პაველ ჰერჩინსკი

9 May. 2024, 20:07

ყოველწლიურად, ევროპის დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე.

ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას, ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე.

სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა.

როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან.

ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს.

ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და მისი ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიასა და კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედველი, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენი ქვეყნის, საქართველოს, კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის და თქვენი თავდადებისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ.

ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის!

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე.

დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

თქვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსთაველის თეატრში, სადაც, მიწვევის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები არ მივიდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. ლარი ისევ გაუფასურდა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ…