10 რამ, რაც ნაცნობი იქნება, თუ გამუდმებით საკუთარ ჯანმრთელობაზე შფოთავ
კორონავირუსის პანდემია ნებისმიერი ადამიანისთვის რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი აღმოჩნდა. ბრძოლა საშიშ ვირუსთან, რომელიც ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასა და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, მარტივი არავისთვისაა. პანდემიამ შფოთვითი აშლილობები გაამწვავა, თუმცა, ალბათ, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის გამო პანდემიამდეც გამუდმებით შფოთავდნენ.
გარკვეული დოზით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობა საკუთარ თავზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ყველგან პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით შეიარაღებულნი დავდივართ. მიუხედავად ამისა, როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხანგრძლივ შფოთვაში, თვითდიაგნოზირებასა და სასიკვდილო დაავადებების აკვიატებაში გადაიზრდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლის, საქმე, შესაძლოა, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რომელიმე პრობლემასთან გვქონდეს.
ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ავადმყოფობის ფობიაა (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში), რომელსაც ხანდახან იპოქონდრიას ან ჯანმრთელობის შფოთვით აშლილობას (Illness Anxiety Disorder) უწოდებენ. აღნიშნული მდგომარეობა სომატომორფული აშლილობების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის დროსაც ადამიანი მცირე სიმპტომების ან სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ რომელიმე დაავადება აქვს. ამ წარმოდგენას ვერც ექიმის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცება და შესაბამისი ანალიზებისა და გამოკვლევების პასუხები აქარწყლებს.
თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე გამუდმებით შფოთავ და დაავადებებზე ფიქრი შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ეს 10 სიტუაცია შესაძლოა, შენთვის კარგად ნაცნობი აღმოჩნდეს:
შენიშვნა: სტატია, ძირითადად, ავტორის პირად გამოცდილებას ეყრდნობა და მასში ჩამოთვლილი ნიშნების დიაგნოზის დასასმელად გამოყენება მიზანშეწონილი არაა. დიაგონიზის დასმის უფლებამოსილება და კომპეტენცია მხოლოდ შესაბამის სპეციალისტს აქვს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს მუდმივი ხასიათი (რამდენიმე თვე) აქვს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლის, უმჯობესია, სპეციალისტს (ფსიქოლოგს/ფსიქიატრს) მიმართო.
1. სიმპტომების დაგუგვლა შენი ჰობია
ცხოვრებაში ერთხელ მაინც სიმპტომები ნებისმიერ ადამიანს დაუგუგლავს და ამაში ერთმნიშვნელოვნად ცუდი არაფერია. ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება სასარგებლოც შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, იპოქონდრიის დროს სიმპტომების დაგუგვლას მუდმივი ხასიათი აქვს და საზიანოა.
ყველაზე უმნიშვნელო სიმპტომების დაგუგვლა და მათი აკვიატება საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან კონკრეტული სიმპტომი ან ორგანიზმის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ანდაც სხვადასხვა დიაგნოზზე მიუთითებს, რომელშიც ზუსტად გარკვევა მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს შეუძლია. შესაბამისად, სიმპტომების აკვიატებულად კვლევა უსაფუძვლო შფოთვას იწვევს. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი არა გუგლი, არამედ — ექიმის კონსულტაციაა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც სიმპტომებისა და დიაგნოზების კვლევაში დიდ დროს ხარჯავენ, იპოქონდრიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.
იმაში, რომ სიმპტომების დაგუგვლამდე კარგად უნდა დაფიქრდე, ეს სიმღერაც დაგარწმუნებს:
2. საკუთარ თავს დიაგნოზებს ხშირად უსვამ
სიმპტომების დაგუგვლის გარდაუვალი შედეგი საკუთარი თავისთვის რომელიმე, ხშირად მძიმე დაავადების დიაგნოზის დასმაა. ამის უბრალო მიზეზი კი ისაა, რომ საძიებო სისტემა თავის ტკივილთან დაკავშირებით უამრავ დაავადებას შემოგთავაზებს, შენ კი მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე უარესს ირჩევ. მსგავსი ქმედება ერთი მარტივი მიზეზის გამოა არასწორი: გუგლს რომ სიმპტომების მითითებით სწორი დიაგნოზის დასმა შეეძლოს, ექიმები უბრალოდ აღარ იარსებებდნენ.
3. თავი მოჯადოებულ წრეში გგონია
ზოგადად, შფოთვას გარკვეული ფიზიკური სიმპტომები ახასიათებს, როგორებიცაა, მაგალითად, თავის ტკივილი, ყბის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და სხვ. ეს სიმპტომები შესაძლოა, სხვა, არარსებული და საშიში დაავადებების სიმპტომებად აღიქვა. ამაზე შფოთვა კი კონკრეტულ სიმპტომებს კიდევ უფრო აძლიერებს და თავი მოჯადოებულ წრეში გგონია, რომელსაც ვერასდროს გაექცევი.
4. ორგანიზმის ჩვეულებრივ მდგომარეობას დაავადების სიმპტომად აღიქვამ
შესაძლოა, შფოთვა უმნიშვნელო სიმპტომებმა კი არა, ორგანიზმის ჩვეულებრივმა მდგომარეობამაც კი გამოიწვიოს. გამძაფრებულად აღიქვამ გულისცემას, სხეულის ტემპერატურას, დახველებას, დაცემინებას, ოფლიანობასა და ორგანიზმის სხვადასხვა მდგომარეობას, რომლებიც თუნდაც ცვალებადი გარემოფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხარ, რომ ცვლილება აშკარაა და ის აუცილებლად რომელიმე დაავადებაზე მიუთითებს.
5. უმნიშვნელო სიმპტომის ან ორგანიზმის ჩვეულებრივი მდგომარეობის გამო ექიმებთან ხშირად დადიხარ
რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის გავლა სხვადასხვა სიმპტომის არსებობის ან პროფილაქტიკის მიზნით დაავადებების პრევენციისა და მათი გართულების თავიდან ასაცილებლად კარგი აზრია, თუმცა თავის ტკივილს, რომელიც მხოლოდ 1 საათი გაგრძელდა, ექიმთან წასვლა და ვიზიტამდე შფოთვა, დიდი ალბათობით, არ სჭირდება.
6. ექიმის დასკვნას, რომ სერიოზული არაფერი გჭირს, არ ენდობი
მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო სიმპტომის აღმოჩენის შემდეგ მაშინვე ექიმთან გარბიხარ, მის დასკვნას, რომ არაფერი გჭირს, არ ენდობი. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ექიმი ცდება, მაგრამ მისი დიაგნოზის ეჭვქვეშ დაყენება და მომდევნო ექიმების იმავე დასკვნის ათასჯერ გადამოწმება უმეტესად უსაფუძვლოა. ექიმის უნდობლობის საფუძველი განსაკუთრებით მაშინ არ გაქვს, როცა სიმპტომები დროებითი და უმნიშვნელო იყო და შესაბამისი ანალიზებიც უკვე ჩაიტარე.
7. ექიმებთან ვიზიტს ცუდი დიაგნოზის შიშით თავს არიდებ
ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შფოთვა არა ექიმებთან სირბილში, არამედ მათთვის თავის არიდებაში გამოიხატება. გგონია, რომ ექიმი აუცილებლად მძიმე დიაგნოზს დაგისვამს, რაც შენს სიმშვიდესა და ყოველდღიურ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ამიტომაც გირჩევნია, არ იცოდე.
8. შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვებს ხშირად ესაუბრები
შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირგვლივმყოფებს ძალიან ბევრს ესაუბრები და ხშირად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მათგან დამშვიდებასაც ელი.
9. იმის ალბათობა, რომ შეიძლება ავად იყო, ხანგრძლივ და რთულად სამართავ შფოთვას იწვევს
შეიძლება, დღეების განმავლობაში ტიროდე და ნერვიულობდე არარსებულ დაავადებაზე, რომლის დიაგნოზიც თავად დაისვი ან/და რომელიც ექიმმა უკვე გამორიცხა. ავად ყოფნის ალბათობაზე ფიქრი ხანგრძლივი დროით შფოთვას იწვევს, რომლის მართვაც გიჭირს.
10. გეშინია, რომ რთული დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში ყოველდღიურობის ჩვეული რიტმი დაგერღვევა
თავად დაავადებისა და მისი თანხმლები ტკივილისა თუ სხვა შედეგების გარდა, ისიც გაშფოთებს, რომ მკურნალობისა და დაავადებასთან ბრძოლის პროცესი შენს მშვიდ ყოველდღიურობას თავდაყირა დააყენებს. დარდობ, რომ ვერ შეძლებ მუშაობას, სწავლის გაგრძელებასა თუ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.
გამომწვევი მიზეზები
ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ შფოთვას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორისაა: ბავშვობაში რომელიმე დაავადების გადატანა; სტრესი; ბავშვობაში განცდილი ტრავმა/ძალადობა; ოჯახის წევრების/საყვარელი ადამიანების ავადმყოფობა, აგრეთვე, სხვა შფოთვითი აშლილობები.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებული შფოთვა შესაძლოა, სხვა მენტალურ პრობლემებზე მიუთითებდეს, მაგალითად, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობაზე, პანიკურ აშლილობაზე, სპეციფიკურ ფობიებზე და ა.შ. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დასვას.
გამოსავალი არსებობს
თუ ჩამოთვლილი სიტუაციები შენთვის ნაცნობია, მათგან გამოწვეული შფოთვა დიდხანს გრძელდება და შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს, ნუ შეგეშინდება, რადგან გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს.
საუკეთესო გზა სპეციალისტთან ვიზიტია, რომელსაც დიაგნოზის დასმა და პრობლემასთან გამკლავების ეფექტური გზების შერჩევა შეუძლია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შფოთვასთან გასამკლავებლად სპეციალისტები, ძირითადად, მედიკამენტურ მკურნალობას ან/და კოგნიტურ-ბიჰევიორისტულ თერაპიას იყენებენ.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შფოთვასთან გასამკლავებლად თავად შფოთვის მართვის ტექნიკების გამოყენებაც დაგეხმარება, როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვის ვარჯიშები. შესაძლოა, შფოთვის გადადების ან მისთვის გარკვეული დროის გამოყოფის ტექნიკაც გამოგადგეს. პირველი გზა შფოთვის მომავლისთვის გადადებას გულისხმობს, რაც საშუალებას გაძლევს, კონკრეტულ მომენტში სიმშვიდე შეინარჩუნო და საკუთარი მდგომარეობა ობიექტურად შეაფასო. ხოლო შფოთვისათვის გარკვეული დროის, მაგალითად, დღეში 15 წუთის გამოყოფა მის შემცირებასა და მართვაში დაგეხმარება.
სასარგებლოა, ასევე, ე.წ. მაინდფულნესის ტექნიკა, რომელიც აწმყოზე კონცენტრირების და გარემოსა და საკუთარი თავის სრულყოფილად შეგრძნების მდგომარეობას გულისხმობს.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შფოთვას დაავადებებისა და სიმპტომების შესახებ სხვადასხვა მასალების, განსაკუთრებით, არასანდო წყაროების გაცნობა ხშირად ამწვავებს, ამიტომ უმჯობესია, მსგავსი ტიპის ინფრომაციას მაქსიმალურად მოერიდო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შფოთვის გამწვავება პანდემიის პერიოდში გარკვეულწილად ბუნებრივია. მიუხედავად ამისა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები დიდი ხანია, შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, სანამ საკუთარი თავისთვის ახალი დიაგნოზის დასმას მოასწრებდე, სპეციალისტთან ვიზიტი საუკეთესო გამოსავალია. რაც არ უნდა გითხრას გუგლმა, ამ პრობლემასთან გამკლავება და მისი მართვა შესაძლებელია.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
ამავე თემაზე:
- 10 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობ;
- სიმშვიდის ლაბორატორია: როგორ გავუმკლავდეთ შფოთვასა და პანიკურ შეტევებს;
- 10 რამ, რაც თქვენთვის ნაცნობი იქნება, თუ OCD გაქვთ;
- 10 ტყუილი, რომელსაც შენი შფოთვა გეუბნება;
- მაინდფულნესი — როგორ ვიცხოვროთ გარემოსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში;
- პანდემიის დროს მოზარდებში შფოთვა და დეპრესია გაორმაგდა — კვლევა;
კომენტარები