OC Media-ს აზერბაიჯანელი კორესპონდენტი, ისმი აღაევი და სომეხი კორესპონდენტი, ანი ავიტესიანი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს იმაზე, თუ რა შედეგები მოუტანა ამ კონფლიქტმა მათ ქვეყნებს.

ისმი აღაევი (ჟუნალისტი): გამარჯვების მწარე ნაყოფი

გასული წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანელებმა — მათ შორის, მეც — სომხეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების განახლების შესახებ შევიტყვეთ. ეს მოქმედებები ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც მოგვიანებით ყარაბაღის მეორე ომი ეწოდა. ომი, რომელიც 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ორივე მხარეს მყოფი ათასობით ადამიანისთვის ტრაგედიად იქცა.

შესაძლებელია, ადამიანებმა ომი აირჩიონ? ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს ან მათ, ვის ოჯახებშიც ომში გადარჩენილი, მაგრამ სამუდამოდ შეცვლილი ვეტერანები დაბრუნდნენ, ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი ჰქონდეთ.

როცა იმ მასობრივ ნაციონალისტურ ეიფორიის ქარბორბალას გვერდით გადავდებთ, რომელიც აზერბაიჯანში ომის დროს ყოვლისმომცველი იყო, რთულად წარმოსადგენია, რომელიმე აზერბაიჯანელმა უყოყმანოდ განაცხადოს, რომ კონფლიქტის ამგვარი ძალადობრივი და ყოვლად არაადამიანური გზებით მოგვარება სურდა.

ბევრისთვის ეს "სხვა ადამიანების" ომი იყო — განსაკუთრებით მათთვის, ვინც მის აუცილებლობაზე ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მაგრამ ის სხვა ადამიანები, რომლებმაც ამ ეიფორიისაგან გამოწვეული ტვირთი საკუთარ თავზე აიღეს, ყურადღებისა და ზრუნვის მიღმა დარჩნენ. მხოლოდ ივნისის თვეში რვა ვეტერანმა მოიკლა თავი იმის გამო, რაც ომში ნახა და განიცადა.

როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

როდესაც ომი დაიწყო, ბევრი შოკურ მდგომარეობაში იყო და ასევე მრავალმა არც კი იცოდა, რა ხდებოდა. ეს მოსალოდნელი გახლდათ. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში წარუმატებელი დიპლომატია, რომლის დეტალებზეც სომხურმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებებმა, უმეტესწილად, არაფერი იცოდნენ, მდორე სვლას განაგრძობდა — და ომი, წესით, უკიდურესი გამოსავალი უნდა ყოფილიყო.

მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატიის წარუმატებლობა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში, არამედ შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებშიც გამოიკვეთა.

აზერბაიჯანელთათვის ყარაბაღის პირველ ომში წაგებით განცდილი ტრავმა ეროვნული იდენტობის ნაწილი გახდა და ამაში ხელისუფლებამ სამანიპულაციო იარაღი დაინახა. შედეგად, ამ ტრავმამ და მისმა ბოროტად გამოყენებამ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის გარდა ყველა სხვა პოზიცია ჩაახშო — ვისაც რაიმე განსხვავებულის სწამდა, უბრალოდ "მოღალატე" იყო.

სწორედ ამიტომ, მზარდი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, რომელიც პანდემიამ მეტად გაამწვავა, ომის იდეა ფანტასტიკური მოლოდინებით იყო გაჯერებული. შეკითხვამ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება ომის შემდგომ, მდიდარ წარმოსახვას გაუღო კარი. ეს კი, მართალია, ბუნდოვანი, მაგრამ უკეთესი მომავლის ხედვის საფუძველი გახდა — ისეთი მომავლის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას სტაგნაციიდან გამოიყვანდა.

მაგრამ საბოლოოდ ყველა ფანტაზია რეალობამდე დაიყვანება. ახალი ტერიტორიები იმ დამატებით მატერიალურ რესურსთანაა დაკავშირებული, რომელიც რეკონსტრუქციისთვისაა საჭირო და გამარჯვების "ფასი" — ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით — აზერბაიჯანს ტვირთად დააწვება. ამის ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ.

მას შემდეგ, რაც ომის გამო მკვეთრად გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რიცხვი, ბოლო თვეებში 7 ათას ადამიანს, რომლებიც იქამდე სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდნენ, დახმარება იმ არგუმენტით შეუწყვიტეს, რომ მათი მოთხოვნები "თაღლითური" იყო. რაც უფრო იზრდება ომით მოგებული ტერიტორიის რეკონსტრუქციის საფასური, მით მეტ მსგავს გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ სახელმწიფოსგან.

ომმა, ამასთან, ძალადობის ნორმალიზებაც მოახდინა. მრავალი აზერბაიჯანელისთვის ის დავის გადაწყვეტის მეთოდად იქცა, ხოლო დომინირებას სიქველის სტატუსი მიენიჭა. და მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მშვიდობის საჭიროებაზე ლაპარაკობს, ამის პარალელურად ახალ კონფლიქტებს აანონსებს — ამჯერად სომხეთის რესპუბლიკის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, აზერბაიჯანს უნდა "დაუბრუნდეს".

ეს ულტრამასკულინური ძალმომრეობის დომინირება ადამიანთა პირად ცხოვრებაშიც შეიჭრა. შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ასევე იმატა თავდასხმებმა ქვიარ საზოგადოების წევრებზე.

ამავე დროს მთიანი ყარაბაღის პირველი ომისას საკუთარი სახლებიდან დევნილი აზერბაიჯანელები დღემდე უცვლელ მატერიალურ მდგომარეობაში არიან. სახლში ჯერ არავინ დაბრუნებულა და არც ის იციან, როდის ან ოდესმე თუ დაბრუნდებიან.

დიახ, ჯერჯერობით ომი დასრულებულია. მაგრამ მთიანი ყარაბაღის პირველი ომიც ერთ დროს ასევე დასრულებული იყო.

განა, საკმარისი სიცოცხლე არ დაიკარგა იმ პირველი, კოშმარული ომის დროს? კიდევ 7 ათასი უნდა გაეწირათ სასიკვდილოდ?

ყველაზე უარესი ისაა, რომ თუ გაკვეთილებიდან არ ვისწავლით, თუ გაუთავებელი კონფლიქტი ძალაუფლების მქონე ადამიანთა იარაღად დარჩება, მაშინ ეს ორი ომიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი და კიდევ მრავალი სიცოცხლე დავკარგოთ.

თუმცა ასეთი ბნელი ფიქრების დროსაც კი თავის დასამშვიდებლად იმის იმედი მაქვს, რომ ხალხური სიბრძნე გაიმარჯვებს. აზერბაიჯანულ ენაზე ერთი ანდაზა არსებობს, რომელიც მინდა, რომ ხალხმა გაიხსენოს: "კარის მეზობელი გერჩიოს შორეულ ნათესავსო".

ანი ავეტისიანი (ჟურნალისტი, ფოტოგრაფი): ომის თაობა

სულ ახლახან სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ვზეიმობდით. ჩვენ კონცერტით აღვნიშნეთ იმ 4 ათასი ადამიანის ხსოვნა, რომელთაც ამ დღით ბედნიერების შესაძლებლობა აღარასოდეს ექნებათ.

აი, ამას ჰქვია "ცხოვრება გრძელდება".

მაგრამ თუ თქვენ არაფორმალურ საუბარს წამოიწყებთ სომეხ მოქალაქესთან, დიდი შანსია, მისგან მოისმინოთ, როგორ გრძნობს, რომ თითქოს ცხოვრება შეჩერებულია და გაგრძელებას არც აპირებს. დიახ, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მეც იმავეს ვგრძნობ. ცხოვრება გაჩერდა იქ, სადაც 27 სექტემბერს იყო და ახლა, რაც უნდა მოხდეს, დაძვრაზე უარს ამბობს.

ჩვენ "დამოუკიდებლობის თაობა" უნდა გვრქმეოდა.

მე ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ დავიბადე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მოპოვებას იწყებდა და როცა ომის ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო "კონფლიქტის მოგვარება". ლევონ ტერ-პეტროსიანის და აზერბაიჯანული მხარის მთავრობებმა მაშინ მშვიდობის მიღწევა ვერ შეძლეს. ჩემი დაბადების შემდეგ ასე გრძელდებოდა ყოველ წელს: იცვლებოდნენ ლიდერები, ძალაუფლებაში მოდიოდნენ ახალი ხელისუფლებები, თუმცა მშვიდობა კვლავაც შორეულ პერსპექტივად რჩებოდა. ჩემმა თაობამ ოცდაათი წლის განმავლობაში მხოლოდ მოჩვენებითი, "შედარებითი მშვიდობა" და, საბოლოოდ, ომი იხილა.

ომის პერიოდში საერთო შეშფოთებას მისი დასრულების შემდეგ უმძიმესი ვითარების მოლოდინი იწვევდა. სომხეთისათვის "გამარჯვების" პროგნოზები მრავლად ნამდვილად არ იყო. მთავარი კითხვა ის გახლდათ, რა მასშტაბის იქნებოდა დანაკარგი — როგორც ტერიტორიული, ისე ადამიანური.

ჩვენ — თაობა, რომელიც იძულებული გავხდით, დაგვეკრძალა ჩვენი საუკეთესო წარმომადგენლები — ომის თაობად ვიქეცით და გავაანალიზეთ, რომ არასოდეს გვიგრძნია და გაგვიგია, როგორია ნამდვილი დამოუკიდებლობის გემო.

მაგრამ რამდენადაც მტკივნეული და ტრაგიკული იყო ომის შედეგი, ის მაინც არ ყოფილა ყველაზე ცუდი სცენარი — ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ადამიანისათვის. ომის დასრულების შემდეგ კი სომხეთი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დაიჯერებდა ნაციონალისტებისა და ძველი რეჟიმის ერთგულთა დაპირებებს, მაშინ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის, ახალი ესკალაციის ან სამოქალაქო ომის საშიშროება დადგებოდა.

მაგრამ სომხეთმა სხვა გზა არჩია. ამ გზამ, შესაძლოა, სუვერენიტეტის ან უსაფრთხოების ეტაპობრივ განადგურებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა — ის არ მიდის წარსულში; მაშინაც კი, როცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის ნელ-ნელა უკან უხვევს.

დღეს სომხეთის მთავრობა ძალიან ფრთხილად არჩევს სიტყვებს, როცა აზერბაიჯანს და თურქეთს ესაუბრება. ნიკოლ ფაშინიანი ვეღარ ბედავს ისეთი სიტყვების თქმას, როგორიცაა, "არცახი (მთიანი ყარაბაღი) სომხეთია". ომის დასრულების მერე ის მთიან ყარაბაღში ფეხის დადგმასაც თავს არიდებს.

მაგრამ მისი ადმინისტრაციის მიერ გარე ძალებისადმი გამოჩენილი სიფრთხილის პარალელურად, მთავრობა სომეხ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას უგუნურ გაუფრთხილებლობას არ ერიდება. ამის მაგალითია ოფიციალური განცხადება, რომ ტყვეები შინ ბრუნდებოდნენ მაშინ, როცა ერევანში ცარიელი თვითმფრინავი დაფრინდა; ასევე, მოწოდება დატყვევებულთა მშობლებისადმი, შეეწყვიტათ მთავრობისათვის საჩივრებით მიმართვა და, სამაგიეროდ, აზერბაიჯანისთვის ეთხოვათ შვილების დაბრუნება, რადგან "სომხეთი არაა ის მხარე, რომელსაც ისინი ტყვეობაში ჰყავს".

ამგვარი უგუნურება მხოლოდ ომთან დაკავშირებულ საკითხებში არ ვლინდება. მთავრობა კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი "ხალხის არჩეულია" და რომ მათ წუწუნის გარეშე უნდა გაუძლონ ამ ვითარებას.

ეს დამოკიდებულება უკვე სამართალდამცავი ორგანოების დონეზეც შეიმჩნევა. სომხეთის პოლიცია ისეთი ძალადობრივი გახდა, როგორიც 2018 წლის რევოლუციის შემდეგ არ ყოფილა. განსხვავებულ აზრს პოლიციის ხელკეტები ეგებება: არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური ოპონენტების გამოსვლებია თუ, უბრალოდ, უბნის მოსახლეობა პარკის ადგილას კორპუსის აშენებას აპროტესტებს.

პრესის თავისუფლებაც არ დარჩენილა ხელშეუხებელი. მას საფრთხეს ახალი, "შეურაცხყოფის" აღსაკვეთი კანონები უქმნის, რომლებიც ისეთ ტრივიალურ შემთხვევას, როგორიც ფეისბუქზე ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგოდ დაწერილი კომენტარია, დანაშაულად აქცევს.

ამასობაში კი 2018 წელს დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული გამარჯვებები დღითიდღე უფასურდება. ყურისმომჭრელი ზედმეტსახელების მქონე ოლიგარქები პარლამენტში ბრუნდებიან. ნეპოტიზმმაც თავი იჩინა. ფაშინიანი — ოდესღაც "ხალხის კაცად" წოდებული მმართველი, რომელიც თავის წინამორბედს დაუღალავად აკრიტიკებდა — ახლა თავისი სკამიდან ამპარტავნულად გადმოჰყურებს მთელ ქვეყანას.

მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება. თუმცა, ამის მიუხედავად, იმ მომენტებში, როდესაც ვივიწყებ პოლიტიკას და მასში ჩაბმულ ადამიანებს, არის ერთი რამ, რაც იმედს მაძლევს.

ამ გაზაფხულის არჩევნების წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ერევნის ცენტრში. ეს იყო იმ მეტოქე პოლიტიკოსთა გამოსვლები, რომელთაც ერთმანეთი მთელი გულით სძულდათ და ალბათ რიგით მონაწილეებშიც იყო ერთმანეთისადმი სიძულვილის ნაპერწკალი. მიუხედავად ამისა, შეტაკებები არ ყოფილა. ამ დროს კი მუშტი-კრივი პარლამენტში ჩვეულ სანახაობად იქცა.

შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინ სიარული შეგვიძლია გავაგრძელოთ. მაგრამ ეს არ იქნება ადვილი.

მე არასდროს მსმენია დაბომბვის ხმა. არც ის ვიცი, რა შეგრძნებაა, როცა შენ გვერდით ყუმბარა ფეთქდება. თუმცა ჩემთვისაც კი — ალბათ ერთ-ერთი ყველაზე "იღბლიანი" ადამიანისთვის, რომლის უშუალო ოჯახმაც ომი შედარებით წყნარად გადაიტანა — ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ღამე მშვიდად მძინებოდა. მე კვლავ ვტირი შუაღამისას, როცა დაკარგულ საყვარელ ადამიანებზე მეფიქრება და მზარავს იმის წარმოდგენა, რომ მომავალში, შესაძლოა, სხვებიც დავკარგო.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.