ფოთი, ანაკლია და ბიძინა ივანიშვილი — Pandora Papers-ის კვალდაკვალ
შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტის პროექტთან პირადი ინტერესი ჰქონდეს, რადგან მისი კომპანია ფოთის პორტს უკავშირდება. On.ge-მ ამ საკითხის შესწავლა Pandora Papers-ის გამოძიების შემდეგ დაიწყო და ერთ-ერთი იმ კომპანიის შესახებ მოიძია ინფორმაცია, რომელსაც, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქართული ოცნების დამფუძნებელი ფლობს.
პანდორას დოკუმენტები მორიგი ჟურნალისტური გამოძიებაა, სადაც საუბარია ოფშორულ კომპანიებზე და მათ მფლობელებზე. გამოძიებაში მოხვდა ქართული ოცნების ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც. მის შესახებ დოკუმენტში წერია, რომ 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორი) 12 კომპანია დააარსა და ამ კომპანიებისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მწირია.
გამოძიებაში მითითებული ერთ-ერთი კომპანიის, Brightstone Finance Limited-ის კვალი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ კომპანიასთან მიდის.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აზრით, თიზ-ში გასაიდუმლოებული წილი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ეს შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში ფოთის მონოპოლიას ბოლოს მოუღებდა.
კერძოდ, სამეწარმეო რეესტრში არსებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მესაკუთრეები საქართველოს მთავრობა, არაბული კომპანია რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო (სახელმწიფო ორგანო) და შპს სი ი ეფ სი არიან.
თუმცა თუ თიზ-ის მეწილეების მფლობელებს გავყვებით, სწორედ იმ კომპანიებს მივადგებით, რომლის მფლობელიც, პანდორას დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილია.
სქემა ასეთია: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ერთ-ერთი მესაკუთრის, შპს სი ი ეფ სის წილის მმართველი (75%) შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფია.
თავის მხრივ, ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი შპს ევრაზიან ინვესტია.
შპს ევრაზიან ინვესტის 51%-იანი წილის, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი Brightstone Finance Limited-ია, ანუ ის კომპანია, რომელიც პანდორას დოკუმენტების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია.
ევრო-აზიური მენეჯმენტისა და ევრაზიან ინვესტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ვანო ჩხარტიშვილიც არის. TI-ის ინფორმაციით, სწორედ ვანო ჩხარტიშვილია ევრაზიან ინვესტის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანიის, ეკლიტონ კომმერს კორპ-ის მესაკუთრე.
2020 წლის ივლისში რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გამოიწვია ჩხარტიშვილისა და ივანიშვილს შორის მეგობრულმა ურთიერთობამ ანაკლიის პორტის გაჩერება ფოთის პორტის სასარგებლოდ, ჩხარტიშვილი პასუხობს, რომ ეს არის ფანტაზიაზე დაყრდნობილი ინფორმაცია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ფოთის პორტში მოქმედ ოპერატორებთან. ის ამბობს, რომ მას აქვს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თუმცა, მისი თქმით, თიზ-ს საპორტო ინფრასტრუქტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩხარტიშვილის მტკიცებით, ანაკლიის პორტს, ფოთის პორტსა და თავისუფალ ეკონომიკური ზონას შორის კავშირი აბსოლუტურად გამორიცხულია. მისი თქმით, შეგნებულად დისტანცირებულია ანაკლიის პროექტისგან და შეფასებებისგანაც თავის შეკავებას ამჯობინებს.
რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც თიზ-ის მმართველი კომპანიების ირგვლივ ფიგურირებენ, აღსანიშნავია ევრაზიან ინვესტის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის სახელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი იყო. ბაჩიაშვილს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც ქართული ოცნება უჭერდა მხარს, 60 000 ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, მან მმართველ პარტიას 2020-2021 წლებში ჯამში 120 000 ლარი გადაურიცხა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი — 2018 წელს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციაზე საქართველოს ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა. მას ამ თანამდებობაზე ერთ წელიწადში 169 926 ლარი აქვს აღებული. ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 2015 წლის ბოლოს გადადგა და მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში 2018 წლამდე პერიოდი საერთოდ არ ჩანს, ხოლო 2018-2019 წლებზე მხოლოდ ის არის მითითებული, რომ კერძო სექტორში მუშაობდა. თუმცა 2019 წელს, როცა ის თავდაცვის მინისტრი გახდა, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება დაეკისრა. სწორედ ამ დეკლარაციაში აღმოაჩინა On.ge-მ, რომ მინიმუმ 2018 წლის განმავლობაში ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დავით ნიკოლაიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია. ნიკოლაიშვილმა 2016-2017 წლებში მმართველ პარტიას ჯამში 20 000 ლარი შესწირა.
გარდა ამისა, ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის წილის მფლობელ კომპანიაში, შპს ევრაზიან ინვესტში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს ნიკოლოზ გულუა, რომელმაც 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას 5 000 ლარი შესწირა.
რას ამბობენ თანაინვესტირების ფონდში
მას შემდეგ, რაც Pandora Papers-ის გამოძიებას ანაკლიის კონსორციუმი გამოეხმაურა, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმაც. ფონდი აღნიშნავს, რომ პანამას დოკუმენტებში ივანიშვილის საკუთრებად დასახელებული Brightstone Finance Limited პანამაში რეგისტრირებული Frankston International-ის შვილობილი კომპანიაა. განცხადების მიხედვით, Frankston International თანაინვესტირების ფონდის მართვის ქვეშ იმყოფება. ამჟამად თანაინვესტირების ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია. როგორც ფონდის სადამფუძნებლო ამონაწერიდან ხდება ცნობილი, მისი პირველი მეწილეები გიორგი ბაჩიაშვილი (42%), ლევან ვასაძე (16%) და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი — უჩა მამაცაშვილი იყვნენ (42%).
ფონდის მტკიცებით, მათ 2017 წელს ფოთის თიზ-ის კონსორციუმმა ინდუსტრიული ზონის მართვის კომპანიაში წილობრივი თანამონაწილეობის თხოვნით მიმართა. განცხადებაში წერია, რომ ფონდის მიზანი თიზ-ში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და პოტენციური ინვესტორებისათვის საჭიროების შემთხვევაში ფინანსური თანამონაწილეობის შეთავაზება იყო.
ამ განცხადებით თანაინვესტირების ფონდი პრაქტიკულად ადასტურებს ფოთის თიზ-თან შემხებლობას, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მიზანი მხოლოდ ინდუსტრიული ზონისთვის ინვესტორების მოზიდვა იყო.
"გარკვეული მედია საშუალებებით ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ, გვინდა განვაცხადოთ, რომ Brightstone Finance Limited არის პანამაში რეგისტრირებული Frankston International-ის შვილობილი კომპანია, რომელიც თავის მხრივ იმყოფება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მართვის ქვეშ. აქვე განვმარტავთ, რომ არც ერთი ზემოხსენებული კომპანია და ფონდი არც პირდაპირი და არც ირიბი გზით არ ფლობს ქონებას ან/და აქტივს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ან/და მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში", — ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.
თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ მსოფლიო საინვესტიციო ფონდების დიდი ნაწილი ოფშორებშია დაფუძნებული და Frankston International-ისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირი არასოდეს ყოფილა დაფარული.
"აპელირება იმით, რომ აღნიშნული საქმიანობა ფარულად/საიდუმლოდ მიმდინარეობდა, ვინმეს ინტერესების დასაცავად არის სიცრუე. მსოფლიო საინვესტიციო ფონდების 80%-ზე მეტი ოფშორულ ზონებშია დაფუძნებული და ეს დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ FRANKSTON INTERNATIONAL-ის და ბიძინა ივანიშვილის კავშირი არასოდეს ყოფილა დაფარული, ყოველთვის იყო საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ამ წლების მანძილზე არც არავის მიუმართავს კომპანია Brightstone Finance Limited-ისთვის ან შპს ევრაზიან ინვესტისთვის კითხვით მისი აქციონერების შესახებ", — წერია ფონდის განცხადებაში.
თანაინვესტირების ფონდი აცხადებს, რომ ფოთის თიზ-სა და პორტს მხოლოდ ადგილმდებარეობა აკავშირებთ. განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ წლების მანძილზე, არც ერთ ეტაპზე ფონდს და მასთან დაკავშირებულ არც ერთ პირს არასდროს ჰქონია ფოთის პორტთან დაახლოებულ არც ერთ პირთან და სტრუქტურასთან შეხება ან/და საერთო ინტერესი.
რას ამბობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პანდორას დოკუმენტებთან დაკავშირებით განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელა, სადაც ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გასაიდუმლოებულ წილს ფლობს. კონსორციუმი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ‐ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი.
"მას შემდეგ, რაც 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ წამოიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, უკვე 2017 წელს ივანიშვილმა პროექტის ოპონირება დაიწყო. ანაკლიის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ქვეტექსტი ყოველთვის მოიცავდა მითითებებს თითქოსდა უფრო მარტივად და იაფად განხორციელებად პროექტზე — ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე.
ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ ქართული ოცნების მთავრობაზე. პანდორას ფურცლებმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს", — აცხადებს კონსორციუმი.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პასუხი
ანაკლიის კონსორციუმის განცხადებას ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) განცხადება მოჰყვა. ორაბზაციან განცხადებაში პირველი წინადადება ის არის, რომ "ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა
ჩააგდო", მეორეში კი კონსორციუმს, "მარცხზე" მითითებით, პასუხისმგებლობის სხვაზე "აკიდებასა" და "საარბიტრაჟო სასამართლოზე ბიუჯეტისთვის მილიონობით დოლარის მოთხოვნისთვის" არგუმენტის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. უკვე ამის შემდეგ, თიზ-ი ბიძინა ივანიშვილის წილებთან დაკავშირებით კონსორციუმის განცხადებას ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს. მათი მტკიცებით, ივანიშვილი მეწილეებს შორის არ არის.
"ეს რომ ასეა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ შპს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა — 10%, არაბული კომპანია რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო (სახელმწიფო ორგანო) — 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %", — ვკითხულობთ ფოთი თიზ-ის განცხადებაში.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ავრცელებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერებსაც, რომელშიც წერია ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ — თიზ-ს ოფიციალურად ნამდვილად ფლობენ მთავრობა, არაბული კომპანია და ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი, თუმცა მთავარია, ვინ დგას ამ კომპანიების უკან.
ანაკლიის პროექტის შეჩერების პარალელურად ფოთის პორტი ვითარდება
2020 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ — APM ტერმინალსმა ახალი ნავმისადგომის შენება დაიწყო.
პროექტს კომპანია Pace Group ახორციელებს და მისი ღირებულება 93 მილიონი დოლარია. როგორც კომპანიის საიტზეა მითითებული, ახალი ულტრათანამედროვე ტერმინალი 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე იქნება განთავსებული, რომლის ფსკერიც 12 მეტრამდე გაღრმავდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამის შედეგად პორტი 253 მეტრამდე სიგრძის და 50 000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს, რაც პორტის ტვირთბრუნვას 2,5 მილიონი ტონით, 6 მილიონ ტონამდე გაზრდის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოიკვლია Pace Group-თან დაკავშირებული ადამიანებისა და მმართველი პარტიის კავშირები. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, Pace Group-ში შემავალი კომპანიაა შპს პეის ჯორჯია, რომლის მფლობელებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორებმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ, ირაკლი თათეიშვილმა, თამაზ კაპანაძემ, აპოლონ ბჟალავამ და დავით ნადირაშვილმა 2017-2018 წლებში ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს — სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ და ირაკლი თათეიშვილმა ქართულ ოცნებას 200 ათასი ლარი შესწირეს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პირდაპირ ამბობენ, რომ ფოთის პორტის ექსპანსიასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა აკნინებს უფრო მსხვილი და უფრო სტრატეგიული ანაკლიის პორტის ბიზნეს პროექტს.
"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!" — ანუ ანაკლიის პორტის შეჩერების ქრონოლოგია
ანაკლიის პორტის აშენების ტენდერი 2016 წელს გაიმართა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იყო. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.
როგორც ჩანს, კონსორციუმს პორტის აშენებასთან დაკავშირებით პრობლემები უკვე 2017 წლისთვის შეექმნა. "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში", — მამუკა ხაზარაძის თქმით, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მას 2017 წელს გამართულ შეხვედრაზე.
ხაზარაძე ივანიშვილთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, მას უთხრა, რომ მისი აზრით, ანაკლია იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. როგორც ხაზარაძემ თქვა, ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან მოხსნეს გიორგი კვირიკაშვილი და თიბისი ბანკის საქმეზე გამოძიება დაიწყო. კვირიკაშვილის გადადგომას წინ ქართული ოცნების დახურული სხდომა უსწრებდა, სადაც, კონსორციუმის ინფორმაციით, განხილვის მთავარი საკითხი ანაკლიის თემა იყო.
2019 წლის დასაწყისში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოიპოვა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება — 600 მილიონი დოლარი, საიდანაც 400 მილიონი დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დადასტურებული სესხი იყო. ამის პარალელურად მიმდინარეობდა თიბისი ბანკის წინააღმდეგ აღძრული საქმე — მაშინ მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ეს თანხების მოძიებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარების პროცესს აზიანებდა.
2019 წლის ივნისის თვეში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პოპეოს შეხვდა. პომპეომ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.
2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველი საბჭო დატოვეს და პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადი გააკეთეს. მალევე ანაკლიის პროექტიდან ამერიკული კომპანია, კონტი ჯგუფი გავიდა.
2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.
რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტზე
2013 წელს, თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი შეიძლება ყველაზე დიდი პროექტი გამხდარიყო საქართველოში. მაშინ აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ თანაინვესტირების ფონდს გლობალური პროექტების თანადაფინანსებაში უნდა მიეღო მონაწილეობა — ერთ-ერთ ასეთ პროექტად კი ანაკლიის პორტი სახელდებოდა.
2019 წლის აპრილში, იმედთან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პორტისთვის მამუკა ხაზარაძეს 70 მილიონს აძლევდა. სავარაუდოდ, მას ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ანაკლიის კონსორციუმს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ხაზარაძის TBC ჰოლდინგი იყო, პორტის აშენების პროცესში მხარს უჭერდა. ივანიშვილის ამ განცხადებამდე 1 წლით ადრე თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიება დაიწყო — ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფაქტი, რამაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.
2019 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ პორტი უნდა აშენდეს. მისი თქმით, იმ დროისთვის სახელმწიფოს როლი პორტის მშენებლობაში პოზიტიური იყო და მთავრობა პროექტის განხორციელების პროცესს ყველანაირად ეხმარებოდა. თუმცა ივანიშვილი იმასაც ამბობდა, რომ ეს პროექტი ბიზნესისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან მისი გათვლებით, მოგების მიღებას 30, 40 ან მეტი წელი დასჭირდებოდა.
ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში არ აქვს ინტერესები და მას ბიზნესისთვის ნაკლებად მიმზიდველ პროექტსაც უწოდებს. მეორე მხრივ, საუბრობს მის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ინვესტორს, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტის განხორციელება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები საჯარო განცხადებებში ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს უსვამენ, პროექტი დღემდე შეჩერებულია. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების პარალელურად კი ვხედავთ ფოთის პორტის კიდევ უფრო განვითარების პროცესსა და თიზ-თან ივანიშვილის შესაძლო კავშირებს. თუ აქამდე დარგის სხვადასხვა ექსპერტი ამას რუსულ ინტერესებს უკავშირებდა, ბოლო დროს ჩნდება კიდევ ერთი ეჭვი — ხომ არ შეეწირა ანაკლიის პორტის პროექტი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს.
გაიგე მეტი:
კომენტარები