დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და პირიქით
ფოტო: On.ge
გთავაზობთ სულ ცოტა ხნის წინ ქართულად ნათარგმნი რომანის კომპასი შესახებ ხელოვნებათმცოდნე და ლიტერატურის მოყვარული ბექა სუხიტაშვილის რეცენზიას.
გაფრთხილება მათთვის, ვინც სპოილერებს უფრთხის: ქვემოთ მოცემული ტექსტი შესაძლოა შეიცავდეს სიუჟეტურ დეტალებს ან/და გარკვეულ ნაწყვეტებს აღნიშნული წიგნიდან.
ფრანც რიტერი იშვიათი გამოცემის სქელყდიანი წიგნების, სუფთა თუ დალაქავებული ქაღალდების, მტვერდადებული ვინილებისა და აურაცხელი ნივთების გროვაში ჩაფლულა, ლეპტოპის ეკრანს მიშტერებია, ხოლო გამხდარი სხეული ზომაზე ერთიორად დიდ, გრძელსახელოებიან ხალათში გაუხვევია. საცაა, ცხვირიდან სათვალე ჩამოუცურდება: ფრანცის სხეული ოთახშია, მაგრამ ეთერული ფრანცი მოგონებებით სულ სხვაგან ქრის, სხვა სამყაროდან მონაბერ ფიქრებს მოუცავს, სხვა სურნელებებით, ტკივილითა და სიხარულით სავსე ტომარაში გადასახლებულა, რომელსაც პირი აუცილებლად უნდა მოხსნას, აუცილებლად უნდა ამოალაგოს და დაცალოს, თორემ შეკავებული უთქმელობა იატაკს მიასრესს, ჭიასავით მიაჭყლეტს ავსტრიული ისტორიით სავსე რომელიღაცა საუკუნის ბინაში...
ალბათ, ასეთი ორმაგობა უნდა მომხდარიყო ფრანგი თანამედროვე მწერლის, მატიას ენარის თავსა და მისი რომანის კომპასი პერსონაჟის, მუსიკათმცოდნე ფრანც რიტერის თავს, სადაც ორივეს უნდა ელაპარაკა, დაეწერა და გათავისუფლებულიყო იმ წარსულისგან, რასაც "ევროპელად დაბადება" ჰქვია, რასაც ძიება და შინაგანი განვითარება, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კვეთა, პირადი თავგადასავალი და სიყვარულის დიდი ისტორია უძღვის. შეგვიძლია კი ფრანცის და სარას ეს უცნაური, აღმოსავლეთში ჩაკარგული, თითქოს გაცრეცილი და მოუხელთებელი ურთიერთობა რაიმე ზეაღმატებული ეპითეტით მოვიხსენიოთ? ან და რა უნდა გვიშლიდეს ხელს? მერე რა, რომ ენარის წიგნი სრულიად თანამედროვე, 21-ე საუკუნის ნამუშევარია (სულ ახლახან, 2015 წელს გამოქვეყნდა, 2021-ში კი გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა ქართულად პაატა ჯავახიშვილის თარგმანით) თავისი დაღდასმულობით, თავისი სიმძიმით, პოსტმოდერნული ხლართებითა და სიზმრისეული გამოცხადებებით... სიყვარულის ამბავი ყველგან მაინც ერთადერთი ხელშესახები მომენტი და მამოძრავებელი ღერძია (ან ასე გვინდა, რომ გვჯეროდეს, რათა დავივიწყოთ სიკვდილის არსებობა), რომელზეც უნდა აიკინძოს ჩვენი ცხოვრებაც და წიგნების სიუჟეტიც, ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს ლეილისა და მაჯნუნის სიყვარული იქნება, ტრისტანისა და იზოლდასი, თუ ფრანცისა და სარასი. უბრალოდ, მათ შორის წლები, საუკუნეები, ეპოქები ჩამდგარან და მათთვის დამახასიათებელი ყოფით, ქცევით, სიღრმითა და სინაზით გადაუშლიათ ჩვენთვის გულები.
მატიას ენარი
ფოტო: Pierre Marquès / Radio France
ენარის პერსონაჟების ეპოქა კატაკლიზმებისგან გადაღლილი, მოხუცებული ევროპაა, ბებერი ევროპა, რომელსაც ისევ და ისევ, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, დამპყრობლურად თუ მორჩილებით, მბრძანებლურად თუ მუდარით, აღმოსავლეთისკენ მიუპყრია მზერა, სისხლნაკლული ევროპა, რომელიც თავის თავში ეძებს იმ განსხვავებებსა თუ მსგავსებებს, რაც მის შვილებს აღმოსავლეთის შვილებთან აახლოებს ან პირიქით, სრულიად მიჯნავს, კარს უკეტავს და აუცხოებს. კომპასი მოკლე ისტორიაა დასავლურ ცივილიზაციაზე და მისი გენიოსი მუსიკოსების, მწერლების, მომღერლების, არქეოლოგების, ეთნოლოგების, აღმოსავლეთმცოდნეების დაუშრეტელი შრომა-ძიებისა თავიანთი თავის გასაგებად, იდენტობის აღმოსაჩენად თუ ჩამოსაყალიბებლად, ბობოქარი ენერგიის დასამშვიდებლად, რომელთაც არასოდეს შეუწყვეტიათ აღმოსავლეთთან კავშირი, მისკენ სწრაფვა და მისით მოტივირება.
კითხვისას შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ უბრალოდ ერთ საინტერესო, ისტორიული სახელებით დახუნძლულ სადისერტაციო ნაშრომს კითხულობთ დასავლელი მუსიკოსებისა და აღმოსავლური კულტურის კვეთაზე, თუმცა ენარი ახერხებს, შესაბამის მომენტში, როდესაც მკითხველი უკვე თითქოს გაბეზრებულია ვრცელი მონოგრაფიით, მთელი რომანის პულსაციის გრადუსი და ფრანცის ფიქრები ისევ სარაზე შემოაბრუნოს და ამით წიგნს დაუბრუნოს და შესძინოს ის, რაც მხატვრულ ლიტერატურას, მის წეს-კანონებს, მისი სხეულის აგებულებასა და შინაგანაწესს განასხვავებს სხვა ტიპის ტექსტებისგან.
მაგალითად, რომანში ამოიკითხავთ ადელ ბურგის შესახებ, ოსმალეთის იმპერიაში დაბადებულ პირველ მნიშვნელოვან ევროპელ მუსიკოსზე. გაიგებთ ფელისიენ დავიდის შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივად ცნობილი გახდა 1844 წლის 8 დეკემბერს პარიზის კონსერვატორიაში უდაბნოს პრემიერის შემდეგ, დღეს კი ის აღარავის ახსოვს. ასევე მისი მოწაფის, ფრანცისკო სალვადორ დანიელის შესახებ, რომლის სახელიც მხოლოდ ფრანც რიტერის სადისერტაციო ნაშრომებსა და სტატიებს შემორჩა და იქ პოვა სამუდამო განსასვენებელი. ისტორიული სახელებისა და გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რომანში შეხვდებით როგორც ყველასათვის ცნობილ ისტორიულ ფაქტებს, ისე ყველასთვის უცნობსაც (ყოველ შემთხვევაში, ქართველი მკითხველისთვის მაინც), რასაც მწერლის განათლება დიდწილად უწყობს ხელს — მატიას ენარი სპარსულ და არაბულ კულტურას შეისწავლიდა უნივერსიტეტში, ხოლო ცხოვრების დიდი ნაწილი შუა აღმოსავლეთში გაატარა.
რომანი ფრანც რიტერის ერთი დღის, უფრო კონკრეტულად კი ერთი უძილო ღამისთევის მდინარებაა, რომელსაც თან სდევს მუსიკათმცოდნის მთელი ცხოვრების გახსენება, მისი მოგზაურობების, გაშვებული შესაძლებლობების, სადისერტაციო თემის და რაღა თქმა უნდა, მისი და სარას შეხვედრის, დაშორების, ისევ შეხვედრის, მონატრებისა და სასოწარკვეთის ამბავი. დაძინებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე რიტერი იგებს, რომ მძიმე დაავადებით დაიტანჯება დარჩენილი ცხოვრება, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია მისთვის მოგონებების აშლისა და უძილობის. სიკვდილი ახლოვდება, მისი მოახლოება კი სიცოცხლის წყურვილს ამძაფრებს. ფრანცმა სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოიმოქმედოს — მისწეროს სარას? ან რა და როგორ უნდა მისწეროს? ბოლოს და ბოლოს, ღიად ელაპარაკოს თავის გრძნობებზე, ბოლომდე გაიხსნას თუ?... ეს უნდა შეძლოს, რადგან წიგნებით გადატვირთული თაროს ერთი პატარა კუთხიდან კომპასი გადმოშვერილა და შეჰყურებს. კომპასი, რომელიც ფრანცს არასოდეს გამოუყენებია და რომელსაც, სიმართლე ვთქვათ, ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო.
ფოტო: Jean Discar
მატიას ენარი ფრანც რიტერის მოგონებათა ნანგრევებში მიგვიძღვის, რომელიც როგორც ტერიტორიული (სტამბოლი, დამასკო, თეირანი, ალეპო...) ისე პიროვნებების "ნანგრევებით" (სარა, ფოჟიე, ჟილბერ დე მორგანი, ექიმი კრაუსი...) გადავსებულა. ამ ნასახლარში მალი-მალ ჩნდებიან, გაიელვებენ, ამოანათებენ ევროპელი კომპოზიტორები, თავიანთი დრამატიზმითა და ავადმყოფობებით, რაც რიტერის დიდი გატაცება და სიყვარულია: მისივე აზრით, "მუსიკა კარგი თავშესაფარია სამყაროს არასრულყოფილებისა და სხეულის დაბერების წინააღმდეგ". ალბათ, სამყაროს არასრულყოფილებით მოხიბლული დაინტერესდა სწორედ ბაროკოს სტილის ერთი მივიწყებული კომპოზიტორით, პალ I ესტერჰაზით, რომელიც ერთადერთი ცნობილი დიდი მეომარ-კომპოზიტორი თუ კომპოზიტორ-მეომარი იყო, რომელმაც უთვალავჯერ გაილაშქრა თურქების წინააღმდეგ. ალბათ, სწორედ ამიტომაც შეუყვარდა აღმოსავლეთმცოდნე სარა, რომლის ცხოვრებაც, მისივ ეთქმით, ერთი გრძელი გზაა აღმოსავლეთისაკენ. შეყვარებული წყვილის ბედიც ამ ორი მხარის ბედს დამსგავსებია. აკი, შეშლილი არქეოლოგი, ბილგერი, წინასწარმეტყველურად უყვირის შარდის ბუშტის დასაცლელად გაქცეულ ფრანცს, რომ "ბეთჰოვენი სწორად მიხვდა, რომ მუსიკას ორივე მხრიდან უნდა მიუახლოვდე, აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც, რათა ხელი ჰკრა ქვეყნიერების დასასრულს, რომელიც გვიახლოვდება..."
როგორია ფრანცისა და სარას დღევანდელი ურთიერთობა? ისინი ერთ ბებერ წყვილს ჩამოჰგვანან, რომელთაც თავზე ცოტა ხნის წინანდელი ოცნება ისევ დაჰფარფატებთ. კომპასი - ეს შინაგანი ორიენტირია და არა გეოგრაფიული მიმართულების დამდგენელი ხელსაწყო. შეიძლება სწორედ ამიტომაც გადავიქეცით ადამიანები ფრანცისებად და სარებად და ამ შინაგანი კომპასის ძიებაში ვასრულებთ სიცოცხლეს უბადრუკი ოთახების ცივ მარტოობაში. როგორც სიყვარულისგან გაგიჟებული დიქ ელ-ჯინის შემთხვევაში მოხდა, როდესაც იმ თასით შესვა ღვინო, რომელშიც მისი შეყვარებულის ფერფლი იყო გარეული, რადგან "სიცოცხლე ხანგრძლივი მედიტაციაა სიკვდილზე".
ასევე იხილეთ:
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა

კომენტარები