"მინდა, რომ ჩვენი სჯეროდეთ, ჩვენც კარგი ადამიანები ვართ" — 22 წლის მაურია ინდოეთიდან
მაურია 22 წლის ბიჭია ინდოეთიდან, რომელიც მედიცინასა და პოეზიაზე ერთდროულადაა შეყვარებული. მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და ეს მაურიას ინტერესებშიც იგრძნობა. საქართველოში ჩამოსვლაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინოს და ექიმი გახდეს.
კარიერულ გზაზე, სხვა სირთულეებთან ერთად, უცხო ქვეყანაში გადასვლა, განსხვავებულ გარემოსთან და ხალხთან ადაპტაციის გავლა მოუწია, რაც შემდეგ საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და დამოუკიდებლობაში დაეხმარა. ამ ყველაფერს თან სდევს ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს მონატრება.
On.ge-ს მაურია უყვება იმაზე, რაც მოსწონს — ჰაერი, ბუნება, ტრანსპორტი, სწავლა და სხვა. თუმცა ის საუბრობს იმ სირთულეებზეც, რომლებთან გამკლავებაც ყოველდღიურად უწევს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მათ შორის, დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, ენის ბარიერი და აქედან გამომდინარე შექმნილი კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივებთან, რის გამოც, მას ქართველი მეგობრები არ ჰყავს.
რატომ საქართველო
მაურია საქართველოში 2018 წელს, მედიცინის შესასწავლად ჩამოვიდა. ინდოეთი იმიტომ დატოვა, რომ იქ სწავლა ბევრად ძვირია. რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა.
"ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ის კავკასიის რეგიონში საუკეთესოა. ასევე, საქართველო გადავწყვიტე, რადგან ეს არის ქვეყანა კარგი ბუნებით, კარგი გარემოთი, ნაკლები კრიმინალით, ამასთან, ევროპის ნაწილია", — ჰყვება ის.
ჩამოსვლამდე იმის შიში ჰქონდა, რომ ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, რადგან მსგავსი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდა. თუმცა იხსენებს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა და საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა.
"ხალხი ამბობდა, რომ ქართული საემიგრაციო სამსახური საშიშია და ბევრ კითხვას გისვამენ. ამის მეშინოდა, ვფიქრობდი, დეპორტი არ ჩაერტყათ. მაგრამ ისინი ძალიან მეგობრულები აღმოჩნდნენ, მკითხეს, რატომ მოვდიოდი საქართველოში, რა უნდა მესწავლა და სხვა ძირითადი კითხვები. ეს მარტივი პროცესი აღმოჩნდა", — გვითხრა მან.
სუფთა ჰაერი ისაა, რაც საქართველოში ყველაზე მეტად მოსწონს და ჩამოსვლისთანავე მისი ყურადღებაც პირველად სწორედ ამან მიიპყრო. ფიქრობს, რომ ინდოეთთან შედარებით, ჰაერი სუფთაა თბილისშიც, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია.
"ჰაერი ძალიან სასიამოვნო იყო. ინდოეთის ჰაერთან შედარებით, საქართველოს ჰაერი ძალიან სუფთაა, ძალიან მიყვარს აქაური ჰაერი, როცა სუნთქავ, ნიავს საკუთარ ფილტვებშიც გრძნობ, თბილისშიც კი", — ამბობს ის.
კიდევ ერთი რამ, რაც მაურიას მოსწონს, მოდერნიზებული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტია. კმაყოფილია, რომ როგორც სტუდენტი, ფასდაკლებით სარგებლობს.
"პატარა ქვეყანაა, ყველაფერი ახლოსაა, ტრანსპორტიც ძალიან მოდერნიზებულია, მარტივია მგზავრობა, ბანკები სტუდენტებს ფასდაკლებას აძლევენ, მგზავრობა 20 თეთრი ჯდება, რაც იაფია და ხელმისაწვდომი".
მაურია შეყვარებულია მოგზაურობაზე, ბუნებასა და ახალი ადგილების აღმოჩენაზე, რის გამოც მისთვის საქართველოში ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია.
კომპლიმენტებით განებივრებული ბევრი ქართველისთვის, შესაძლოა, გასაკვირი აღმოჩნდეს ის, რომ მაურია ადგილობრივმა სამზარეულომ არ აღაფრთოვანა, რადგან ფიქრობს, რომ აქაური კერძები საკმარისად ცხარე არ არის. სამაგიეროდ, მოხიბლულია ქართული ღვინით და ისიც იცის, რომ საქართველოს მსოფლიოს ღვინის სამშობლოს ეძახიან.
მთავარი სირთულეები
აღმოჩნდა, რომ მისთვის ყველაზე პრობლემური ენის ბარიერია, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართველი მეგობრები არ ჰყავს — ზოგიერთს მაურიას ინგლისური არ მოსწონს, ზოგმა საერთოდ არ იცის ინგლისური, თუმცა როდესაც მაურია მათ ქართულად მიმართავს, უხარიათ და ინდურ ფილმებზე, მუსიკაზე იწყებენ საუბარს. ამბობს, რომ ამ დროს ქართველები უფრო მეგობრულები ხდებიან.
"ენა ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ გვინდა ქართულის სწავლა, რომ ქართველი მეგობრები გვყავდეს, მაგრამ უმეტესობას ურჩევნია, არ იყოს ჩვენი მეგობარი. არიან კარგი ადამიანებიც, ვიცი ჩემი მეგობრის მეგობრები, რომლებიც ქართველები არიან, თუმცა მეტწილად ურჩევნიათ, არ გვემეგობრონ", — ამბობს ის.
საუბრობს რასისტულ დამოკიდებულებაზეც — იხსენებს დაჟინებულ ცქერას და მითითებას კანის ფერზე. ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ამას ქუჩაში და სავაჭრო ცენტრებში გრძნობენ. ეს განუცდია ტრანსპორტშიც.
"როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, კანის ფერთან დაკავშირებით ხალხის მიდგომა ჩემთვის მტკივნეული იყო. დისკრიმინაციას ზოგჯერ ქუჩებში ვგრძნობთ, თუმცა არა უნივერსიტეტში. იქ ძალიან გვეხმარებიან, როცა დახმარება დაგჭირდება, შეგიძლია ნებისმიერ რამეზე მიმართო", — გვიყვება მაურია.
როგორც ის ჰყვება, ამ დროს მეტწილად არაფერს ეუბნებიან და უბრალოდ უცქერენ, რის გამოც თავს ხშირად ცუდად გრძნობს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ხმაურის გამო მათთვის უყვირიათ კიდეც.
"ჩვენ ძალიან ხმაურიანები ვართ. ხმამაღლა ვსაუბრობთ და ხმამაღლა ვიცინით. ზოგჯერ, როცა ამას ვაკეთებთ, მოდიან, გვიყვირიან და მიდიან" — გვეუბნება ის.
ძალიან წუხს იმაზე, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის ბინის ქირაობა პრობლემაა და ხშირად სწორედ იმის გამო, რომ ინდოელები არიან. ის იხსენებს შემთხვევებს, როცა უარი მხოლოდ და მხოლოდ მათი ეროვნების გამო უთქვამთ, რადგან არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება, რომ "ბინას დააბინძურებდნენ".
"ჩვენთვის ძალიან რთულია აქ სახლის ქირაობა, განსაკუთრებით, საბურთალოს ტერიტორიაზე. ბევრ მეგობარს უთქვამს: "იცი, ვერ ვიშოვე აქ ბინა, რადგან როცა მივედი, მითხრეს, "ინდოელები არა" ან "მხოლოდ გოგოები", — იხსენებს მაურია.
მაურიასთვის ინდოელი ხალხის მიმართ შექმნილი ეს სტერეოტიპი ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან, მისი თქმით, ინდური წესების მიხედვით — სადაც სისუფთავეა, იქ არის იღბალიც.
ინტერესები
მაურიას მრავალმხრივი ინტერესები აქვს, რომელიც მოიცავს მოგზაურობას, მეგობრებთან ერთად ახალი და საინტერესო ადგილების აღმოჩენას, სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას, რაიმე ახლის სწავლასა და საკუთარი თავის განვითარებას. ის, ასევე, გატაცებულია პოეზიით და წერს ლექსებს, მათ შორის, ერთ-ერთი, სახელწოდებით "საკმარისი ვარ", ინტერვიუს დროს წაიკითხა. ვინაიდან მაურია ამბობს, რომ მისი მთავარი ღირებულება ადამიანია, მის პოეზიაშიც იგრძნობა ჰუმანიზმი, ემოციურობა და მაღალი მგრძნობელობა.
პოეზიისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მასწავლებელმა ჩაუნერგა, შემდეგ კი კოლეჯის ლექტორმა გაუმყარა. ფიქრობს, რომ ადამიანს რაიმეს გასაკეთებლად ხშირად სჭირდება ბიძგი. მის შემთხვევაში კი ეს ბიძგი მასწავლებლები იყვნენ, რომლებიც მოტივაციასა და განვითარების საშუალებას აძლევდნენ.
სამედიცინოზე სწავლაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ სჯერა ადამიანების, ადამიანური კეთილი საწყისების და მათი დახმარება უნდა. მაგრამ თავდაპირველად ინტერესი დედამ გაუჩინა, რომელიც 25 წელია საავადმყოფოში მუშაობს.
"ჩემი სკოლა მის სამსახურთან ახლოს იყო და ხშირად მივდიოდი, ვაკვირდებოდი ექიმებს. ერთი ექიმია იქ, ალბათ, 60-70 წლის იქნება, ყოველთვის მინდოდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი და ხალხს დავხმარებოდი", — ამბობს ის.
კითხვაზე, რას შეცვლიდა ადამიანებში, გვპასუხობს, რომ მათში ცვლილებების მომხრე არ არის, რადგან ყველა ადამიანი თავისი განსხვავებულობით განსაკუთრებულია.
"მე მიყვარს ადამიანები. სადაც ცუდია, იქ ყოველთვის არის კარგი. არავინ არის ქვეყნად, ვინც ცუდია, რადგან მჯერა, რომ მაინც იარსებებს რაღაც კარგი ამ ადამიანში. ამიტომ მინდა მათი დახმარება. მჯერა ადამიანების. ვიცი, რომ შენი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც გამოჩნდება ვინმე, ვინც აუცილებლად დაგეხმარება", — გვეუბნება მაურია.
ფერადი ინდოეთის შემდეგ, მისთვის თვალშისაცემი იყო, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი შავ სამოსს ატარებს და ამ ფერზეა შეყვარებული. მაურიასთვის საქართველოსთან ასოცირებული სიტყვა სილამაზეა, რადგან მიაჩნია, რომ ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეგობრები არ ჰყავს, ამბობს, რომ აქაურობა მისთვის მაინც მეორე ოჯახივითაა, რადგან თავისი სამშობლოდან ჩამოსული სხვა ახალგაზრდები უმარტივებენ ოჯახისგან სიშორეს.
ფიქრობს, რომ ინდოელებთან შედარებით, ქართველები ძალიან მშვიდები არიან, მაგრამ ხედავს საერთოსაც. მთავარი მსგავსება, რაც დაინახა, სტუმრისადმი უსაზღვრო პატივისცემაა. აღმოჩნდა, რომ ქართული ფრაზის — "სტუმარი ღვთისაა" შესატყვისი მათაც აქვთ და ის შემდეგნაირად გამოითქმის — Atithi Devo Bhava.
ინტერვიუს დასასრულს მაურიამ ქართველი ხალხისთვის პატარა შეტყობინებაც დაგვიტოვა — "მინდა, რომ ჩვენი სჯეროდეთ, ჩვენც კარგი ადამიანები ვართ. გვინდა, თქვენ გიცნობდეთ, გვინდა, რომ თქვენთან ვიურთიერთოთ, გავიცნოთ თქვენი ტრადიციები, ერთად ვითამაშოთ სპორტი, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ".
კომენტარები