სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე უახლოეს წუთებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზი. ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე საქართველო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

სოფელ ვანელის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე პირველ დეკემბერს გაიტაცეს.