ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ხაზს გაუსვამს, რომ მათთვის NATO-ს კარი ღიაა. ამასთან, მათივე ცნობით, ოსტინი მოუწოდებს ორივე ქვეყანას, განახორციელონ ცვლილებები ალიანსის წევრობისთვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამერიკა კი მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნების სუვერენიტეტს.

პენტაგონის ცნობით, ოსტინი ასევე აპირებს, ისაუბროს ორივე ქვეყნის მხარდაჭერაზე ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქვეყნების სათავეშია და ისიც, რომ მისიაში ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში დღეს, 18 ოქტომბერს ჩამოვიდა. საქართველოს გარდა, მას დაგეგმილი აქვს ვიზიტები უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ჩავა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე.