პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სიმართლის კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. დოლიძე ამით გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს კომისია მოსმენების სისტემის გამოძიებას დაიწყებს და ყველა მსგავს უფლებადარღვევას გაასაჯაროებს.

"დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომ დაადასტუროს მზაობა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შექმნას, ერთად შევქმნათ სიმართლის კომისია. ეს არის მსოფლიოში გამოცდილი და აპრობირებული მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მსგავსი ტიპის ფართომასშტაბიანი უფლებების დარღვევები გამოდის საჯაროდ, ხდება მთლიანად მოსმენების სისტემის გამოძიება, იმისთვის, რომ მოგვიანებით ის აღარ განმეორდეს", — აცხადებს დოლიძე.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებსა და ლიდერებს და ამ ადამიანებთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, ჩამონათვალში შეხვდებით კონკრეტული სასულიერო პირების მძღოლებს, საპატრიარქოს დაცვას, სტიქაროსნებს, თეოლოგებსა და სამების დამლაგებელსაც კი. ფაილებს შორის არის ინფორმაცია საპატრიარქოში რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას.

14 სექტემბერს საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყ, 18 სექტემბერს კი დამატებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ გამოძიება ფარული მასალების შემდგენსა და მომპოვებლებსაც ეძებს. მათივე განცხადებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვისა და გამოთხოვის მიზნით მიმართეს.

გაიგეთ მეტი: