, სადაც ბევრი სხვადასხვა ქვეყნის, რწმენისა და კულტურის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს). ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა და ჩვეულებრივი მოკლე სპორტული მაისური მეცვა, ვიდექი და ჩვენი გუნდის წევრებს ვგულშემატკივრობდი. ჩემთან ყირგიზი ბიჭი მოვიდა და მითხრა, ვფიქრობ, ქალს ასე არ უნდა ეცვას და ტატუები უნდა დაფაროო. ამან ჩემში საშინელი წინააღმდეგობა და უსამართლობის გრძნობა გამოიწვია, შევუტრიალდი და ვუთხარი — მე თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე ვარ, როგორც მინდა, ისე მაცვია, მით უმეტეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვიმყოფები-მეთქი. მე არც ყირგიზი ვარ, არც მუსლიმანი, ამხელა მასშტაბის ჩემპიონატზე ვარ ჩამოსული, მოდიხარ და მთხოვ, რომ გრძელმკლავიანი ზედა ჩავიცვა აი, ეს ერთი მომენტი იყო დისკრიმინაციის, უფრო სწორად, მცდელობის, რომლის საშუალებაც არ მივეცი.
ასევე, მახსენდება შემთხვევა, როცა ჩემი დის ქორწილში ვიყავი თიანეთში და ჩემთვის შოკი იყო ის, რომ ორი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, კაცებისთვის ცალკე და ქალებისთვის — ცალკე. ამაზე ვთქვი, რომ სადაც მინდოდა, იქ დავჯდებოდი და იმ სუფრასთან დავჯექი, სადაც კაცები ისხნდნენ. ასეთი იყო ჩემი პროტესტი, საკმაოდ პოზიტიური — ყველას ვუღიმოდი, არავის მიმართ გამომიჩენია აგრესია, მაგრამ ჩემი პოზიცია ასე დავაფიქსირე.
ზოგადად, მგონია, რომ პრობლემა ქართველი ქალის არაამბიციური ხასიათიცაა. საქართველოში, ხშირად, ქალები ფინანსურად დამოკიდებული არიან კაცებზე. მერე რა, რომ გათხოვდი, მაინც ისწავლე, იმუშავე... ეს არის მენტალობის პრობლემა, ადათ-წესების, ოჯახის, აღზრდის. ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი — რამდენჯერ გამიგია, რომ ქმარი ცოლს ათი წელია ურტყამს, მაგრამ მას წასასვლელი არ აქვს, რადგან არ აქვს რესურსი ცალკე საცხოვრებლად. ეს აბსოლუტური ფინანსური დამოკიდებულება, როცა შენ მარტოს არაფერი შეგიძლია, პირველ რიგში, არღვევს შენს უფლებას და შენ არღვევ შენს უფლებას, როცა ამბიცია არ გაქვს, შედგე, როგორც პიროვნება.
ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა გავხდეთ ნორმალურები
ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქვიარ ადამიანებს ქორწინების საშუალებას არ აძლევს, პირადად ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, პრობლემა არაა, რადგან დაქორწინებაზე არასდროს მიფიქრია. ჩემთვის არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ სამართლებრივ კავშირში ვიყო ჩემს პარტნიორთან იმისთვის, რომ მას გარკვეული ქონება დავუტოვო, ამის მოგვარება ძალიან მარტივად შემიძლია — მივდივარ და ვუფორმებ ამ ყველაფერს. თუმცა მე რომ ეს არ მსურს, იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს არ აწყობთ ან არ უნდათ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამის ალტერნატივაზე უნდა იფიქროს, თუმცა ეს საქართველოში რამდენად ახლო პერსპექტივაა, ვერ გეტყვით. კონკრეტულად გეი ქორწინება ხვდებათ ყურში, რადგან ფიქრობენ, რომ ორმა ქალმა/კაცმა ერთად არ უნდა იცხოვროს, ისინი ბავშვს ვერ გაზრდიან და ა.შ. ბევრი ნატურალური ოჯახი ვიცი, სადაც ბავშვი ჯანსაღ გარემოში არ იზრდება — ბევრჯერ მინახავს, როგორ ურტყამს დედა შვილს, ეს არ არის ნორმა. ამ დროს, შეიძლება, მას ქმარიც ჰყავდეს და მის ოჯახს კარგი ოჯახი ერქვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ჯანსაღი გარემოა.
თუ ადამიანებს აქვთ ურთიერთობა და ერთად ცხოვრობენ, მათ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების ერთად მიღების უფლება და მხოლოდ ქაღალდი არ უნდა მიწყვეტდეს ამას. მქონდა ასეთი სიტუაცია, როდესაც ჩემი პარტნიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვიცოდი, რომ არ შემიშვებდნენ და ვთქვი, რომ ჩემი და იწვა და უნდა შევსულიყავი. ამის შემდეგ, ჩვეულებრივად შევედი და გამოვედი, მაგრამ ეს არ არის ნორმალური, ძალიან არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რადგან ტყუილის თქმა მომიწია.
რაც შეეხება სხვა არასამართლებრივ ასპექტს, ამაზე ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, მშვენიერი რეზიუმე მქონდა და სამსახურს ვეძებდი. ერთ-ერთმა კლუბმა პირდაპირ მითხრა, რომ არ ვიყავი ვიზუალურად საკმარისად მიმზიდველი და ბიჭს ვგავდი, მათ კი ისეთი გოგო სჭირდებოდათ, ვინც ტოპს ჩაიცვამდა და კაცების ყურადღებას მიიქცევდა. ამაზე ვკითხე — "და პროფესიონალიზმი?" სამწუხაროდ, ეს საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია, უამრავი კომპანიაა ისეთი, სადაც ვიზუალით აყვანილი კადრები ჰყავთ და მერე ეს კადრები მომხმარებლის მოთხოვნებსა და იმედებს ვერ ამართლებენ. მე მომხმარებლისგან არასდროს მიგრძვნია რამე ნეგატიური, რადგან საკუთარი თავისთვის ვარ ნორმალური და შესაბამისად, მესიჯიც ასეთი მაქვს.
ჩვენ საკუთარი თავისთვის უნდა გავხდეთ ნორმალურები, სანამ ვიმალებით საკუთარ თავშიც კი, არაფერი შეიცვლება.
ყველაზე თავისუფალი ადამიანი
მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თვითონ ირჩევს პარტნიორს, ვირჩევ ჩემთვის მისაღებ ფორმას შინაგანი თუ გარეგანი გამოხატულებებისთვის, იმას — ვისთან ვიყო, როგორ ვიყო, როგორ მოვიქცე… მთავარია, არ ვარღვევ საზოგადოებრივ ნორმებს, დანარჩენი კი ჩემი პირადი საქმე და ჩემი თავისუფლებაა, რომელიც არავის ეხება.
ვთვლი რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან ადამიანი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე — თავის ინსტიქტებზე, ახლო ადამიანებზე, გარემოზე, პოლიტიკაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ა.შ. ჩემ გარშემო, ძირითადად, არიან ადამიანები, რომლებსაც გარესამყაროს ადეკვატური აღქმა აქვთ, გარკვეულწილად, ჩემს "ბაბლშიც" ვარ. როცა ვხედავ, რომ გარემო ჩემზე ზეწოლას ცდილობს, მე იმ გარემოს ვიცვლი, არასდროს ვრჩები გამანადგურებელ გარემოში იმის გამო, რომ მე ეს რამედ მიღირს. არ ვრჩები იქ, სადაც მზღუდავენ, სადაც ვერ ან არ მიგებენ.
არ შეიძლება, ადამიანი დარჩეს მტრულ გარემოში და ის იყოს ბედნიერი, ეს გამორიცხულია.
ჩვენ ვარსებობთ და ჩვენ ქართველები ვართ!
პრაიდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ პრაიდი უნდა ჩატარდეს იმ ფორმით, რომელიც ამ ეტაპზე იქნება მისაღები ჩვენი საზოგადოებისათვის. მეტი ხილვადობის პოლიტიკაც ამას ემსახურება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა მოვამზადოთ ამისთვის. თუმცა, თუ პრაიდი ტარდება თუნდაც ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, არავის აქვს უფლება, ის გააკეთოს, რაც 17 მაისსა და 5 ივლისს მოხდა.
მეც მიწევს ხოლმე, ვიყო ტოლერანტული ჰომოფობებთან იმის გამო, რომ, ხშირად, ამ ადამიანებმა არ იციან, რატომ არ მოვწონვარ, არ შეუძლიათ საკუთარი ზიზღისა და ემოციის იდენტიფიცირება ჩემ მიმართ, არ მიცნობენ და უკვე ვეზიზღები. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვამბობ, რომ ეს არის კონკრეტული გარემოს ზემოქმედება და მისი ვიწრო მსოფლმხედველობის ბრალი, თუმცა, რაც 5 ივლისს ხდებოდა, ეს ჩემთვის ამაზრზენი იყო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ აქვთ ვიწრო მსოფლმხედველობა, მაგრამ აქეზებდნენ სხვებს, რომ წასულიყვნენ და დაერტყათ — ეს ხალხი მოსული იყო იქ, რომ ვინმე ეცემა. როდესაც გინდა, რომ გეის თავი გაუხეთქო, ან პატარა ბავშვებს დასდევ, რომლებსაც გრძელი თმა აქვთ და ურტყამ, ეს უბრალოდ აგრესიის ამოღებაა. მე ამ პრობლემას უფრო სიღრმისეულად ვუყურებ და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ჰომოფობიას, ბიფობიას ან ტრანსფობიას უკავშირდება, პრობლემა ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამდენ ადამიანს აქვს უკიდურესი სიძულვილისა და ზიზღის განცდა — აი, ეს მაშინებს.
ჩვენთან არ არსებობს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვის კულტურა, ხალხი არ მიმართავს ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს... ჩვენ არ გვაქვს ამ აგრესიასთან კორექტული ბრძოლის საშუალება. ამის წინააღმდეგ რომ იმუშაო, ადამიანური და ფინანსური რესურსია საჭირო — ფსიქოლოგთან დადის ის, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს, რადგან მათი მომსახურება საკმაოდ ძვირია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება ამ კუთხით. საჭიროა ამაზე იზრუნოს სახელმწიფომ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება.
მახსოვს, ერთმა ტაქსისტმა მითხრა ასეთი ფრაზა — "საქართველოში ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ!" მე ვკითხე — რატომ, თქვენ ჩემზე მეტი ქართველი ხართ, ჩემზე მეტად გიყვართ ეს ქვეყანა, ჩემზე მეტს აკეთებთ ამ ქვეყნისთვის, მე თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ იმის გამო, რომ მე სხვა ორიენტაცია მაქვს-მეთქი? ამაზე პასუხი იყო ის, რომ ქართველს "არ ეკადრება ასეთი საქციელი". იცით, რაშია საქმე? ორიენტაცია და საქციელი მათთვის ერთი და იგივეა, სოციალური ფსიქოლოგიის ცოდნაც არ აქვთ, არანაირი იდენტიფიცირება არ შეუძლიათ და თვლიან, რომ რადგან გეი ხარ, სულ ცუდად იქცევი, ამაზრზენი ხარ, გარყვნილი ხარ... რთულია, ყველას ოპონირება გაუწიო, მე რომ ყველას კამათი დავუწყო, სისულელეა და მეორე — ვერ აუხსნი, აქ მასშტაბური მიდგომაა საჭირო.
ასევე, დიდი პრობლემაა კომუნიკაციის არქონა ქვიარ თემის წარმომადგენლებთან და რატომ — საქართველოში ქამინგაუთს არავინ აკეთებს და ამ ხალხთან კომუნიკაცია არ ხდება, როგორც გეისთან. მათთან კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას მალავენ. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ შენ თვითონ მალავ და გრცხვენია რაღაცის, ან რაღაც მიზეზები გაქვს, რომ ეს არ გამოაჩინო, შესაბამისად, არ მოხდება ეს კომუნიკაცია და საზოგადოება ვერასდროს მიხვდება, რომ გეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული. არსებობს ასეთი ფარდა, რომ ქართველი გეი არ არსებობს და ჩვენ ამ ფარდის უკან ვართ. რისი უნდა მეშინოდეს მე, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც შემდგარია — ოჯახის დაკარგვის? ოჯახს, რომელიც მე დამკარგავს იმის გამო, რომ მე პარტნიორად ვირჩევ იმ სქესს, რომელიც მე მომწონს, რანაირად შევხედო ამ ოჯახს, როგორც ახლო ადამიანების წრეს? საუბარი მაქვს იმ ხალხზე, ვინც შედგა, რომელსაც აქვს საშუალება, გამოვიდეს და თქვას, რომ, კი, ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ შევდექით და უამრავ რამეს ვაკეთებთ. არ ვამბობ, რომ უნდა გამოვიდნენ და სულ ამაზე იყვირონ — გამოდი ერთხელ, გააკეთე ქამინგაუთი და მხარი დაუჭირე ადამიანებს, რომლებსაც იმ მომენტში არ აქვთ საშუალება, შედგნენ. უთხარი მათ, რომ, აი, მე ყველაფერი კარგად მაქვს და თქვენც აუცილებლად კარგად იქნებით.
არ უნდა ენიჭებოდეს ორიენტაციას ისეთი ტრაგიკული მნიშვნელობა, რომ ამის გამო ვინმემ დაგაშინოს, დაგაბულინგოს, დაგსტრესოს. საქართველოში ძალიან ეშინიათ განსჯის, ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რას იტყვიან სხვები, ვიდრე ეს რეალურად არის პრობლემა. ვცდილობთ, ყველას მოვერგოთ და ასე არ გამოვა — ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ბედნიერები და ვიცხოვროთ ჩვენი ბედნიერებისთვის.
მტრული გარემოს შეცვლა, საკუთარი თავის მიღება და მუდმივი თვითგანვითარება
მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების რესურსი. საწყენი ის არის, რომ ჩვენ ამ რესურსს ვერ და არ ვიყენებთ. პოზიტიურად ფიქრის საფუძველს ის მოზარდები მაძლევენ, რომლებშიც ვხედავ ამ პოტენციალს, მაგრამ მათ არ აქვთ გარემო, სადაც მივლენ და ისწავლიან, სადაც საჭირო ინფორმაციას მოისმენენ, სადაც უფრო გააფართოვებენ თავიანთ მსოფლმხედველობას. მეტი უფასო საგანმანათლებლო ცენტრი უნდა შეიქმნას, საჭიროა მეტი პროფესიონალი, რომლებიც მათ თუნდაც ქვიარ თემაზე მიაწვდიან ინფორმაციას.
ამ პროცესში, ჩვენც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ — მაგალითად, მე ვარ ფიტნეს ექსპერტი-ლექტორი და შემიძლია, მივცე განათლება ადამიანს ფიტნესის მიმართულებით, ჩემი პარტნიორი ფსიქოლოგია, მას შეუძლია, თავისი პროფესიიდან მიუდგეს ადამიანებს და ა.შ. ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ჩვენი ძალები და რესურსები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მოზარდებს მაინც. შეიძლება, ჩვენ ვერ მოვახდინოთ გავლენა ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც უკვე თავიანთი რკინის ჩარჩოები აქვთ, მაგრამ მომავალ თაობასთან გვაქვს საშუალება, სწორი ხედვები ჩამოუყალიბდეთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც უდიდესი როლი აქვს ამ პროცესში.
რომ გადავრჩეთ, მგონია, რომ აუცილებელია თვითგანვითარება, სანამ ჩვენ ვინმეზე ვიქნებით დამოკიდებული, სულ დათმობაზე მოგვიწევს წასვლა და ეს დათმობა მერე გვანადგურებს, რადგან საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე უარს ვამბობთ. აუცილებელია სამი რამე — მტრული გარემოს შეცვლა, საკუთარი თავის მიღება და მუდმივი თვითგანვითარება. უნდა ვვითარდებოდეთ და ვავითარებდეთ სხვასაც — განვითარდი? მიხვედი რაღაც ეტაპამდე? ახლა, ადექი და სხვას დაეხმარე.
როცა შენ გაქვს რესურსი, წახვალ და სხვასაც დაეხმარები. აი, ეს არის მნიშვნელოვანი.
კომენტარები