10 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობ
"სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ასე არ მოხდებოდა", "ერთი წლის წინ რომ რაღაც სისულელე ვთქვი, ალბათ ყველას ახსოვს", "სიტყვით გამოსვლის დროს რომ ენა დამებას, რა ვქნა?" — მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ დაფიქრება და სიტუაციის გაანალიზება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ხანდახან ეს იმ ფიქრების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ჩვენი გონება გაფუჭებული ფირივით ატრიალებს. გვგონია, რომ მხრებზე ფუტკრებით სავსე სკა გვადგას, ჩვენი ტვინი უბრალოდ არ ჩუმდება და დაუსრულებელი ფიქრების მორევში გვითრევს.
ნებისმიერ წვრილმანზე ზედმეტად ბევრი ფიქრი, ე.წ. Overthinking, ხშირად ორი სახისაა —წარსულის მოვლენებზე ნერვიულობა და მომავალზე გამუდმებული შფოთვა. შეიძლება იფიქრო, რომ ნებისმიერ წვრილმანზე დიდხანს ფიქრი პროდუქტიული და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა, თუმცა ცდები: ზედმეტად ბევრი ფიქრი ხშირად ძლივს ნაპოვნ პასუხსაც გვაკარგვინებს.
Overthinking არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ — მის არსებობაზეა კონცენტრირებული. გამოსავლის პოვნაზე ფიქრის ნაცვლად, Overthinking პრობლემებზე "ჩაციკვლას", მათ აკვიატებასა და გონებაში მრავალჯერ გამეორებას, შფოთვას, ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენასა და სხვა უამრავ დამღლელ რიტუალს მოიცავს. ამ დროს არც წარსულის შეცდომებზე ვსწავლობთ რამეს და არც მომავალზე ვზრუნავთ, არამედ — უბრალოდ ვშფოთავთ, რაც მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს, პრობლემებს კი ვერ აგვარებს.
თუ ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობ და ამ ფიქრებთან ერთად ცხოვრება ხშირად წრეზე სიარულს ჰგავს, ეს 10 სიტუაცია შენთვის აუცილებლად ნაცნობი იქნება:
1. გამუდმებული ფიქრი და შფოთვა ნებისმიერ წვრილმანზე
Overthinking-ის დროს ყველაზე უმნიშვნელო საკითხზეც კი შეგვიძლია, საათობით ვიფიქროთ და ნებისმიერი პატარა წინაღობაც კი გვაშფოთებს. რომელი ფეხსაცმელი უფრო მოუხდება დღევანდელ ჩაცმულობას, რომელი ტრანსპორტით სჯობს წასვლა, წვეულებაზე ვინმეს უცნაურად ხომ არ გამოელაპარაკე, ფეხი რომ აგიცდა, რამდენმა ადამიანმა დაგცინა გულში — ამ საკითხებზე, წესით, ამდენს არ უნდა ვღელავდეთ და პატარ-პატარა "შეცდომებსაც" მარტივად უნდა ვივიწყებდეთ, მაგრამ არ გამოგვდის.
2. პრობლემის გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად პრობლემის არსებობაზე კონცენტრირება
ნებისმიერ უსიამოვნებაზე ტვინის ჭყლეტა და და მასზე "ჩაციკვლა" იმას გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის გამომწვევი პრობლემის მოგვარებაზე არ ვზრუნავთ. Overthinking-ის დროს გვიჭირს იმის გაანალიზება, რომ პრობლემას მასზე ფიქრი კი არა, გამოსავლის ძიება აგვარებს.
3. განუწყვეტლივ იმაზე ნერვიულობა, რასაც ვერ ვაკონტროლებთ
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამყაროს ყველა პრობლემა ჩვენი ბრალი არაა, როგორც ამას ხშირად ზედმეტი ფიქრის მოყვარულები თვლიან. მაგალითად, რამდენიც არ უნდა ვინერვიულოთ, ზღვაზე დასასვენებლად მყოფნი გაუფრთხილებლად მოსულ წვიმას ვერაფერს მოვუხერხებთ. როცა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ვშფოთავთ და მისი მოგვარება შეუძლებელია, გამოდის, შფოთვაც არ ღირს. რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, იმაზე ნერვიულობასა და ზედმეტი ენერგიის დახარჯვას, სხვა ალტერნატივების ძიება (მეგობრებთან ერთად ფილმის ყურება) და პრობლემის დასახვედრად მომზადება (გაფენილი სარეცხის ჩამოხსნა) სჯობს.
4. გადაწყვეტილების მიღება რთულია
არჩევანის გაკეთება Ovethinking-ის დროს ყველაზე რთული რამაა. შესაძლოა, დღეები გავატაროთ იმაზე ფიქრში, თუ რომელი სამსახურის შემოთავაზებას დავთანხმდეთ, თუმცა არც ყოველდღიური, წვრილმანი გადაწყვეტილებების მიღებაა მარტივი: რომელი სასმელი შევუკვეთო? რომელ ფილმს ვუყურო? რაც უფრო მეტს ვფიქრობთ, "სწორი" გადაწყვეტილება მით უფრო ბუნდოვანი ხდება.
5. რა მოხდებოდა, რომ...
გადაწყვეტილების მიღებას ძალიან ხშირად მოსდევს ფიქრი — "რა მოხდებოდა, რომ". ამ დროს ჩვენს არჩევანს მუდმივად ვამოწმებთ ან ვაკრიტიკებთ და ვთვლით, რომ თავის დროზე რომ "სწორი" გადაწყვეტილება მიგვეღო, უკეთ ვიცხოვრებდით. რა თქმა უნდა, ისიც გვავიწყდება, რომ მომავლის წინასწარმეტყველების უნარი არ გვაქვს და შეუძლებელია, დეტალურად და ზუსტად გვცოდნოდა, თუ რას გვიმზადებდა ცხოვრება.
6. უხერხული მომენტების გადამეორება
ღამის 3 საათზე 3 წლის წინ ლექციაზე ნათქვამი სისულელის გახსენება უცხო, ალბათ, არავისთვის არაა, თუმცა ამ მომენტების აკვიატება და მათი მუდმივად გამეორება — რუმინაცია უსარგებლო და დამღლელია. მიუხედავად ამისა, ჩვენი გონება გაფუჭებულ ფირს ემსგავსება, რომელსაც ერთი და იმავე სცენის ტრიალი არ ბეზრდება.
7. სხვების სიტყვებსა და ქმედებებში დაფარული მნიშვნელობების ძიება
ხანდახან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფების ქცევებსა და სიტყვებსაც მიკროსკოპის ქვეშ ვატარებთ და მათში დაფარული მნიშვნელობების აღმოჩენის აზარტში შევდივართ. ისეც ხდება, რომ ჩვენი ფანტაზია ძალიან შორს მიდის და სხვის წარბის აწევას, ღიმილს, ამოოხვრასა თუ სიტყვებს ჩვენთვის საზიანო მნიშვნელობებს ვუძებნდით. ისიც კი გვავიწყდება, რომ მხოლოდ კონკრეტულმა ადამიანმა იცის, რაზე ფიქრობს, რას გულისხმობს და რას გრძნობს — თითოეული ჩვენგანი ხომ მხოლოდ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე ვაგებთ პასუხს.
8. ბევრი ფიქრის გამო თეთრად გათენებული ღამეები
წარსულის შეცდომებსა და უხერხული მომენტების გონებაში ტრიალს, ასევე ძველი დიალოგების ათასჯერ გახსენებასა და ყოველ სიტყვაში დაფარული მნიშვნელობის ძიებას ლოგიკურ შედეგამდე — უძილობამდე მივყავართ. მეორე დღეს დაღლილები ვიღვიძებთ, თუმცა ჩვენს გონებას დასვენება აზრადაც არ მოსდის.
9. შეგრძნება, რომ ამ ფიქრებისგან გათავისუფლება შეუძლებელია
ფიქრების მორევში ჩაძირულებს მათგან თავის დაღწევის იმედი არ გვაქვს, რადგან შფოთვა ნაპირის დანახვის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ასეთ დროს ხშირად გვიპყრობს უიმედობა და ვთვლით, რომ მარტო ვართ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
10. წარსულსა და მომავალზე შფოთვა აწმყოთი ცხოვრებაში ხელს გვიშლის
მუდმივად წარსულის შეცდომებზე ფიქრი ან გამოუცნობ მომავალზე დარდი იმას იწვევს, რომ აწმყოსგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა აღარ გვრჩება. იმის გაანალიზებამ, რომ აწმყოში ცხოვრებისთვის დრო აღარ გვაქვს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ფიქრისა და შფოთვისკენ გვიბიძგოს.
როგორ გავიკვლიოთ გზა დაუსრულებელი ფიქრების მორევში?
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ და მიღების შემდეგ ნერვიულობა და ფიქრი ბუნებრივია. შფოთვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სტრესზე ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია. მიუხედავად ამისა, როგორც ხშირად იტყვიან, "ზედმეტი არაფერი ვარგა" — მათ შორის, არც ფიქრი.
არასასურველი ფიქრებისა და შფოთვის სამართავად, ვფიქრობ, პირველი იმის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ პრობლემას მოქმედება აგვარებს და არა — მასზე ნერვიულობა, შესაბამისად, უმჯობესია, ჩვენი ენერგიაც სწორედ ამ კუთხით მივმართოთ.
შეგიძლია, შფოთვისა და ფიქრისთვის საკუთარ თავს გარკვეული დრო, მაგალითად 15-20 წუთი გამოუყო. ამის შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქო და პრობლემის მოგვარების გზების ძიება დაიწყო.
ხანდახან ზედმეტი ფიქრი სწორ პასუხს უფრო გვაშორებს, ამიტომ ყურადღების სხვა საკითხზე გადატანაც გამოსადეგი ხერხია. დახატე, სახლი დაალაგე, მეგობრები მოინახულე ან დაიძინე — შენი ქვეცნობიერი პრობლემაზე ფიქრს თავისით განაგრძობს და ვინ იცის, იქნებ, სწორი გამოსავალიც დაგახვედროს.
მართალია, ზედმეტი ფიქრისა და შფოთვის სამართავად გარკვეული ტექნიკები არსებობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიონალის დახმარება საჭირო არაა. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრებთან გამკლავება გიჭირს და მათი გავლენა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, ფსიქოლოგთან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ Overthinking შესაძლოა, შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის ან/და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების თანმდევი პროცესი, ანდაც, სულაც დასაწყისი აღმოჩნდეს. ამ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად ძალიან რთულია, ამიტომ დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია — პროფესიონალთან ვიზიტი ზედმეტი ფიქრისა და შფოთვის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
ამავე თემაზე:
კომენტარები