რა დაგვიშავეს წოწორიებმა?
2021 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზეიმოდ გვაცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვისთვის შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურისვე განცხადებით, წოწორიებმა იცოდნენ, რომ "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას — სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს".
მაშ, რა დააშავეს წოწორიებმა/რა დაგვიშავეს საზოგადოებას ისეთი, რისთვისაც მმართველნი ამა ქვეყნისანი მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის რეპრესიულ მექანიზმს იყენებენ.
დანაშაულის დაფარვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 375) მართლაც დანაშაულად არის გამოცხადებული. თუმცა, გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. მაგალითად, დანაშაულად არ ითვლება ნაკლებად მძიმე დანაშაულის (ნაკლებად მძიმეა დანაშაული, რომელიც სასჯელის ყველაზე მკაცრ სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) დაფარვა, გარკვეული, პირდაპირ მითითებული გამონაკლისების გარდა.
როდის დავფარავთ დანაშაულს? მაშინ, როდესაც წინასწარ შეუთანხმებლად (ისე, რომ არ უნდა გვქონდეს წინასწარ ინფორმაცია ამ დანაშაულის დაგეგმვის და მისი ჩადენის შესახებ) დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაგების ან დანაშაულზე წასწრების შემდეგ არ შევატყობინებთ საგამოძიებო ორგანოებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კარებად, თავებად და ა.შ. არის დაყოფილი. თითოეული კარი/თავი ერთგვაროვან დანაშაულებს აერთიანებს. მათი ერთგვაროვნება იმ სიკეთეში ვლინდება, რაც მათი ჩადენით შესაძლოა დაზიანდეს. მაგალითად, დანაშაულის დაფარვა იმ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელებიც "დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია". კოდექსის ასე დაყოფა არ არის შემთხვევითი. ეს იურისტებს გვავალდებულებს, რომ თითოეული დანაშაული მისი მიზნის მიხედვით განვმარტოთ. შესაბამისად, დანაშაულის დაფარვის მიზანია, ხელი შეეშალოს დანაშაულის დროულად აღკვეთას და გახსნას.
მაშ, რომელი დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას შეუშალეს ხელი წოწორიებმა?
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, მოდით განვმარტოთ, რა იგულისხმება დანაშაულის აღკვეთასა ან გახსნაში. დანაშაულის აღკვეთა მის ჩადენამდე გამოვლენას გულისხმობს, ხოლო დანაშაულის გახსნა, მისი ჩამდენის გამოვლენას. ალბათ ხშირად გსმენიათ განცხადებები პროკურატურისგან, შსს-სგან, რომ გავხსენით დანაშაული და ეს და ეს პირი დავაკავეთ/ბრალდება წარვუდგინეთ, ან ვიცით, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ჯერ ვერ დავაკავეთ თუმცა ვეძებთ და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ნაწილ მათგანზე უკვე მსჯავრდებულია, ნაწილზეც საქმის განხილვა მიმდინარეობს. ანუ, პროკურატურის ენით რომ ვთქვათ, ის დანაშაულები, რასაც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა ედავება, გახსნილია. ყველა მათგანზე პროკურატურას კონკრეტული პირი ჰყავს გამოვლენილი/ბრალდებული და ნაწილ მათგანზე უკვე მსჯავრდებულიცაა აღნიშნული პიროვნება.
მიხეილ სააკაშვილისთვის სხვა ბრალდება არ წარუდგენიათ. მათ შორის, არ წარუდგენიათ ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთაზე, თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე აპელირებს. რომც წარედგინათ, საზღვრის უკანონო კვეთის დაფარვისთვის წოწორიები დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ. ეს იმიტომ, რომ საზღვრის უკანონო კვეთა ის ნაკლებად მძიმე (5 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს) კატეგორიის დანაშაულია, რომლის დაფარვაც არ ისჯება.
და კიდევ ერთხელ, რომ ვიკითხოთ, თუკი პროკურატურას ყველა დანაშაული გახსნილი აქვს, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის დაფარვა დანაშაული არაა, მაშ რომელი დანაშაულის აღკვეთს ან გახსნას შეუშალეს ხელი წოწორიებმა?
იქნებ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიმალვა, სასამართლოში არ გამოცხადებაა დანაშაული, რომლის გახსნასაც წოწორიებმა შეუშალეს ხელი? მაგრამ არა, თქვენ წარმოიდგინეთ, მიმალული ბრალდებულის, მსჯავრდებულის დამატებით მიმალვისთვის ჩვენთანაც კი არ ასამართლებენ და ამისთვის ახალ ბრალდებას არ უყენებენ.
მაშ რომელი დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას შეუშალეს ხელი წოწორიებმა?
არცერთის!
თუმცა ისინი დღეს პატიმრები არიან. ეს იმიტომ, რომ სხვა ყველასთან ერთად (გამომძიებელი, პროკურორი და ა.შ.), გვყავს მოსამართლეები, რომლებმაც სავარაუდოდ ეს იციან, თუმცა ხელის აუკანკალებლად ურტყამენ ჩაქუჩს. იმ ჩაქუჩს, რომლის ხმაც წერტილი უნდა იყოს ადამიანის ბედის გადასაწყვეტად. თუმცა, მათთვის ეს იგივე ჩაქუჩია, სახლში კედელზე ლურსმანს რომ ურტყამენ, ბელადთა პორტრეტის დასაკიდებლად.
კომენტარები