პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკვლელობების დაგეგმვაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ სააკაშვილის საქართველოში პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მიზნით ჩამოვიდა.

"პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და მათ შორის, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის, მკვლელობების განხორციელებაც. თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა, განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა ჯერ თქვა, რომ აღარ უნდა მასზე ლაპარაკი, რადგან უკვე ბევრი ემოცია დახარჯა, თუმცა საუბარი მაინც გააგრძელა და ექსპრეზიდენტი მკვლელობების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი გამოეხმაურა იმ სასულიერო პირების განცხადებებსაც, რომლებიც სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ემხრობიან.

"რაც შეეხება, ზოგადად, მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილი არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე. დანაშაულებებზე და მართლაც, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება", — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას რამდენიმე სასულიერო პირმაც მოაწერა ხელი: