ფოტოები, რომლებმაც დევიდ ბოუი უკვდავყო
პოპმუსიკის საკულტო ფიგურა ფოტოკამერის ობიექტივშიც ისევე შეუდარებელი იყო, როგორც სცენაზე.
დევიდ ბოუის საზოგადოება, პირველ რიგში, მისი მუსიკის გამო იცნობს. მაგრამ თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ მისმა ვიზუალურმა იმიჯმა, რომელიც არაერთ ფოტოსურათზე აღიბეჭდა, ნაკლები გავლენა მოახდინა, მისი, როგორც პოპკულტურის ვარსკვლავის, შექმნაზე.
მომღერალმა ძალები მუსიკის არაერთ ჟანრში მოსინჯა — იქნებოდა ეს როკი თუ ფანკი, ინდუსტრიული თუ ავანგარდულ-ინსტრუმენტული ჟღერადობა. ამასთან, ყოველი ახალი მუსიკალური მიმართულების მორგებისას ბოუი იმიჯსაც შესაბამისად იცვლიდა. მისი სტილის ევოლუცია — წითელთმიანი უცხოპლანეტელი ზიგი სტარდასტიდან კლასიკურ შარვალ-კოსტიუმამდე, რომელშიც 2002 წლის ალბომის ყდაზე გამოჩნდა — ისეთივე მრავლისმთქმელი განაცხადი იყო, როგორიც მისი მუსიკა. ამით მან შექმნა ერთგვარი სტანდარტი იმისა, რაც მუსიკოსებისა თუ ხელოვანების მომდევნო თაობებმა სანიმუშო მაგალითად გაიხადეს.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დევიდ ბოუის სტილის გამოძახილებს თანამედროვე შემსრულებლებშიც არაერთხელ შევხვედრილვართ. ამის მაგალითია ლედი გაგას სასცენო სახეცვლილებები — მომღერალი საკუთარ იმიჯზე ბოუის გავლენას თავადაც აღიარებს. გავიხსენოთ, ასევე, Vogue-ის ყდა, რომელზეც ჰარი სტაილსი კაბაში გამოწყობილი მოგვევლინა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია — ეს არ ყოფილა პირველი ამგვარი შემთხვევა. მსგავსი რამ დევიდ ბოუიმ ჯერ კიდევ 1970 წელს გააკეთა, როდესაც მაიკლ ფიშის ყვავილებიან კაბაში გამოჩნდა ალბომის, The Man Who Sold The World-ის ყდაზე. სწორედ იმ გარემოებამ, რომ ბოუი არასოდეს იცავდა საზოგადოებაში დადგენილ ჩაცმის ნორმებს, მისცა მომღერალს საშუალება, განეხორციელებინა ისეთი არაორდინალური პროექტები, როგორიც იყო გობლინი მეფის როლის თამაში 1980 წლის საკულტო ფილმში, ლაბირინთი, რომელიც სერგეი პროკოფიევის კომპოზიციაზე, პიტერი და მგელი, არის დაფუძნებული.
ხელოვანის კარიერის განმავლობაში მისი პერსონის ექსპერიმენტული ცვლილებები ყოველთვის ფირზე აღიბეჭდებოდა. ახლახან გამოცემული წიგნი, დევიდ ბოუი: საკულტო ფიგურა, რომელიც 25 ფოტოგრაფის ნამუშევრებს აერთიანებს, ცხადყოფს, რომ მომღერალმა ნამდვილად იცოდა, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ფოტოგრაფიას მის მოღვაწეობაზე. სურათები, რომლებშიც ის გვევლინება, დღევანდელობისთვისაც კი შთამბეჭდავია — რომ არაფერი ვთქვათ ათწლეულების წინანდელ პერიოდზე. სწორედ ამიტომ მასთან მომუშავე ბევრმა ფოტოგრაფმა იცოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულსა და ახალს ქმნიდა — ისეთს, რაც აქამდე მსოფლიოს არ ენახა.
ქვემოთ ამ ფოტოგრაფებიდან ზოგიერთის მოგონებებს შემოგთავაზებთ იმაზე, თუ როგორი იყო შემოქმედებით გენიოსთან თანამშრომლობა.
მარკუს კლინკო
კლინკო ბოუის საკმაოდ ხშირად იღებდა და მუსიკოსი იდეალურ მოდელად მიაჩნდა, რაც მხოლოდ მისი სახის განსაკუთრებული ნაკვთების დამსახურება არ იყო. 2002 წელს, როდესაც ბოიუმ ჟურნალ GQ-ს "წლის მამაკაცის" დაჯილდოებისათვის ფოტოსესიის მოწყობა ვერ მოასწრო, მან სწორედ კლინკოს მიანდო ისეთი კომპოზიციური სურათების შექმნა, რომლებშიც საბლით ველურ მგლებს იჭერს. კლინკოს წლების განმავლობაში სურდა ბოუისათვის ვიდეოს გადაღება და, საბოლოოდ, 2013 წელს აუხდა ოცნება, როცა მომღერალმა თავისი ალბომის, The Next Day, მეოთხე სიმღერისთვის, ვალენტინობის დღე, კლიპის შექმნა სთხოვა.
ფოტოგრაფი გვიმხელს, რომ ყველა იმპროვიზაცია, რომელსაც ხელოვანი კამერის წინ ასრულებდა, კარგად ჩამოყალიბებულ და ნაფიქრ იდეაზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, როცა ალბომის, Heathen, ვიზუალზე მუშაობდნენ, სანამ გადასაღებ მოედანზე გავიდოდნენ, კლინკო და ბოუი მასში შესული სიმღერების ადრეულ ვერსიებს ერთად უსმენდნენ, რათა ერთ ტალღაზე ყოფილიყვნენ.
"მუშაობის პროცესი გუნდური იყო, თუმცა ყველაფერი მისი ურყევი იდეიდან იწყებოდა", — ამბობს კლინკო, — "როცა ვუყურებთ Heathen-ის ყდას, მასზე აშკარად ბრმა ადამიანია გამოსახული, გადათეთრებული თვალებით, რაც გადაღების მერე, სპეციალური ეფექტით მივიღეთ. თუმცა მან წინასწარვე იცოდა, რომელი რაკურსით უნდა გადაგვეღო მისი სახისთვის და რომ მისი თვალები უნდა გადაგვეთეთრებინა. ის მან რეის შემოქმედებით იყო შთაგონებული. რაც შეეხება 40-იანების სტილის პიჯაკს, ესეც მისი სპეციფიკური ხედვის ნაწილი გახლდათ. ზოგჯერ, როცა სხვა ლამაზ, მშვენიერ და მომხიბვლელ ხელოვანებთან მუშაობ, მათ სულაც არ აქვთ მსგავსი დამოკიდებულება საქმისადმი. ისინი მიჩვეულნი არიან, რომ ფოტოებზე კარგად გამოიყურებიან და კონკრეტულად როგორ მიიღწევა ეს, არ აინტერესებთ. მათ გუნდი უწყვეტს, რა მოუხდებათ. ზოგჯერ ფოტოსესიის დამკვეთიც გვაფრთხილებს, რომ ჩარჩოებს ზედმეტად არ გავცდეთ. ბოუისთან ეს არასდროს ხდებოდა, ამ მხრივ სრულიად განსხვავებული იყო".
მიკ როკი
კლინკოს შთაბეჭდილებას ბოუის შემოქმედებით მიზანდასახულობაზე მრავალი სხვა ფოტოგრაფიც იზიარებს, რომელსაც მასთან უმუშავია. მუსიკოსმა ზუსტად იცოდა, თუ როგორი იმიჯი უნდა შეექმნა და როგორ ეჩვენებინა ის. ამასთანავე, ის ჭკვიანურად არჩევდა ისეთ ადამიანებს, რომლებთან მუშაობაც ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. მიკ როკთან მას ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამშრომლობა აკავშირებდა. იგი მუსიკოსის შემოქმედებას ფოტოებსა და კლიპებში იმ პერიოდში აღბეჭდავდა, როდესაც ბოუი მესამე თვალს ატარებდა, კანსაი იამამოტოს კომბინეზონები ეცვა და მისი სასცენო პერსონა ზიგი სტარდასტი იყო. ისინი იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ როდესაც 1996 როკი საავადმყოფოში გადაიყვანეს გულზე ოპერაციის ჩასატარებლად, მომღერალი ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახლდათ, რომელმაც მას ყვავილები გაუგზავნა. სტუდიაში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ზიგისთვის დამახასიათებელი წითელი ვარცხნილობის მქონე და ცისფრადშეღებილ თვალებიან მუსიკოსს პროფესიული ფოტოები გადაუღო, როკს ეს პროცესი ისევე მოეწონა, როგორც ფირზე ბოუის მეტად ბუნებრივ გარემოში აღბეჭდვა
"ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებდით, ამიტომაც ბევრი დაგეგმვა არ გვჭირდებოდა", — იხსენებს როკი, — "როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, მას სიამოვნებდა გადაღების პროცესი, სწორედ ეს ამარტივებდა ყველაფერს. ფაქტობრივად, გასართობად მოდიოდა. დიდი სამზადისი არასდროს ყოფილა საჭირო — მათ შორის იმ გადაღებაზეც კი, სადაც საქსოფონი გამოვიყენეთ. იმ პერიოდში, მგონი, სტუდიაში მხოლოდ ეს ფოტოები გადავუღე, რომლებიც შემდეგ Pin Ups-ის ალბომში შევიდა. ფოტოგრაფისთვის მასთან მუშაობა უმარტივესი იყო. მისთვის ცუდი ფოტოს გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ".
ჯენეტ მაკოსკა
ბოუი ფოტოებს იმისთვის იყენებდა, რომ მათი საშუალებით ხალხისთვის ისტორიები მოეთხრო. თუმცა ჯენეტ მაკოსკას სჯერა, რომ მან ისიც იცოდა, თუ რა ეფექტი ჰქონდა მას ობიექტივის უკან მდგომ ადამიანებზე. კლივლენდში, შტატ ოჰაიოში დაფუძნებულმა ფოტოგრაფმა თინეიჯერობისას აღბეჭდა ის მუსიკოსები, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქს ამერიკის ტურნეს ფარგლებში რეგულარულად სტუმრობდნენ. 1974 წელს, როდესაც მან პირველად ნახა ბოუის შესრულება, იხსენებს, რომ განცვიფრებული იყო იმით, თუ რამხელა ენერგიას ასხივებდა მისი სცენაზე ყოფნა, რასაც ამძაფრებდა ორი სხვადასხვა ფერის თვალი. მაკოსკა თვალის ჩინივით უფრთხილდება ფოტოს პირველი შოუდან, რომელიც ფოკუსიდან ოდნავ ამოვარდნილია.
1976 წელს ბოუი ისევ დაბრუნდა ოჰაიოში ტურნეს ფარგლებში, მაგრამ ამჯერად კონცერტზე ფოტოგრაფები არ დაიშვებოდნენ. თუმცა ჯენეტს სცენის მოწყობის პროცესი გადააღებინეს, რის მერეც შოუზე ჩუმად შეპარვა შეძლო. მან კამერაც შეიტანა, რომელიც ხელის შტატივზე ოსტატურად ჰქონდა დამაგრებული და მენეჯმენტმაც მისი მხრიდან წესების დარღვევაზე თვალები დახუჭა.
"დროდადრო კამერას ვიმარჯვებდი, რომ ფოტოები გადამეღო, მაგრამ დევიდს ორი მხარბეჭიანი დაცვის ბიჭი ჰყავდა, რომლებიც სცენის სხვადასხვა მხარეს იდგნენ", — იხსენებს იგი, — "კამერას თუ დაინახავდა, თითს გაიშვერდა და მხარბეჭიანი ბიჭები მაშინვე მოვიდოდნენ და შენს ფირს წაიღებდნენ. გადაღების შუა პროცესში ვარ და დამინახა. ხელი დამიქნია და ღიმილით თითქოს მითხრა, შანსი არაა, რომ შენც ამას აკეთებ, გრცხვენოდესო. შემდეგ მხარბეჭიანები უკან გაიწვია და მე მთელი შოუ გადავიღე! თითქოს ღმერთი ჩემს მხარეს იყო".
ამ ამბის მსგავსი ისტორიები არც ისე იშვიათად ხდებოდა. კონცერტების ფოტოგრაფებს უწევდათ, რომ წესები დაერღვიათ, რათა მათთვის საოცნებო კადრი მიეღოთ. თუმცა ჯენეტის ისტორია 1995 წელს გაგრძელდა, როდესაც მუსიკოსი Nine Inch Nails-თან ერთად იმყოფებოდა ტურნეში. ამ დროს ფოტოგრაფს საშუალება მიეცა, მუსიკოსისთვის იმ დღეს გადაღებული ფოტო ეჩუქებინა, როდესაც ბოუიმ ის კონცერტიდან გაგდებისგან დაინდო. რამდენიმე კვირაში ბოუიმ პასუხიც მისწერა.
"წერილი მომივიდა შვეიცარიიდან, არადა შვეიცარიაში არავის ვიცნობდი", — იხსენებს ის, — "დევიდისგან იყო და მადლობას მიხდიდა ჩემი საჩუქრისთვის. გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი დაგვიანებული პასუხი — მისი სიტყვები თავაზიანი ინგლისელი სკოლის მოსწავლისას ჰგავდა, ეს შესანიშნავი იყო. დევიდ ბოუიმ ხელნაწერი წერილი გამომიგზავნა, რომელშიც მადლობას მიხდიდა საჩუქრისთვის".
ჯეფ მაკორმაკი
სანამ ფოტოგრაფების უმეტესობა ფირზე ვარსკვლავს ასახავდა, ჯეფ მაკორმაკი, უბრალოდ, საკუთარ ბავშვობის მეგობარს უღებდა ფოტოებს. მათი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო, შემდეგ კი მაკორმაკმა ბენდის, Spiders from Mars-ის არსებობისა და Diamond Dogs-ის ტურნეს განმავლობაში ბოუის ანტურაჟში მრავალი როლი მოირგო — მაგალითად, 1976 წელს სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმისთვის, ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა, ბოუის დუბლიორი იყო იმ პერიოდების განმავლობაში, სანამ განათებას და კამერას აწესრიგებდნენ. მსგავს როლს, ძირითადად, ისეთი ადამიანი ირგებს, რომელიც მსახიობს ჰგავს, ისინი კი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებოდნენ.
1973 წლიდან 1976 წლამდე კი მაკორმაკი ბოუის ტურნეს დოკუმენტალისტი გახდა, მაგრამ სურათების გადაღებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო ამ საქმეს მალევე შეეშვა: "თვითმარქვია ვარ და არ ვიმსახურებ ამ წიგნში ყოფნას", — წერს მაკორმაკი ზემოხსნებულ ახალგამოცემულ წიგნში.
მისი ფოტოები ტურნეს ყოველდღიურობას ასახავდა: მაგალითად, როგორ სძინავს დევიდს ავტობუსის პატარა ლოგინში; ან როგორ ზის კულისებში მაკიაჟით, სანამ სცენაზე გასვლას ელოდება. მაკორმაკი აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში რაიმე ფარული მნიშვნელობა სულაც არ დევს — იგი, უბრალოდ, აღბეჭდავდა ყველაფერს, რასაც ლინზა დაინახავდა. "არასდროს მითქვამს რომ აი, ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე. ამაღამ ბევრი არ უნდა დავლიო, რომ ხვალ ადრე ავდგე და დილას ფოტოები გადავიღო", — ჰყვება ის, — "უბრალოდ, სასიამოვნო ფოტოები გამოდიოდა — წყნარად, სასხვათაშორისოდ გადაღებული კადრები".
მაკორმაკი სიცილით უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ბოუი ფოტოგრაფისთვის იდეალური მოდელი იყო: "ისეთი კადრებიც მაქვს, რომელშიც კარგად არ გამოიყურება, ამიტომაც არ გამოვიყენებ მათ", — ამბობს ის. მართალია, მისი ფოტოგრაფიული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ, როგორც ბოუის, მასაც მოსწონდა თავისი დოკუმენტური სტილის ფოტოები, რომლებიც იდეალურისგან ძალიან შორს იყვნენ.
გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგაც კი განაგრძობს ზრდას ბოუის გავლენა პოპკულტურაზე. "ყოველთვის მქონდა დაუოკებელი წყურვილი იმისა, რომ უბრალო მოკვდავზე მეტი გავმხდარიყავი", — თქვა ერთხელ მან. ფოტოები, რომლებიც შემოგვრჩა, ცხადყოფენ, რომ ხელოვანის არაამქვეყნიურ არსებად გარდაქმნის ეს გრძელვადიანი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. მის შემოქმედებას როდესაც ვუყურებთ, რთულია, დავინახოთ ის ზღვარი, რომელიც ღმერთკაცსა და უბრალო მოკვდავს შორის გადის. როგორც კლინკომ აღნიშნა, სწორედ ეს იყო მიზანიც.
"მისი ბოლო ალბომი Blackstar იყო და მისი გამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ისევე, როგორც ბოუის მთელი ცხოვრება, მისი სიკვდილიც საოცრად შემოქმედებითი და თითქოს განზრახ დადგმული გახლდათ", — ამბობს კლინკო, — "მან მშვენივრად იცოდა, თუ რას აკეთებდა".
კომენტარები