კულტურის, სპორტისა და ახალგაზროდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ამომრჩეველს უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს "მილიციელების და კაციჭამიების" ხელში.

"მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების და კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი, ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქუთაისში, დათვლილია ხმების 99,19%, დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი. ამ მონაცემებით მეორე ტურში გადადის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე (43,35%) და ქართული ოცნების კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი (41,49%).

მეორე ტური გაიმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.