ტრავმის პირადი ისტორია: ჯარისკაცი ფოტოობიექტივის მიღმა
OC Media-ს სტატიების სერია სომეხთა და აზერბაიჯანელთა პირადი ისტორიების დახმარებით იკვლევს "სოციალური ტრავმის" ფენომენს — იმას, თუ როგორ ვლინდება ტრავმები და რა გავლენას ახდენს მსგავსი გამოცდილებები კონფლიქტის დინამიკაზე. მშვიდობის მშენებლობის ექსპერტის, ლარისა სოტიევას ქვემოთ წარმოდგენილ ტექსტში სომეხი ვეტერანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაამახინჯა სოციალურმა მედიამ და პროპაგანდამ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის საშინელებათა გარშემო შექმნილი ნარატივი.
ბებიაჩემი ამბობდა იქ, სადაც სისხლი დაიღვარა, ბედნიერება მალე არ დაბრუნდებაო. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. მხოლოდ წლების შემდეგ ცხოვრებისეულმა გაკვეთილებმა მიჩვენა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მისი თქმით, სამხედრო მანქანის გაჩუმება, დაბომბვისა და სროლის შეწყვეტა ომის დასრულების ნიშანი არ არის. ამ ხმების ექო, განადგურების ენერგია ადამიანებსა და საზოგადოებაში იდგამს ფესვებს.
როგორც ჩანს, ასეთ ადგილებში ბედნიერებას ბევრი წინაღობა ხვდება. ეს კი სოციალური ტრავმის ფენომენით აიხსნება. მე ამ ტრავმის ერთ, თვალსაჩინო ასპექტზე ვისაუბრებ — როცა ომის შემდგომი საზოგადოებები მანიპულირებენ, ამახინჯებენ და საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ ომის გამოცდილებას. ასეთ დროს სხვადასხვა ჯგუფი ქმნის სრულიად განსხვავებულ სოციალურ რიტორიკას, რომელიც გავლენას ახდენს კონფლიქტის მოგვარების გზებზე, სამშვიდობო პროცესს კი უაღრესად პრობლემატურსა და თითქმის შეუძლებელს ხდის.
ცოტა ხნის წინ ერევანში მცხოვრებ ყოფილ ჯარისკაცს ვესაუბრე — სტუდენტს, რომელიც 44 დღის განმავლობაში ფრონტზე იბრძოდა. ფოტოგრაფიით გატაცებული ეს ახალგაზრდა ბრძოლის ველზე დაიჭრა და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ მან შეამჩნია, რომ მრავალი ბიჭი, რომლებმაც ყარაბაღში ყოფნის დრო სელფების გადაღებასა და ფოტოსესიების მოწყობაში გაატარეს, ახლა გმირებად იწოდებოდნენ.
თავად მას არცერთი ფოტო არ აქვს ომიდან — თითქოს იქ არასოდეს ყოფილა. მობილური ტელეფონი ფრონტის ხაზზე აკრძალული იყო. თუმცა მისმა გონებამ მაინც აღბეჭდა კადრები, რომლებსაც მეხსიერებიდან სიამოვნებით წაშლიდა. ეს სურათები კვლავ უფრთხობენ მას ძილს და ხელს უშლიან, დაუბრუნდეს ძველ, უდარდელ სტუდენტურ ცხოვრებას, როდესაც ჯერ კიდევ გეგმავდა მომავალს.
მას არ უნდა, გმირი ეწოდოს — ისიც კი არ სურს, ხალხმა იცოდეს, რომ ომში იბრძოდა. მას უბრალოდ უნდა, დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, რომელიც ჯოჯოხეთურმა ომმა წაართვა. როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, გამიღიმა და გახსნილად მესაუბრა. თუმცა თავად ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფასადია. ფასადი, რომელიც ტკივილსა და საკუთარ თავთან გაუცხოებას მალავს. ის ამბობს, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც განვლო და იხილა, ხშირად ეჭვი ეპარება, საერთოდ ცოცხალი თუა.
ომამდე ის ფიქრობდა, რომ გმირობის ცნების მნიშვნელობა ესმოდა და იაზრებდა იმასაც, თუ როგორ აფასებენ გმირებს. დღეს ის თავის უწინდელ მოსაზრებებში დარწმუნებული აღარაა. მან ფრონტზე იხილა ახალგაზრდები, რომლებიც ისეთივე — ან, შეიძლება, უფრო მეტი — თავდადებით იბრძოდნენ, როგორითაც მათი წინამორბედები მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი გმირებად არავის უღიარებია.
ის იხსენებს, რომ იყო ბევრი მომენტი, როდესაც ხელში ყუმბარით იდგა და გონებაში გაუელვებდა კითხვა, დამდგარიყო თუ არა ამ სამყაროდან მისი წასვლის დრო. თუმცა ყოველ ჯერზე გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ მაშინაც კი, თუ ხელებს ან ფეხებს დაკარგავდა, როგორღაც მაინც დაბრუნდებოდა სახლში.
შემდეგ მან ტვინის შერყევა მიიღო და სმენა სრულიად დაკარგა. გონებაში მან გადაწყვიტა, რომ სინამდვილეში მკვდარი იყო და სხვა, დუმილით სავსე სამყაროში გადაენაცვლა. ფართოდ გახელილი თვალებიდან ის კვლავ ხედავდა ყველაფერს, რაც საავადმყოფოში, მის ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ ტრავმისგან და სმენის არქონისგან შოკირებულს სჯეროდა, რომ მკვდარი იყო. მან, როგორც რელიგიურმა ადამიანმა, მიიჩნია, რომ ასე გამოიყურებოდა ის ადგილი, საიდანაც ადამიანები სამოთხეში ან ჯოჯოხეთში იგზავნებიან. დამშვიდებული სინდისით, ის უბრალოდ ელოდა თავის რიგს სამოთხეში გასამგზავრებლად.
თუმცა ასე არ მომხდარა. სანაცვლოდ, ის დედამიწას მოსხლეტით დაუბრუნდა, როცა ექიმი ყურში ჩაჰყვიროდა, დაყრუებას იგონებ, რათა ბრძოლის ველზე არ დაგაბრუნონო. მშობლებმა ფული გადაიხადეს, რომ ის კერძო კლინიკაში გაესინჯათ, სადაც სმენის დაქვეითება დაუდასტურეს და მკურნალობა დაუნიშნეს. თუმცა მას სმენის დაბრუნების შესაძლებლობაზე მეტად ღირსების აღდგენამ გაახარა. ექიმის ბრალმდებელი ყვირილი მისთვის იმის მომასწავებელი იყო, რომ სომხეთის დატოვება ერთხელ და სამუდამოდ მოუწევდა.
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული, ძველ სოციალურ ცხოვრებაზე ოცნებობდა. როცა ადამიანებს ხვდებოდა, ანიშნებდა, რომ არაფერი ესმოდა და კომუნიკაციის დასამყარებლად პატარა ფურცელსა და კალამს აწვდიდა, რათა სათქმელი დაეწერათ. თუმცა ზოგიერთმა მას უბრალოდ ზურგი აქცია. მართალია, დღეს სმენა უკვე დაბრუნებული აქვს, თუმცა სოციალიზაცია კვლავ უჭირს. მისი თქმით, ქალაქში ყველა გამუდმებით ომზე საუბრობს და ხელისუფლებას ღალატსა და მტერთან გარიგებაში ადანაშაულებს. ყველაზე ხმამაღლა და დამაჯერებლად საუბრობენ ისინი, ვინც შეტაკებების დროს სელფებს იღებდნენ. ისინი ომის რეალურ სახეს არ იცნობენ, რადგან მას პირადად არ შესწრებიან და წარმოდგენაც არ აქვთ, რა ხდებოდა სინამდვილეში ფრონტზე.
სხვებივით, ისიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას პასუხი ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი — მაგრამ არა იმაზე, რაშიც ადანაშაულებენ. მისი თქმით, ქვეყნის მმართველი ელიტა დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ძალთა უთანასწორობას და ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. ომში ჩაბმულ მხარეებს სრულიად არათანაბარი წვდომა ჰქონდათ თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობაზე. ხელისუფლება ხედავდა, რომ მტერი ძალთა უპირატესობის გამო რეგიონს რეგიონზე იკავებდა. ამ დროს კი საზოგადოების და ხელისუფლების გარკვეული წრეები განაგრძობდნენ აბსურდულ რიტორიკას. უფრო გონივრულები რომ ყოფილიყვნენ და მეტად რეალისტურად ეფიქრათ, ბევრი სიცოცხლის შენარჩუნებას შეძლებდნენ. შედეგად, უამრავი ახალგაზრდა შეეწირა ამ კონფლიქტს, როცა საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ან ტყვეობის თავიდან ასაცილებლად სიკვდილი არჩია.
ის არ ითხოვს დახმარებას, თუმცა, აშკარაა, რომ სჭირდება. თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს, რადგან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. მას სჯერა, რომ თავისი ოჯახი და შეყვარებული ამ მძიმე პერიოდის გადატანაში დაეხმარებიან. სხვა ადამიანები, რომლებთანაც ახლა ურთიერთობს, თანამებრძოლები არიან ფრონტის ხაზიდან. მისი თქმით, მხოლოდ მათ იციან სიმართლე ომის შესახებ, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიხვდნენ, რას გრძნობს, რადგან ისინიც იმავეს გრძნობენ.
როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ბევრს არაფერს ამბობენ. სხედან ჩუმად, ლუდს სვამენ, ერთმანეთს უყურებენ და მოკლე ხუმრობებს ცვლიან. პერიოდულად ერთი მეორეს მხარზე დაარტყამს ხელს — თითქოს მსგავსი ჟესტით რეალობასა და თავიანთ არსებობას ამოწმებენო და შემდეგ უეცრად სიცილი უტყდებათ. ბოლოს კი სახლებში ბრუნდებიან. სცენარი ყოველ ჯერზე იგივეა: ისინი იცინიან საკუთარ თავსა და მათ გარშემო არსებულ ილუზიებით, ამაოებითა და სიგიჟით სავსე სამყაროზე.
ერთად ყოფნის დროს ისინი იჯერებენ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებენ, თუმცა საზოგადოების ბედი მაინც ადარდებთ. თუკი ხალხი ომს სელფების, სოციალური მედიისა და პოლიტიკური თამაშების მოყვარულთა თვალით დაინახავს, მაშინ რეალობა დამახინჯდება იმდენად, რომ საზოგადოება კვლავ სიამოვნებით გაგზავნის თავის ახალგაზრდებს უკან, იმ სასაკლაოზე, საიდანაც ალბათ ჯერ ბოლომდე არც დაბრუნებულან.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სტატია Healing Collective Trauma ინიციატივის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით Indie Peace ახორციელებს.
კომენტარები